საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე ¹197აპ-12 ქ. თბილისი
ს-ე გ.-197აპ-12 5 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 თებერვლის განაჩენით გ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 31 მაისიდან.
გ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით ..., მასში მოთავსებული სიმბარათით ¹..., საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდა გ. ს-ის ოჯახის წევრს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 აპრილის განაჩენით შეიცვალა ნივთმტკიცებათა ნაწილში შემდეგი მიმართებით:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნა მითითება მსჯავრდებულ გ. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,ნოკიას” ფირმის მობილური ტელეფონის დაბრუნების თაობაზე, რადგან 2012 წლის 28 თებერვლის ხელწერილით ,,ნივთის დაბრუნების შესახებ” მობილური ტელეფონი დაუბრუნდა გ. ს-ის მეუღლეს _ ქ. ს-ეს.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ გ. ს-ისათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის…353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.