საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 12.10.2000
საქმის ნომერი
2კ-46დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.10.2000

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 46დად 12 ოქტომბერი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე

მოსამართლეები: მ. გოგელია, რ. შველიძე

განიხილა ხელვაჩაურის რაიონის პროკურორის საკკსაციო საჩივარი ამავე რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 25 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული ზ. მ-ძე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნ. ბოლქვაძემ განიხილა ქ. ბათუმის ¹ 3 საპყრობილის დირექტორ თ. რ-ის წარდგინება მსჯავრდებულ ზ. მ-ძის ვადაზე პირობით გათავისუფლების შესახებ და გამოარკვია, რომ მსჯავრდებული ზ. მ-ძე. ქ. ბათუმის სასამართლოს განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II და IV ნაწილებით და სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 ივლისის განჩინებით ზ. მ-ძის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს ახალი სსკ-ის 236-ის 236-ე მუხლის პირველ და მეორე ნაილებზე და საბოლოოდ სასჯელის ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის ნახევარი, იზოლატორში ყოფნის დღიდან რაიმე დარღვევაში არ ყოფილა შემჩნეული, ხასიათდება დადებითად და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გაათავისუფლა. საჩივრით პროკურორი მოითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული უკანონო დადგენილების გაუქმებას ზ. მ-ძის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის განაჩენით ზ. მ-ძეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, მაგრამ ამავე განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი მკვლელობის ნაწილში და საქმე დაუბრუნდა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით ზემოაღნიშნულ ნაწილში (მკვლელობის ეპიზოდში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით) განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2000 წლის 20 ივნისის წერილით აცნობა ქ. ბათუმის ¹ 3 საპყრობილეს ადმინისტრაციას, რომ პატიმარი გადარიცხული იყო პროკურატურის სახელზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლისათვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებანი (საკითხის გადაწყვეტის დროს წარდგენილი იყო უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლიც), მოსამართლემ მაინც დააკმაყოფილა წარდგინება და ზ. მ-ძე გაათავისუფლა.

პალატის სხდომაზე მონაწილე პროკურორმა ე. ღ-მა მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას. ზ. მ-ძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. ა-მა პალატის წინაშე განაცხადა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს შეეძლო მსჯავრდებულის გათავისუფლება.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლსო მოსამართლის 2000 წლის 25 აგვისტოს დადგენილება ზ. მ-ძის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. მ-ძე ქ. ბათუმის ¹ 3 საპყრობილის სამეურნეო მომსახურეობაში გადაყვანილი იქნა 2000 წლის 1 აპრილს, ოთხი თვის შემდეგ - აგვისტოს თვეში მასზე გაიცა დადებითი დახასიათება, სადაც აღინიშნა, რომ „დანიშნული სასჯელის ნახევარი მოიხადა, სამუშაოს ასრულებს კეთილსინდისიერად და ჩადენილი დანაშაული შეგნებული აქვს“.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა თვლის, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას მთავარია არა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნახევარი, ე. ი. რომელსაც კანონი მოითხოვს, არამედ მისი სანიმუშო ყოფაქცევა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულება, რაც უნდა მოწმობდეს მის გამოსწორებას და საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენა პირობით ვადამდე გათავისუფლება და მხედველობაში მიიღო მხოლოდ ის ფორმალური მონაცემი, რომ მან სასჯელის ნახევარი მოიხადა და შინაგანაწესი არ დაურღვია, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ მოწმობს იმას, რომ მსჯავრდებული საკმარისად გამოსწორდა და საჭირო აღარ არის მისთვის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

საკასაციო პალატა იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლსო სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 5 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა აჭარის ავტონომიური რესპბულიკის სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 18 აპრილის განჩინება ზ. მ-ძის მიმართ (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ- ის 105-ე მუხლით) საქმის დამატებითი გამოძიებაში დაბრუნების შესახებ. ასეთ პირობებში, მოსამართლე ვალდებული იყო ყოველმხრივ და გულდასმით შეეფასებინა არსებული მდგომარეობა.

ამრიგად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ასკვნისბ რომ ზ. მ-ძის მიმართ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ საქმეთა ფორმალურად და ზერელედ განიხილა, რის გამოც, არასწორად გაათავისუფლა მსჯავრდებული. ანგარიში არ გაუწია არც იმ გარემოებას, რომ ზ. მ-ძეს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა - ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რომლის გამოც მიდინარეობს გამოძიება.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 72-ებ სსსკ- ის 561-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 25 აგვისტოს დადგენილება მსჯავრდებულ ზ. მ-ძის სასჯელის მოხდისაგან დადგენილება ვადამდე გათავისუფლების შესახებ გაუქმდეს.

პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდეს.