ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 8შ 6 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-იას საჩივარი თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის განაჩენით მ. გ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
განაჩენით მ. გ-იას მსჯავრი დაედო მასში, რომ მან წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად, ჩაიდინა, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების მიზნით, აგრეთვე, უკანონო გასაღება განმეორებით. კერძოდ, 1998 წლის 25 დეკემბერს მ. გ-იას თბილისში, ავტომანქანების ბაზრობის ტერიტორიაზე შეხვდა თავისი ნაცნობი, გამოძიებით დაუდგენელი ინგუში ეროვნების პირი, ვინმე ,,ვალერი”, რომელმაც მას უთხრა, რომ ჩამოტანილი ჰქონდა 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, შესთავაზა, გაეყიდა მას და მიღებული ფული გაეყოთ შუაზე. 1 გრამი ,,ჰეროინი” უნდა გაესაღებინა 100 აშშ დოლარად. მ. გ-იამ თანხმობა განუცხადა ,,ვალერის”, გამოართვა 40 გრამამდე ,,ჰეროინი”, რაც მიიტანა და შეინახა თბილისში, ... მდებარე ბინაში, სადაც დროებით ცხოვრობდა ახლობელთან. ამ ბინაში მოახდინა ,,ჰეროინის” დაფასოება პაკეტებში გასაღების მიზნით. დეკემბრის ბოლო რიცხვებში მან თბილისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 პაკეტი ,,ჰეროინი” 300 დოლარად მიყიდა ნაცნობ მე. გ-იას. მ. გ-იამ 1999 წლის იანვრის დასაწყისში კვლავ გაასაღა 3 პაკეტი ,,ჰეროინი”. იგი 300 დოლარად მიყიდა მერაბ გვასალიას. მანვე, 1999 წლის 11 იანვარს, ასევე, 3 პაკეტი ,,ჰეროინი” 300 აშშ დოლარად მიყიდა მე. გ-იას. 1999 წლის 13 იანვარს მ. გ-ია პოლიციამ ამხილა დანაშაულის ჩადენაში. მისი ბინიდან, რომელიც მდებარეობს თბილისში, ... ამოღებულ იქნა 21,98 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”.
მსჯავრდებული მ. გ-ია საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი არის უსამართლო, მის ბინაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და გამოძიებისას ისეთ ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი, რომელიც გამოძიებას აწყობდა; არც წინასწარმა გამოძიებამ და არც სასამართლომ არ გაითავალისწინა მისი ახსნა-განმარტებები.
ადვოკატი თ. შენგელია ითხოვს მ. გ-იას მიმართ განაჩენის გაუქმებას, სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას და მის გათავისუფლებას პატიმრობიდან იმ საფუძვლით, რომ იგი უდანაშაულოა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შედგენილია შეკვეთით. მ. გ-ია პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე იყო და ყველანაირ ღონეს ხმარობდა, რომ აღდგენილიყო ძველი ხელისუფლება. სწორედ ეს გახდა მიზეზი მ. გ-იას დაპატიმრებისა, რათა იგი დროებით იზოლირებული ყოფილიყო საზოგადოებისაგან, ვინაიდან სამთავრობო ძალებს სურდათ იმ პიროვნებების იზოლირება, ვინც ლეგალურად თუ არალეგალურად ეხმარებოდა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას მომხრეებს მისი ხელისუფლების აღდგენაში. ამასთან, მ. გ-იას მიმართ სიხლის სამართლის საქმეზე დაშვებულია რიგი პროცესუალური დარღვევები; მ. გ-იას პირადი და ბინის ჩხრეკა ჩატარებულია პროცესუალური დარღვევებით და არაობიექტურად. ადვოკატი, ასევე, მიუთითებს, რომ მ. გ-ია ხასიათდება დადებითად, არის მძიმე ავადმყოფი, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მოხუცი პენსიონერი დედა, ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი ცოლი, ორი შვილი, მათ შორის, ერთი – არასრულწლოვანი, სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება დადებითად.
პროკურორი გ. მ-ძე არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს მ. გ-იას უდანაშაულობის შესახებ, რადგანაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უდაოდაა დადგენილი, რომ მ. გ-იამ 1998 წლის დეკემბრის ბოლოსა და 1999 წლის იანვრის თვეში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” გაასაღა თავის ნაცნობ მე. გ-იაზე.
ამასთან, განაჩენით დადგენილია, რომ მ. გ-იამ თბილისში, ავტომანქანების ბაზრობის ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელ ინგუში ეროვნების პირს, ვინმე ,,ვალერის” გამოართვა 40 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”, რაც მიიტანა და შეინახა თბილისში, ... მდებარე ბინაში. ჩხრეკის შედეგად ბინაში აღმოჩნდა 21,98 გრამი ,,ჰეროინი”. საქმის მასალების მიხედვით კი მ. გ-იამ დეკემბრის ბოლო რიცხვებში 3 პაკეტი ,,ჰეროინი” 300 დოლარად მიყიდა მე. გ-იას. მანვე, 1999 წლის იანვრის დასაწყისში 3 პაკეტი ,,ჰეროინი” 300 დოლარად განმეორებით გაასაღა მე. გ-იაზე. მანვე, 1999 წლის 11 იანვარს, ასევე, 3 პაკეტი ,,ჰეროინი” 300 აშშ დოლარად მიყიდა მე. გ-იას. ამდენად, მ. გ-იამ მე. გ-იაზე სულ გაასაღა 900 დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი”. იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკების თანახმად, მ. გ-იას 1 გრამი ,,ჰეროინი” უნდა გაესაღებინა 100 აშშ დოლარად, გამოდის, რომ მ. გ-იამ სულ გაასაღა 9 გრამი ,,ჰეროინი”.
ამდენად, რეალურად მ. გ-იას მიერ გასაღებული და მის საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” ერთად შეადგენს 30,98 გრამს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენში ნარკოტიკული საშუალების ოდენობად ნაცვლად 40 გრამისა მითითებული უნდა იყოს 30,98 გრამი.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. გ-იას მიმართ განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 252-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი _ ნარკოტიკული საშუალების განმეორებით გასაღება, რადგანაც, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისას მ. გ-იას ჰქონდა ერთიანი განზრახვა და მის მიერ მ. გ-იასთვის ნარკოტიკული საშუალების _ ,,ჰეროინის” სხვადასხვა დროს მიყიდვა არ შეიძლება ჩაითვალოს არაერთგზისობად.
ამასთან, ვინაიდან 2000 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მე-3 მუხლის თანახმადაც, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში, მ. გ-იას მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი აღნიშნული ქმედებისთვის სანქციის მაქსიმუმი შემცირებულია.
საკასაციო პალატა მ. გ-იას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ მ. გ-ია აფხაზეთის ომის მონაწილეა, იგი 1992-1993 წლებში ნებაყოფლობით წავიდა აფხაზეთის ომში და იბრძოდა ბატალიონ ,,ეგრისის” შემადგენლობაში; ამასთან, მ. გ-ია დაპატიმრებამდე იყო ავადმყოფი, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადაზე ადრე იქნა დემობილიზირებული. ამჟამად იგი მოთავსებულია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დიაგნოზით: რეაქტიული ფსიქოზი, ღრმა დეპრესია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. გ-იას მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლი და მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები, კერძოდ _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და 680-ე მუხლის მე-12 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 22 აპრილის განაჩენი მ. გ-იას მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქციით) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან და, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.