დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2012
საქმის ნომერი
2კ-3-I-12
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.06.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹31-12 15 ივნისი, 2012 წ.

თ-ი მ. 31-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შ-ის

პროკურორ _ ი. დ-ის

ადვოკატ _ მ. შ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. თ-ის

თარჯიმან _ ზ. ი-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. თ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილება მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 11 მარტს შს სამინისტროს აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, ... ქუჩის ¹4-ში, დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ხ-ის ძე თ-ი, თურქი, თურქეთის მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკის ქ. ა-ში, ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ის უბანში, ტომი ¹...-ის ოჯახის რიგი ¹...-ის ¹... რიგში.

თურქეთის რესპუბლიკის ხოფის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მაგისტრატმა მოსამართლემ 2011 წლის 28 დეკემბერს გასცა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, მ. თ-ის დაკავების ბრძანება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2012 წლის 1 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და მიწოდებული მასალების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის ხოფის რაიონულ, საჯარო მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მ. თ-ის მიმართ, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის ¹5237 კოდექსის 220/1, 220/3, 220/4, 220/5, 86, 87/1-გ, 109/1, 109/2, 109/3, 81/1-ა მუხლებით და ცეცხლსასროლი იარაღის, დანისა და სხვა იარაღის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ¹6136 კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გადმოგზავნილი მასალებიდან ირკვევა, რომ მ. თ-ის ბრალი ედება შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში დანაშაულის ჩადენის მიზნით; ჯანმრთელობის დაზიანებაში; თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, ჩადენილი ძალადობით, მუქარით, მოტყუებით; განზრახ მკვლელობაში; ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

მ. თ-იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად ჩამოაყალიბა შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა. 2010 წლის 23 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ხოფის რაიონში ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა _ ბ. ქ-ამ და ი. კ-ემ კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის _ მ. თ-ის უშუალო ინსტრუქციების საფუძველზე ა. ს. ა-ს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება სახეზე კვალის დატოვებით.

2010 წლის 25 მაისს იმავე კრიმინალური ჯგუფის წევრები თურქეთის რესპუბლიკის ხოფის რაიონში თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთეს ჰ. რ-სა და ბ. ო. ა-ს. კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ჰ. რ-უ და ბ. ო. ა-უ ძალის გამოყენებით მიიყვანეს თურქეთის რესპუბლიკის ჩ-სა და ბ-ის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული პირები დახოცეს და დაუდგენელ ადგილას დამარხეს.

2011 წლის 25 იანვარს „...-ს“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რომლის ერთ-ერთი მეწილე არის მ. თ-ი, ამოიღეს ქიმიური ინსტიტუტის მიერ დამზადებული 9 მმ კალიბრიანი ლულები და ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრიანი იარაღისათვის.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით მ. თ-ის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა.

მ. თ-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან _2012 წლის 11 მარტიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით დაკმაყოფილდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა მ. თ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რადგან თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა შეესაბამებოდა ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით მიჩნეულია, რომ არ არსებობს მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

აღნიშნული დადგენილება ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ მ. თ-იმ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ წარიმართება სამართლიანად და ობიექტურად, ვინაიდან ბრალდების მხარეს გამოძიების დაწყებიდან დღემდე საშუალება ჰქონდა, საქმე სრულყოფილად გამოეძიებინა, რასაც მოჰყვებოდა მის მიმართ ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლება, რადგან ერთ-ერთი ის პირი, კერძოდ, ჰ. რ-უ, რომლის მკვლელობაც მას ბრალდება, დღესაც ცოცხალია და ცხოვრობს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ ეცნობა თურქეთის პროკურატურას, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, თურქეთში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ ვერ განხორციელდება სამართლებრივი სასამართლო და დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს“. ქართულ მხარეს არ გააჩნდა თურქეთის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიწოდებული საკმარისი ინფორმაცია მისი ექსტრადიციის თაობაზე, რის გამოც „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის (პარიზი 13.12.1957) მე-13 მუხლის გათვალისწინებით, არ უნდა მიეღო დადგენილება მისი ექსტრადიციის თაობაზე და თხოვნის მიმღები მხარისათვის უნდა დაევალებინა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც თურქულ მხარეს არ გააჩნია.

სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მა საჩივარს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. თ-ის მოთხოვნა მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის გაუქმების შესახებ და ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილების შესახებ ექსტრადირებულმა პირმა მ. თ-იმ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორებმა საჩივრით ითხოვეს მ. თ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით მისი თურქეთის რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა მ. თ-იმ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მა მხარი დაუჭირეს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარე არ არის დაინტერესებული, საქმე წარიმართოს სამართლიანად და ობიექტურად; პირი, რომლის მკვლელობაშიც ექსტრადირებულს ედება ბრალი, დღესაც ცოცხალია (რის თაობაზეც არაერთხელ ეცნობა თურქეთის პროკურატურას), მაგრამ ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს. ამდენად, არც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ი. დ-ემ საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა, საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინების, როგორც კანონიერისა და დასაბუთებულის, ძალაში დატოვება, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილებები გამოტანილია საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ მ. თ-ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ედება შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში დანაშაულის ჩადენის მიზნით; ჯანმრთელობის დაზიანებაში; თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, ჩადენილი ძალადობით, მუქარით, მოტყუებით; განზრახ მკვლელობაში; ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებაში.

თურქეთის რესპუბლიკის ხოფის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა მაგისტრატმა მოსამართლემ 2011 წლის 28 დეკემბერს გასცა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, მ. თ-ის დაკავების ბრძანება და მ. თ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2012 წლის 1 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.

2012 წლის 11 მარტს შს სამინისტროს აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. თ-ი, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით მ. თ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა.

საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინებას მ. თ-ის ექსტრადიციის შესახებ, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილება, რადგან იგი არ ეწინააღმდეგება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

დადგენილება სრულად მოიცავს: საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და ,,ნონ ბის ინ იდემი-ის” პრინციპს.

ამდენად, პალატას განჩინებისა და დადგენილების უკანონობასა და უსაფუძვლობაში ეჭვის საფუძველი არ გააჩნია, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ თითქოს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ წარიმართება სამართლიანად და ობიექტურად, და რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ხელოვნურადაა შექმნილი, რომელიც შემდგომში ემსახურება მ. თ-ის მიმართ უსამართლო დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზანს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან არც საჩივარში და არც სასამართლო სხდომაზე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, ცნობს და აღიარებს რა საერთაშორისო კონვენციებით, პაქტებითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და ზემოთ განხილულ გარემოებებს აფასებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით, მიაჩნია, რომ მ. თ-ის ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილება მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ მ. თ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2012 წლის 16 მაისის დადგენილება მ. თ-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.