განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 12.09.2000
საქმის ნომერი
2კ-67კოლ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.09.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 67კოლ 12 სექტემბერი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: მ. ტურავა

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე, თ. ყრუაშვილი

განიხილა დაზარალებულის ინტერესების დამცველის, ადოკატ ვ. მ-ის, სახელმწიფო ბრალმდებელ მ. კ-ის საკასაციო საჩივრები და მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. წ-ას შესაგებელი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

პალატამ მოისმინა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ივნისის განაჩენით: რ.ბ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სასამართლომ იმავე განაჩენით რ. ბ-ია გაამართლა სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ. ს-ავა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით სასჯელის საერთო რეჟიმის სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. ჯ. ს-ავა განაჩენს არ ასაჩივრებს.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით რ. ბ-იასა და შ. ს-ავას ბრალი ედებოდათ იმაში, რომ ჩაიდინეს ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით, ხოლო ბ-იამ, გარდა ამისა, ჩაიდინა არასრულწლოვანის გაუპატიურება, ანუ სქესობრივი კავშირის დაჭერა დაზარალებულის მიმართ ძალადობისა და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. კერძოდ: რ.ბ-იას მოსწონდა მისსავე სოფელში მცხოვრები 1982 წლის 8 ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი - დ. კ-შვილი, სურდა ცოლად შეერთო იგი და გადაწყვიტა ქორწინების მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოეტაცებინა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ეს უკანასკნელი ცოლობაზე უარს ეტყოდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დაუკავშირდა ნაცნობებს: ი. წ- იასა და ჯ. ს-ავას, რომლებმაც მას მოტაცების განხორციელებაში დახმარება აღუთქვეს.

1999 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 09 საათზე, წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით, ჯ. ს-ავა, მისივე კუთვნილი ვაზ 2106 მარკის ავტომანქანით, რ. ბ-ია და ი. წ-ია დახვდნენ თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკოლაში მიმავალ დ. კ-შვილს, რომელიც ფიზიკური ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს. თანამზრახველბმა დაზარალებული იმავე დღეს მიიყვანეს რ. ბ-იას ბიძაშვილის ლ. ბ-ძის ოჯახში.

დ. კ-შვილის წინააღმდეგობიდან გამომდინარე, რ. ბ-ია ხვდებოდა, რომ დ. კ-შვილს ნებით ვერ დაითანხმებდა ცოლობაზე და იმავე ღამით დაახლოებით 01 საათზე, ოთახში განმარტოვდა არასრულწლოვან დ. კ-შვილთან, თავში ხელის ჩარტყმით შეგნებულად ჩააყენა იგი უმწეო მდგომარეობაში და გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ გონს მოსული დ. კ-შვილი შესაძლებლობის ფარგლებში წინააღმდეგობას უწევდა რ. ბ-იას, ამ უკანასკნელმა ფიზიკური ძალის გამოყენებით მეორეჯერ დაიჭირა სქესობრივი კავშირი დაზარალებულთან. სასამართლო კოლეგიამ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და საქმის მოსმენის საფუძველზე დადასტურებულად ცნო შემდეგი: განსასჯელებმა რ. ბ-იამ და ჯ. ს-ავამ ჩაიდინეს ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ განსასჯელ რ. ბ-იას მოსწონდა არასრულწლოვანი დაზარალებული დ. კ- შვილი და გადაწყვიტა ცოლად შეერთო იგი. დარწმუნებულმა იმაში, რომ ეს უკანასკნელი უარს ეტყოდა ცოლად გაყოლაზე, გადაწყვიტა მოეტაცებინა მისი ნების საწინააღმდეგოდ. განზრახვა გაანდო ჯ. ს-ავას და სხვა პირს, რომლებმაც დახმარება აღუთქვეს. 1999 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 09 საათზე, ისინი დახვდნენ სკოლისაკენ მიმავალ დ. კ-შვილს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ჩასვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს იგი.

