საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.09.2000
საქმის ნომერი
2კ-83აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.09.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹83აპ 2000 წლის 13 სექტემბერი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე: მ. ტურავა

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, შ. ასათიანი

განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 ივლისის განაჩენზე.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა ამავე პალატის წევრის, მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის განაჩენით თ. ს-ძე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ მე-100 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. სსკ-ის 471-ე მუხლის გამოყენებით განაჩენის აღსრულება გადაედო 1 წლის ვადით.

განაჩენით თ. ს-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 1999 წლის 14 თებერვალს დაახლოებით 15 საათზე ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ..., მეჯინისწყალზე, თავისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, გზის სარგებლობის თაობაზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს ქვების სროლით განზრახ დააზიანა სხვისი ქონება, რაც გამოიხატა შემდეგში: ხსენებულ დროს და ადგილას მან არ მისცა გავლის საშუალება რ. ბ-ძეს და მის ახლობელს, ქვების სროლით განზრახ დააზიანა რ. ბ-ძის "ვაზ-2105" მარკის "ვ4822 რა" სანომრე ნიშნის მქონე მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ჩაუმტვრია წინა საქარე მინა, გაუღუნა საბურავი, დაუზიანა ტაქსის მაჩვენებელი, შეღუნა კარები, ფრთები და ასევე სხვა ნაწილები. აღნიშნული ავტომანქანის დაზიანებით რ. ბ-ძეს მიაყენა სულ 305 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატას არ გამოუვლენია სათანადო სამართლებრივი პროცე-დურების დარღვევები. სასამართლომ გულდასმით არ შეამოწმა საქმის მასალებში არსებული წინააღმდეგობები, ცალკეული საპროცესო დოკუმენტების კანონის დარღვევით შედგენის შემთხვევები.

განაჩენი არაკანონიერია, რადგანაც სასამართლოში ადგილი ჰქონდა კანონის არსებით დარღვევებს.

სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონი, როცა საქმეზე მტკიცებულებად მიიღო ავტომანქანის საქარე მინის ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილება. საქარე მინა წარმოდგენილი იქნა შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ, არ მომხდარა მისი ფოტოილუსტრაცია ავტომანქანასთან ერთად.

დადგენილი არ არის ზიანის მოცულობა, სასამართლო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას დაეყრდნო.

მსჯავრდებულმა თ. ს-ძემ პალატას განუცხადა შემდეგი: მას სხვისი ქონება არ დაუზიანებია. პირიქით რ. ბ-ძემ და მისმა ახლობლებმა მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ქონება, რომლის აღდგენასაც დიდი თანხა სჭირდება. ამის დამადასტურებელი მონაცემები საქმის მასალებში საკმაოდაა მოცემული. მიყენებული დაზიანების შედეგად დღესაც ცუდად გრძნობს თავს. გამოძიებამ დაუჯერა ბ-ძეს და მისი სიტყვიერი განაცხადით განსაზღვრა ზარალი. გამოძიებას არავითარი საფუძველი არ გააჩნდა ზარალის განსაზღვრისათვის. საქმეში მოთავსებულია მხოლოდ მანქანის საქარე მინის ფოტო. საინტერესოა, რატომ არ დაურთეს ა/მანქანის მთლიანი ფოტო, საიდანაც გაირკვეოდა, თუ რა სახის დაზიანება იყო მიყენებული. მაგრამ ასეთს, მისი მხრიდან, ადგილი არ ჰქონია და ამიტომაც ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.

იგი მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

პროკურორმა მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი განაჩენი სწორია და ამიტომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის დასკვნა და მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: საბრალდებო დასკვნის ავტორმა დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-ძემ ქვების სროლით განზრახ დააზიანა რ. ბ-ძის ავტომანქანა. ქვით ჩაამტვრია წინა შუბლა მინა, გაღუნა საბურავი, დააზიანა ტაქსის მაჩვენებელი, შეღუნა კარები, ფრთები და დააზიანა სხვა ნაწილები.

