საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.10.2000
საქმის ნომერი
2კ-17დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.10.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 17 დად 12 ოქტომბერი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები: მ. გოგელია, თ. ყრუაშვილი

განიხილა საკასაციო საჩივარი თბილისის კრწანისი - მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის დადგენილებაზე. პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ.მ-ძე ქართველი, უმაღლესი განათლებით, უცოლშვილო, 1993-97 წლებში საქართველოს მისიის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს საელჩოში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის უმაღლესი სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ „გაუფრთხილებელი მენსლოთერი დამამძიმებელი ხელყოფისათვის“ და კოლუმბიის ოლქის კოდექსით სრულწლოვანთათვის მიესაჯა 7-21 წელი. საპყრობილეში გატარებული ვადა შეადგენს 72 დღეს - 1997 წლის 8 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე, სასჯელის მაქსიმუმის მოხდის ვადა დამთავრდება 2018 წლის 7 ოქტომბერს. შესაძლო პირობით ვადამდე გათავისუფლების თარიღია 2004 წლის 7 ოქტომბერი.

გ.მ-ძე დამნაშავედ იქნა ცნობილი შემდეგი ქმედებისათვის: 1997 წლის 3 იანვრის საღამოს, 23 და 24 საათებს შორის, გ. მ-ძე მართავდა 1997 წელს გამოშვებულ „ფორდ ტაურუსს“ კოლუმბიის ოლქში, კონეკტიკუტის ავენიუზე, ჩრდილო- დასავლეთის მიმართულებით. დაახლოებით 23 საათსა და 40 წუთზე მან მანქანა უკანიდან დააჯახა 'ნისან ალტიმას“ მარკის მანქანას, რომელიც დარტყმის ძალის შედეგად ჰაერში ავარდა და დაეშვა 1982 წლის გამოშვების ფოლკსვაგენზე. „ფოლკსვაგენის“ მგზავრმა 16 წლის ჯ. უ-იკმა მიიღო თავის და სხეულის მძიმე ტრავმა, რაც მისი სიკვდილით დასრულდა. დაიმტვრა კიდევ ორი მანქანა. ავარიაში მოყოლილი დანარჩენი მანქანების მძღოლებმა და მგზავრებმაც მიიღეს სერიოზული დაზიანებები.

2000 წლის 30 მაისს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გ. მ-ძის მიმართ ზემოხსენებული განაჩენით მისჯილი სასჯელის საქართველოში აღსრულების საკითხი თავისუფლების აღკვეთა შეუმცირა 10 წლამდე და სასჯელის მოხდა დაუნიშნა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

სასამართლომ თავისი დასკვნა იმით დაასაბუთა, რომ იმ ქმედებას, რისთვისაც გ. მ-ძეა დასჯილი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 241-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ე. ი. მას განესაზღვრა ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი.

ამჟამად წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს შეტანილ იქნეს ცვლილება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში იმ მიმართებით, რომ გ. მ-ძეს მისჯილი სასჯელი შეუმცირდეს.

აღნიშნულის დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს იმას, რომ კოლუმბიის ოლქის უმაღლესმა სასამართლომ გ. მ-ძეს მიუსაჯა არა მაქსიმალური, არამედ შუალედური სასჯელი. ეს არ გაითვალისწინა რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც სანქციის მაქსიმუმი შეუფარდა მას. ასევე, არ იქნა მხედველობაში მიღებული მისი პიროვნული მახასიათებლები.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოუსმინა კასატორს, მოისმინა პროკურორის პოზიცია, რომელმაც საჩივრის მოთხოვნას მხარი დაუჭირა და იშუამდგომლა გ. მ-ძის მიმართ ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლისა და სასჯელის 7 წლამდე შემცირების შესახებ, შეამოწმა დადგენილების კანონიერება და თვლის, რომ მასში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, შეესაბამება გ. მ-ძის მიერ ჩადენილ ქმედებას და ადრე მოქმედი სსკ-ის 241-ე მუხლის მესამე ნაწილს, მაგრამ სასჯელის სახით ითვალისწინებს 9 (ცხრა) წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს აქვს უკუძალა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათა დამთხვევის გამო, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით არსებობს იმის საკმაო საფუძველი, რომ გ. მ-ძეს მისჯილი სასჯელი შეუმცირდეს 7 წლამდე. გამომდინარე ზემოთქმულიდან, პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის დადგენილებაში შეტანილ იქნას ცვლილება: გ. მ-ძეს განსაზღვრული სასჯელი - 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 7 (შვიდ) წლამდე. სასჯელის მოხდა დაეწყოს 1997 წლის 8 ოქტომბრიდან. სასჯელის დამთავრების ვადა - 2004 წლის 8 ოქტომბერი.

სასჯელი მოიხადოს საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.