დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹2I-12 ქ. თბილისი
უ-ი ა., 2I-12 12 ივნისი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
სხდომის მდივან _ გ. შ-ს
პროკურორ _ ი. დ-ს
ადვოკატ _ მ. ტ-ს
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. უ-ს
თარჯიმან _ ბ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. უ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. უ-ი (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ყაზახეთის რესპუბლიკაში, ... ოლქი, ქალაქი ა..., მე-... მ/რ-ნი, ..-ე კორპუსი, ბინა ¹...-ში, დროებით მცხოვრები ... რაიონის სოფელ ..., ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი) 2010 წლის 8 თებერვალს 19:25 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ქ. ..., ... ქ. ¹...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2012 წლის 9 თებერვალს თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებით ა. უ-ს შეეფარდა საექსტრადაციო პატიმრობა 3 თვის ვადით.
2012 წლის 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ა. უ-ს საექსტრადიციო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვით, სულ 6 თვემდე _ 2012 წლის 8 აგვისტომდე.
2012 წლის 5 მარტს, თავდაპირველად ელექტრონული ფოსტით, ხოლო 2012 წლის 26 მარტს ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. უ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და მიწოდებული მასალების თანახმად, ყაზახეთის რესპუბლიკის შსს ქ. ... შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის ¹.... საქმე ა. უ-ს მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით.
აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის 2011 წლის 29 აპრილს ა. უ-ი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყაზახეთის რესპუბლიკის სსკ-ის 96-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ და ხულიგნური ქვენაგრძნობით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და 2011 წლის 29 აპრილს ქ. ... შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ა. უ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შერჩეულ იქნა დაპატიმრება. ყაზახეთის რესპუბლიკის ... ოლქის ... საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2011 წლის 10 ივნისის დადგენილებით სანქცია მიეცა გამომძიებლის მიერ ა. უ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ დაუსწრებელ დაპატიმრებას. ა. უ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. უ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა შეესაბამებოდა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპულ კონვენციას „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციას და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით მიჩნეულია, რომ არ არსებობს ა. უ-ს ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
2012 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ა. უ-მ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2012 წლის 16 მაისის დადგენილების გაუქმება.
Fთბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2012 წლის 16 მაისის დადგენილება ა. უ-ს ყაზახეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ა. უ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:
მას დანაშაული არ ჩაუდენია; მის მიმართ ინკრიმინირებული ბრალდება ხელოვნურად არის შექმნილი და ემსახურება შემდგომი უსამართლო დევნის, წამების, დევნისა და არაადამიანური მოპყრობის მიზანს, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს. ამ რწმენას კი განამტკიცებს ის გარემოება, რომ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის _ „Aმნესტი ინტერნაციონალ-ს“ და 2012 წლის დასკვნის მიხედვით, გაერთიანებული ერების კომიტეტში განხილულ იქნა მოხსენება ყაზახეთის რესპუბლიკაში წამების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ და მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ყაზახეთის რესპუბლიკამ დღემდე ვერ მიაღწია პროგრესს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მხრივ; გარდა ამისა, კომიტეტს სერიოზული ეჭვები გააჩნია, რომ მოცემული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით ყაზახეთის ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, განსაკუთრებით კი _ ამგვარ ფაქტებზე ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მხრივ. კომიტეტის შეშფოთებას იწვევს ის საკითხიც, რომ გასული წლის ივლისში პრეზიდენტის ბრძანებულებით პენიტენციური სისტემა უწყებრივად დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს. კომიტეტის აზრით, ამ ნაბიჯით პირდაპირი დარტყმა განიცადა იმ რეფორმებმა, რომლებსაც წლების მანძილზე ახორციელებდა ყაზახეთის ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.
ასევე მხადველობაშია მისაღები საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ის“ 2012 წლის 23 აპრილის პრესრელიზი, სადაც აღნიშნულია, რომ ყაზახეთში სისტემატურ ხასიათს ატარებს დაკავებული პირების ცემა, წამება და ამგვარი გზით აღიარებითი ჩვენების მიღება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ტ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. უ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად ა. უ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ა. უ-ი არის ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე. მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ და ხულიგნური ქვენაგრძნობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2011 წლის 29 აპრილს ქ. ... შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ა. უ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეირჩა დაპატიმრება. ყაზახეთის რესპუბლიკის ... ოლქის ... საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2011 წლის 10 ივნისის დადგენილებით სანქცია მიეცა გამომძიებლის მიერ ა. უ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ დაუსწრებელ დაპატიმრებას და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2012 წლის 16 მაისის დადგენილება ა. უ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ”, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს.
ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს „ნონ ბის ინ იდემ“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წილს 1 ივნისის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2012 წლის 16 მაისის დადგენილება ა. უ-ს ყაზახეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.