საქმის ფურცელ 12-ზე მოთავსებული ავტომანქანის დათვალიერების ოქმში კი აღნიშნულია, რომ დაზიანებულია საქარე მინა, ტაქსის მაჩვენებელი "ტრაფარეტი", კარი და საბურავი. ამასთან მითითებულია, რომ ა/მანქანას სხვა რაიმე დაზიანება არ აღმოაჩნდა. ე. ი. აღნიშნულ ოქმში არაფერია ნათქვამი მანქანის დაზიანებულ ფრთებზე და სხვა ნაწილზე, როგორც ეს საბრალდებო დასკვნაშია მითითებული.

პალატა თვლის, რომ აღნიშნული წინააღმდეგობა უნდა აღმოიფხვრას დამატებითი გამოძიების დროს.

წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს, რომ თ. ს-ძემ თავისი მოქმედებით დაზარალებულს მიაყენა 305 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დასკვნამდე გამოძიება მივიდა მხოლოდ დაზარალებულის განცხადებით და სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ან მონაცემი აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში არ გააჩნდა.

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის თანახმად, საქმეზე დამტკიცებული უნდა იქნეს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ხასიათი და ოდენობა.

ამიტომ, აღნიშნული ფაქტი დამატებითი გამოძიებით უნდა დადგინდეს, რადგანაც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ზარალის ოდენობა. ამ ფაქტის დადგენამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს დანაშაულის კვალიფიკაციაზე.

საქმეში არსებული სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, თ. ს-ძის სხეულზე არსებული დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, მრავლობითი სისხლნაჟღენთებისა და განაკაწრების სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.

გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ რ. ბ-ძის, უ. ნ-ძის, კ. ბ-ძის და სხვათა - სულ 6 პირის მიმართ, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ამავე დადგენილებაში აღნიშნა, რომ თ. ს-ძის მიერ მოყვანილი ფაქტები მასზე სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მიყენების თაობაზე, რ. ბ-ძის მიერ ღობის დანგრევის, ნარგავებისა და შენობების დაზიანებების დროს, საქმის მასალებით არ დადასტურდა. ამიტომ გამოძიებამ დაასკვნა, რომ თ. ს-ძემ აღნიშნული დაზიანებები შემთხვევით მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატას გამოძიების ეს მოსაზრება დაუსაბუთებლად მიაჩნია და თვლის, რომ დადგენილებაში მოყვანილი დასკვნები სათანადოდ არ არის მოტივირებული. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, თუ რა ვითარებაში, როდის და რა პირობებში მოხდა თ. ს-ძეზე დაზიანებების მიყენება, რის შესახებაც ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული.

როგორც საქმის მე-5 ფურცელზე არსებულ დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, თ. ს-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სახლის გვერდზე გამავალი ღობე, რომლის სიგრძეა დაახლოებით 50 მეტრი, წაქცეულია. 20 მეტრის სიგრძეზე მავთულბადე მთლიანად გაფუჭებულია, წაქცეულია ღობის დამაკავებელი 20 ცალი რკინის ბოძი. ასევე, მთლიან სიგრძეზე წაქცეულია საკარმიდამო ნაკვეთის ღობე.

დამატებითი გამოძიების დროს უნდა გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ნგრევა. ქონების დაზიანებას ადგილი ხომ არ ჰქონდა იმ პირების მხრიდან, რომლებმაც როგორც თ. ს-ძე აცხადებს, იგი ცემეს და მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები. შესაბამისად, მათ ქმედებებსაც მიეცეთ სწორი იურიდიული კვალიფიკაცია.

ამ განჩინებაში მითითებული საკითხები იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული თ. ს-ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან, რომ მათი შემოწმებისა და დადგენის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568- ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 12 ივლისის განაჩენი თ. ს-ძის მიმართ გაუქმდეს და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.