საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 29.09.2000
საქმის ნომერი
2კ-35-I-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.09.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 351 29 სექტემბერი, 2000 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: გ. ბორჩხაძე, ნ. გვენეტაძე

განიხილა დაზარალებულების ნ. ს-ძის, ნ. ს-ძის და ლ. ხ-შვილის საკასაციო საჩივარი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინებაზე.

პალატამ მოისმინა რა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინებით საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 9 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ. ჩ-იანის მიმართ სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე პუნქტების, ბრალდების ნაწილში გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურას.

საგარეჯოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ბ. ჩ-იანი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქციით) 243-ე მუხლის II ნაწილით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ 96-ე მუხლის II ნაწილის I-II-V-VI პუნქტებით - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ 40-ე მუხლის შესაბამისად ბ. ჩ-იანს საბოლოოდ განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ბ. ჩ-იანს დაზარალებულ ნ. ს-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 8292 ლარის გადახდა. განაჩენით ბ. ჩ-იანს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1993 წლის მარტში არასრულწლოვანი ბ. ჩ-იანი სისტემატურად იმყოფეოდა საგარეჯოს რაიონის სოფ. ..., ნათესავის - ნ. ფ-იანის ოჯახში. იმავე წლის 26 მარტს იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა სოფ. ... მცხოვრებ დ. ნ-ყანს და გამოძიებით დაუდგენელ რამოდენიმე პირს. მათ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს სოფ. ... მცხოვრებ ნ. ე-შვილის კუთვნილი ვაზ-2106 მარკის ავტომანქანის ფარული გატაცება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დაახლოებით ღამის 0130 საათზე, ისინი მივიდნენ ნ. ე-შვილის საცხოვრებელ ბინასთან, წინასწარ სპეციალურად მომარჯვებული საგნის საშუალებით ჩამოხსნეს ეზოს ალაყაფის კარები, შეაღწიეს ეზოში და ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით გახსნეს ავტომანქანა, მოიყვანეს ძრავი მოქმედებაში და გაიტაცეს იგი. გატაცებულ ავტომანქანას შემდგომში გაუკეთეს რეალიზაცია და მიღებული თანხის ნაწილი 150,200 რუსული რუბლი წილად ხვდა ბ. ჩ-იანს.

1995 წლის ივნისში ბ. ჩ-იანი დროებით ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის სოფ. ... ნათესავის ოჯახში. იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ვ. ჩ-ლანს და გამოძიებით დაუდგენელ 4-5 პირს და 24-25 ივნისს, ღამით, დაახლოებით 24.00 საათზე ორი ერთეული ავტომატით, ხელყუმბარებით და ცივი იარაღით შეიარაღებულნი ყაჩაღურად თავს დაესხნენ სოფ. ... მცხოვრებ ნ. ს-ძის ოჯახს, რა დროსაც ოჯახში იმყოფებოდნენ ცოლ-ქმარი და ორი არასრულწლოვანი ბავშვი. თავდამსხმელებმა გამოიყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა კერძოდ, გაცხელებული უთოს სხეულზე მიდებით ნ. ს-ძეს და მის მეუღლეს ლ. ხ-შვილს სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს დამწვრობები, ხელებით, ფეხებით და ავტომატური იარაღის კონდახით დაუწყეს ცემა და დიდი ოდენობით ქონების მოთხოვნით გააგრძელეს მათი წამება. აღნიშნულის გამო ნ. ს-ძემ და ლ. ხ-შვილმა მიიღეს მძიმე ხარისხის დაზიანება. ამასთან, ბოროტმოქმედები დაემუქრნენ ბავშვებს მშობლების დახოცვით, თუ ვერ მიიღებდნენ ფულს. ამ გზით ბ. ჩ-იანმა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გაიტაცა 4300 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა ვაზ 2106 და ოჯახის წევრების სხვადასხვა პირადი ნივთები, ოქროს ნაკეთობები, რის შედეგად ოჯახმა განიცადა 8298 ლარის მატერიალური ზარალი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 იანვრის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილებები საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 9 აგვისტოს განაჩენში და ბ. ჩ-იანის მიმართ განაჩენი გაუქმდა სსკ 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-II-V-VI პუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და ამ ბრალდებაში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საგარეჯოს რაიონის პროკურატურას ასევე გაუქმდა განაჩენი ბ. ჩ-იანზე დაკისრებულ 8292 ლარის გადახდის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი გაუქმდა ბ. ჩ-იანის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