სასამართლო კოლეგიამ რ. ბ-ია გაამართლა სსკ 117-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ვინაიდან ჩათვალა, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით საქმეზე არ დგინდებოდა დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. თავში ხელის ჩარტყმით დაზარალებულის გათიშვის ფაქტი ვერ დადგინდებოდა მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობრივი ჩვენებების საფუძველზე, ექსპერტის შესაბამისი დასკვნის, ან სხვა რომელიმე მტკიცებულების გარეშე. სასამართლო კოლეგიამ ამ ნაწილში სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობის ირგვლივ წარმოშობილი ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

საკასაციო საჩივრებით დაზარალებულია ა. კ-შვილის დამცველი და სახელმწიფო ბრალმდებელი მ. კ-ე მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 7 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სასამართლომ რ. ბ-ია უსაფუძვლოდ გაამართლა გაუპატიურების ბრალდებაში; საქმეში არსებობს საკასაციო მამხილებელი მტკიცებულებანი, რომლებიც დაზარალებულის უმწეო მდგომარეობისა და მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობით, სქესობრივი კავშირის დაჭერის ფაქტს ამტკიცებს, კერძოდ, დაზარალებული კ-შვილის მიერ საქმის წინასწარ გამოძიებაში და სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებები, რომლებსაც იგი არაერთხელ ადასტურებს რ. ბ-იას ნათესავებთან მისი დაპირისპირების დროს, თვით ბრალდებულის ნათესავების ჩვენებებიდან გამომდინარე ფაქტები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობენ დაზარალებულის უმწეო მდგომარეობას და მასზე ნების საწინააღმდეგო ზემოქმედებას. გარდა ამისა, დაზარალებულის დამცველი ამტკიცებს, რომ სასამართლომ რ. ბ-იას შეურჩია მეტისმეტად ლმობიერი აღკვეთის ღონისძიება - შინაპატიმრობა, რის გამოც ამ უკანასკნელმა მოახერხა ყველა მოწმეზე გავლენის მოხდენა და მათთან შეთანხმება ასევე, სასამართლომ განუხილველი დატოვა მისი სამოქალაქო სარჩელი მიუხედავად იმისა, რომ მისი განხილვის ყველა იურიდიული საფუძველი არსებობდა, სასამართლომ კონფისკაცია არ გაუკეთა ჯ. ს-ავას ავტომანქანას (რომლითაც მოიტაცეს დაზარალებული დ. კ-შვილი), როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღს.

წარმოდგენილი შესაგებლით მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. წოწორია მოითხოვს საკასაციო საჩივრებისთვის უარის თქმას და განაჩენის ძალაში დატოვებას მისი კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამო.

პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და განაჩენი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ საქმის მასალე ბის გაანალიზებით დაადგინა, რომ: მოპოვებული მტკიცებულებებით დაზარალებული დ. კ-შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენების ფაქტი დადასტურებული ვერ იქნა, რამდენადაც მოწმეების - ლ. ბ-ძის, ო. ბ-ძის, ა. ბ-ძის, ჯ. ჩ-ძის, ჟ. ბ-ძის და შ. ბ-ძის ჩვენებებით უარყოფილია დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის წინააღმდეგობა ან მუქარა. სასამართლომ გაიზიარა აღნიშნულ მოწმეთა კატეგორიული უარყოფა ფიზიკური ძალადობის გამოყენების ფაქტზე და ასევე, კატეგორიულად უარყო არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებები, მოტაცების შემდეგ ო. ბ-ძისა და ჯ. ჩ-ძის ოჯახში განვითარებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად და შესაფასებლად.

ასევე უარყო სასამართლომ დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურების ფაქტი და არ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ბ-იას მიერ ხელის თავში ჩარტყმის შედეგად დაკარგა გონება.

