დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#96აგ-12 26 ნოემბერი, 2012 წელი
ბ-ე გ. , 96აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2009 წლის 3 დეკემბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2012 წლის 23 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვისა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლის შეძენა-შენახვისათვისაც იგი იყო მსჯავრდებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ბ-ს ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ დანიშნული სასჯელი, დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ბ-ე ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე