საკასაციო საჩივარი დატოვებულია განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ¹155აპ-12 ქ. თბილისი
ფ-ე გ.-155აპ-12 11 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განაჩენით გ. ფ-ე, ი. გ-ი და ჭ. ჩ-ე, ნასამართლობის არმქონენი, _ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლითა და 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2011 წლის 30 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ფ-ემ. საკასაციო საჩივარში მითითებულია საჩივრის შემტანი პირის მონაცემები, გასაჩივრებული განაჩენი, მისი გამომტანი სასამართლო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, მაგრამ არ არის განმარტებული, თუ რა მოცულობით საჩივრდება განაჩენი, ასევე არ არის დასაბუთებული კასატორის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს მისცა 5 დღის ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, რადგან საჩივარი არ შეესაბამებოდა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, საკასაციო საჩივარში, სხვა გარემოებებთან ერთად, მითითებული უნდა იყოს, რომელი სამართლებრივი საკითხი გადაწყდა უკანონოდ, რა ადასტურებს ამას და რას ითხოვს საჩივრის ავტორი.
2012 წლის 23 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულებიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული წერილიდან ჩანს, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ეს უზენაესი სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ ჩაჰბარდა 2012 წლის 22 მაისს, ხოლო მას ხარვეზშევსებული საკასაციო საჩივარი დღემდე არ წარმოუდგენია, რითაც დაირღვა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადა.
ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლისა და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.