სასამართლო კოლეგიამ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი დ. კ-შვილი შეიძლებოდა უმწეო მდგომრეობაში აღმოჩენილიყო გონების დაკარგვის გარეშეც. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი გაანალიზებით სასამართლოს უნდა ემსჯელა არასრულწლოვანი დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქიკური უმწეობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა მისი სისუსტე, დაღლილობა, შიმშილი, ასევე, მის გარშემო შექმნილი მდგომარეობა - მისთვის სრულიად უცხო ოჯახები და უცხო პირთა გარემოცვა, მათი "ზრუნვა“ მოტაცებული გოგონასადმი. დაზარალებულის ემოციური დატვირთვა მასთან მიმართებით განხორციელებულ მოულოდნელობებთან დაკავშირებით (ე. წ. ტყეში გასეირნება, ბ-ძეების ოჯახიდან შეღამებისას ნ. ჩ-ძის სისხლში მოტყუებით გადაყვანა).

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებანი მიუთითებენ არასრულწლოვანი გოგონას უიმედო მდგომარეობაზე და, ყოველივეს გათვალისწინებით, დაზარალებულის უმწეობის დასადასტურებლად რ. ბ-იასათვის ყოველგვარი შესაძლო წინააღმდეგობის (კივილის, რომელსაც ნ. ჩ-ძის მეზობლებიც კი გაიგონებდნენ, დაკაწვრის და ა. შ.) დადგენა სასამართლოსთვის არაარსებითი ხდება. მით უფრო, რომ ისედაც გაჭიანურებული სასამართლო პროცესის მსვლელობისას, განსასჯელის დამცველის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებით სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა დაზარალებულისათვის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა დ. კ-შვილზე ფსიქოფიზიკური ზემოქმედების საკითხის გადასაწყვეტად. თუმცა, შემდგომ აღნიშნული დასკვნა შეფასების გარეშე მოიხსენა განაჩენში და ფაქტობრივად, თვითონვე უგულვებელყო იგი იმ უმთავრესი საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც დაზარალებულის მიმართ უმწეობის მდგომარეობაში განხორციელებული სქესობრივი აქტის ნების საწინააღმდეგო ხასიათს შეეხებოდა. მით უფრო, რომ დასკვნაში პირდაპირ არის მითითება იმაზე, რომ სასამართლოს თვითონ უნდა გადაეწყვიტა არასრულწლოვან დ. კ-შვილზე ფსიქოფიზიკური ზემოქმედების საკითხი. აღნიშნული კოლეგიას უნდა გაეკეთებინა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების და ექსპერტიზის დასკვნის ზერელე შეფასებებით, არამედ დაზარალებულის ჩვენებების გაანალიზებით, განსასჯელთა ჩვენებებთან შედარებით და ყოველივეს ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა ემსჯელა დაზარალებულის ნების თავისუფლების ხასიათზე.

აღნიშნულის საჭიროებაზე მეტყველებს ის, რომ არასრულწლოვანი დაზარა-ლებული თავის ყველა ჩვენებაში (მიუხედავად მათში არსებული ზოგადი წინააღმდე-გობებისა) კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ის გამოხატავდა წინააღმდეგობას და ო. ბ-ძის ოჯახის წევრებს სთხოვდა სახლში დაებრუნებინათ. ასევე უთითებს ისეთ დეტალებს, რომლებსაც დაცვის მხარე და სასამართლო ვერ აბათილებს და რომლებიც ნაკლებსავარაუდოა, დაზარალებულის მოგონილი იყოს (მაგ. დაზარალებუ-ლის განცხადება, რომ იგი ო. ბ-ძემ რამდენჯერმე მოატყუა და ყოველი სახლიდან გაყვანისას მარტვილში მშობლებთან წაყვანას პირდებოდა, რომ მას ლ. ბ-ძემ მი-სი დახმარების ნაცვლად აუწყა, რომ მის ოჯახში 15 მოტაცებული იყო მოყვანილი და ამიტომ ისიც ბედს უნდა შერიგებოდა, რომ მას რ. ბ-ია და სხვები მრავალგზის დაემუქრენ სვანეთში გადაკარგვით და მშობლების ნახვისთვის ხელის შეშლით), მაგრამ სასამართლომ არა თუ შეფასება არ გაუკეთა, სავსებით უგულვებელყო დაზარალებულის ჩვენება და გაიზიარა მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მსჯავრდებულ რ. ბ-იას ნათესავები და საქმესთან უშუალო შეხებაში მყოფი პირები, დაინტერესებული მხარეები არიან, რომლებსაც არ ევალებათ და მათგან არც არის მოსალოდნელი, რომ თავისი საწინააღმდეგო ჩვენება მისცეს (ე. ი. დაადასტურებენ დ. კ-შვილის მიერ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს).