აცილების წესით საკითხის გადაწყვეტით უზენაესი სასამართლოდან ბ. ჩ-იანის საქმე განსახილველად გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატას, რომელმაც საქმე სსკ 96-ე მუხლის II ნაწილის I, II, V - VI პუნქტებით ბრალკკდების ნაწილში დააბრუნა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

საკასაციო საჩივრით დაზარალებულები ნ., ნ. ს-ძეები და ლ. ხ-შვილი ითხოვენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმებას ბ. ჩ-იანის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო საჩივრების მოტივებად მითითებულია საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება. საქმეში იმ მტკიცებულების არსებობა, სადაც მსჯავრ-დებულის მამხილებელი ჩვენებები მიღებულია როგორც მისი ნათესავების, ისე დაზარალებულების მხრიდან, რითაც დასტურდება ბ. ჩ-იანის მონაწილეობის ფაქტი ს-ძეების ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში; ნ. ს-ძისა და ლ.ხ-შვილის მიერ ბ. ჩ-იანის ამოცნობის ფაქტი და სხვა გარემოებები.

ბ.ჩ-იანის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. რ-ი ეთანხმება მსჯავრდებულის მიმართ სსკ-ის 96-ე მუხლის II ნაწილის I-II; V-VI პუნქტებით ბრალდების ნაწილში განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ბ. ჩ-იანის მონაწილეობა საბაძის ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში.

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატამ საქმის მასალების გაანალიზებით დაადგინა, რომ სასამართლომ საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა არასრული, ცალმხრივი წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა, რისი შევსებაც შეუძლებლად ჩათვალა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას. სასამართლო დასკვნების საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან შეუსაბამობა და საპროცესო კანონის არსებით დარღვევები განაპირობებენ როგორც გამამართლებელი, ისე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შეუძლებლობას. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო ასაბუთებს შემდეგ გარემოებათა მოშველიებით: დაზარალებულ ლ. ხ-შვილის ჩვენებები როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის დროს ბ. ჩ-იანის ამოცნობის საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუკონკრეტებელია.

ასევე წინააღმდეგობრივია დაზარალებულ ნ. ს-ძის ჩვენება, რომელმაც სიარულისა და ქცევის მანერით ამოიცნო ბ. ჩ-იანი თავდამსხმელთა შორის და ამის შესახებ უთხრა კიდეც პოლიციის თანამშრომელს, თუმცა შემდგომ გამომ-ძიებელს არ უამბო იმ მიზეზით, რომ მას აღნიშნულზე კითხვა არ დაუსვამს. ამასთან, მან უარი განაცხადა ბ. ჩ-იანის ამოცნობაში მონაწილეობაზე.

არასრულწლოვანი მოწმე ბ. თ-იანისაგან, რომელიც გაფრთხილებული იქნა პასუხისმგებლობის შესახებ, ჩვენება მიღებულია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. ამასთან, ემთხვევა საქმეში ბ. თ-იანის დაკითხვის დრო (1995 წლის 28 ივნისი 1415-1515 სთ) ემთხვევა გ. თ-იანის ბინის ჩხრეკის დროს (1995 წლის 1445- 1550 სთ).

რ. რ-იანის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენება, სადაც ის ბ. ჩ-იანსაც იხსენიებს ყაჩაღური თავდასხმის მონაწილედ, მიღებულია ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, რის გამოც საქმე მის მიმართ დამატებით გამოძიებაში დაბრუნდა და ამდენად, მისი აღიარება ბ. ჩ- იანის მამხილებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

1999 წლის 10 თებერვალს ბ. ჩ-იანის ამოცნობა ჩატარებულია იმ დროს მოქმედი სსსკ-ის 162-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით და ადვოკატის მონაწილეობის გარეშე. თვით მსჯავრდებულის და მოწმეების ქ. და დ. ფ-იანების ჩვენებებით დგინდება, რომ დაზარალებულ ლ. ხ-შვილს წინასწარ ჰქონდა შექმნილი აზრი, რომ მხოლოდ ბ. ჩ-იანს შეეძლო მისი ოჯახისათვის ვნების მიყენება.

არ შემოწმებულა მსჯავრდებულის ალიბი, რომ ის შემთხვევის დროს სახლში იყო და ეძინა, რასაც მას თავის ახლობლებიც უდასტურებენ. დაზარალებულად არ არის ცნობილი ს-ძის 7 წლის შვილი. დასადგენია კ. ჩ-იანის დაკავებისა და ცემა-წამების ფაქტი. მოწმე ე. გ-ძე დაწვრილებით უნდა დაიკითხოს გამოძიების მიერ, ვინაიდან მისი დაკითხვა სასამართლო პროცესზე ვერ მოხერხდა. ინასწარი გამოძიების მიერ დაშვებულია უხეში დარღვევები საქმის გამოყოფა- გაერთიანებებთან დაკავშირებით.

პალატამ იმსჯელა ზემოაღნიშნულ მოტივებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან, საქმეში არსებობს არასამართლებრივი ხასიათის წინააღმდეგობები, ტექნიკური უზუსტობები და ზოგ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევები, რომლებიც შეიძლება აღმოიფხვრას სასამართლო განხილვის სტადიაზე და საპროცესო კანონის დადგენილი წესით, გაკეთდეს შესაბამისი რეაგირება, მიზანშეუწონელია საქმის დაბრუნება დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. აღნიშნული ნათელი გახდება ზემოაღნიშნული მოტივთა კონკრეტული განხილვის შედეგად:

დაზარალებულ კ. ხ-შვილის მიერ როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემულ არაერთგზის ჩვენებებში დეტალურად არის გადმოცემული მის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი და მითითებულია იმ მომენტებზე (მიხვრა-მოხვრა, გამოხედვა, საუბარი) რამაც განაპირობა ბ. ჩ-იანის ამოცნობა. შემთხვევიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, ბუნებრივია, მოხდებოდა კორექტივების შეტანა დაზარალებულის შემდგომ ჩვენებებში, თუმცა მისი დამაჯერებელი მითითება ბ. ჩ-იანის ამოცნობის ფაქტზე არც ერთ ჩვენებებში არ შეცვლილა. ასევე, დამაჯერებლად მიუთითებს დაზარალებული ნ. ს-ძე თავდამხსმელთა შორის ბ. ჩ-იანის ამოცნობის თაობაზე წინასწარ გამოძიებაში და შემდგომი მოვლენები - მისი უარი ბ. ჩ-იანის ამოცნობაში მონაწილეობაზე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ უშლის ხელს მის მიერ მიცემული ჩ. დამოუკიდებლად შეფასებას. დაზარალებულ ნ. ს-ძის ე. წ. "ტაქტიკა“ თავდამსხმელთა შორის ბ. ჩ-იანის ამოცნობის საკითხზე სავსებით ბუნებრივია და გაუგაბრია, რა შეხება აქვს დანარჩენ დაზარალებულთა მიერ თავდამსხმელის ამოცნობის ფაქტთან, რომელსაც ეს უკანასკნელიც ადასტურებს. რაც შეეხება მითითებას არასრულწლოვან ბ. თ-იანის დაკითხვისას საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე, იგი არასწორია, ვინაიდან, 14-18 წლამდე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვისას წარმომადგენლის დასწრების საკითხი წყდებოდა გამომძიებლის შეხედულებით, ხოლო თ-იანების ბინის ჩხრეკის და არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის დროს, გარკვეული მონაკვეთების დამთხვევა რასაკვირველია ხარვეზია, მაგრამ ის არ არის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი. ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელი იყო სასამართლო პროცესზე გამომძიებლისა და ჩხრეკაში მონაწილე პირების დაკითვით.

საგარეჯოს რაიონის სასამართლოს მიერ რ. რ-იანის აღიარებითი ჩვენებების (ბ. ჩ-იანის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტზე) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საკითხი სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს სსსკ-ის 475-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად "მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით“.

დაზარალებულ ლ. ხ-შვილის მიერ ბ. ჩ-იანის ამოცნობა საპროცესო კანონის დარღვევით, ასევე მის მიერ მეზობელ ე. გ-ძისათვის წინასწარ გამოთქმული პოზიცია ბ. ჩ-იანის მიმართ და ამ უკანასკნელისაგან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დამატებითი ინფორმაციის მიუღებლობა, საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძვლად ვერ გამოდგება. ისევე როგორც ს-ძეების მცირეწლოვანი ოჯახის წევრის, 7 წლის ბ. ს-ძის დაზარალებულად ცნობის საკითხის გადაუწყვეტობა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მცირეწლოვან ბ-ს თავისი დის, ნ. ს-ძის ჩვენებით, ცალკე ოთახში ეძინა, დაზარალებულად ცნობის საკითხი ვერ იქნება საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც ხელს უშლის საქმის განხილვას სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ განჩინებაში მოტანილი არგუმენტები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაზიარებული ვერ იქნება, რამდენადაც წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზები შეიძლება შეივსოს სასამართლო სხდომაზე. პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 547-ე, 561-ე, 568-ე, 570-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 ივლისის განჩინება ბ. ჩ-იანის მიმართ გაუქმდეს და საქმე 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის II ნაწილის პირველი მე-2, მე-5, მე-6 პუნქტებით ბრალდების ნაწილში ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.