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რ. ბ-იასა და სხვათა მიერ დ. კ-შვილის მოტაცების ფაქტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ამით დაუშვა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ დაზარალებულის მიმართ ამ მოვლენის შემდეგ სხვა მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედებებიც წარიმართებოდა დაზარალებულის საწინააღმდეგოდ და ამ ვარაუდის გასაბათილებლად სასამართლოს უნდა მიეთითებინა ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც სქესობრივ კავშირზე დაზარალებულის თანხმობის არსებობას დაადასტურებდნენ. მართალია, ასეთ მტკიცებულებებად სასამართლომ ჩათვალა ო. ბ-ძის, შ. კ-შვილის, ლ. ბ-ძის, ჩ-ძის, რ. ბ-იასა და სხვათა ჩვენებები, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მათ ჩვენებებში არის მომენტები, რომლებიც დაზარალებულის თანხმობის არ არსებობაზე მიუთითებენ. კერძოდ, დგინდება, რომ, დაზარალებული სუფრასთან არ ჩერდებოდა; მას მოტაცების შემდეგ მთელი დღის განმავლობაში საჭმელი არ უჭამია; დ. კ-შვილის მშობლების მისვლისას, იგი გადამალეს და მშობლებს არ ანახეს რ. ბ-იას მითითებით; დაზარალებული ინდივიდუალურ კონტაქტს არ ამყარებს რ. ბ-იას არც ერთ ნათესავთან. მისი თანხმობის შემთხვევაში ბუნებრივი იქნებოდა, რომ ოჯახის წევრები შეეცდებოდნენ მის იდა ბართიას ურთიერთობის, მისი ოჯახის შესახებ დეტალების გამოკკითხვას და მასთან დაახლოებას. ასეთი რამის არსებობას ვერც ერთი მოწმე ვერ იხსენებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დ. კ-შვილი იმყოფებოდა იზოლაციაში, სადაც მან მეგობარი ვერ მოძებნა, რომელსაც მის ნამდვილ სურვილს გაუმხელდა. თავისთავად ეს ფაქტიც შეიძლება დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაზე მიუთეთებდეს. მოწმეები მხოლოდ ზოგადად მიუთითებენ, რომ დ. კ-შვილი ჩვეულებრივ იქცეოდა. ხოლო შეკითხვებზე თანახმა იყო, თუ არა ბ-იას ცოლად გაყოლოდა, იგი პასუხობდა დუმილით; ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ რ. ბ-იამ სქესობრივი აქტის შემდეგაც კი, დაზარალებულისაგან ცოლობაზე უარის მიღების შემდეგ, „ვენები გადაიჭრა“ და „ჭიქის ჭამა დაიწყო“; ხოლო პოლიციის გამოჩენისას, დაზარალებული თავისი ნებისთ გაჰვა მას, ხოლო რ. ბ-ია მიიმალა.

ამასთან, საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია საქარვთელოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნები. მან ერთის მხრივ არ ცნო დაზარალებული სამოქალაქოა მოსარჩელედ, მიუხედავად იმისა რომ ამისი ყოველგვარი საფუძველი არსებობდა და მეორეს მხრივ მისთვის არც ოფიციალური უარი განუცხადებია და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი არ უცნობებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 546-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივნისის განაჩენი რ. ბ-იას მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის III ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ეპიზოდში, ასევე სამოქალაქო სარჩელის ღიად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეცეს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლ კოლეგიის სხვა შემადგენლობას.

2.დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.