გაუქმდა და შეწყდა

ადმინისტრაციული 26.01.2023
საქმის ნომერი
ბს-1052(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.01.2023

გადაწყვეტილების ტექსტი

ბს-1052(კ-22) 26 იანვარი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

მოწინააღმდეგე მახარე (მოსარჩელე) _ ო. ა-ი

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2022წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ა-მა 13.09.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 04.08.2021წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რ. ა-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის თაობაზე მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022წ. გადაწყვეტილებით, ო. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 04.08.2021წ. №01/21-0510 გადაწყვეტილება და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ო. ა-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2022წ. განჩინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან. სასჯელის მოხდისგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მსჯავრდებული უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე. საბჭოს შეფასება უნდა შეესაბამებოდეს მითითებული დებულებით დადგენილ მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ნასამართლობის ფაქტზე მითითება და ამ მოტივით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას. მართებულია საბჭოს შეფასება და მსჯელობა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით, თუმცა საკითხის გადაწყვეტისათვის, ასევე, არსებითია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, სასჯელის მიზნის მიღწევადობა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხი. სადავო გდაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებული ო. ა-ი ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული, არის ნასამართლობის არმქონე, 2021 წელს ჩააბარა ეროვნული გამოცდები და მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სახელმწიფო უნივერსიტეტში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, არის კანონშეუსაბამო, შესაბამისად, სახეზეა ო. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ო. ა-ის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით საბჭომ შეაფასა კანონმდებლობით დადგენილი ყველა კრიტერიუმი და გადაწყვეტილება მიიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, თუმცა ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, სახეზეა ტერორიზმი, შესაბამისად, საბჭომ მოცემულ ეტაპზე მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. სააპელაციო სასამართლოს მითითება სასჯელის მიზანზე არასწორია, რადგან სასჯელის მიზნის მიღწევადობა არ არის საბჭოს გამოკვლევის საგანი. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების საფუძველზე, პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით, გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქმეში დაცული მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 05.11.2018წ. განაჩენით ო. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 21.02.2019წ. განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.11.2018წ. განაჩენი დარჩა უცვლელი. სასჯელის მოხდის ვადა ათვლა დაიწყო 2018 წლის 5 ნოემბრიდან, რომელიც იწურებოდა 05.11.2022წ..

გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად საბჭომ 04.08.2021წ. ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ო. ა-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ მიუთითა დანაშაულის ხასიათზე, კერძოდ, ჩადენილია ტერიტორისტული საქმიანობის განხორციელებისკენ საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მიხედვით ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ (7.3, 7.4 მუხ.). მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამავე წესის 13.1 მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საბჭოს 04.08.2021წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მიუთითა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტაციასთან ან სხვა მსჯავრდებულებთან კონფლიქტს, სასჯელის უმთავრესი მიზანი - დამნაშავის რესოციალიზაცია მიღწეულია, შესაბამისად, საბჭოს სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არ გაუთვალისწინებია არსებითი ხასიათის გარემოებები. ამდენად, განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანს შეადგენს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო სასამართლოს 16.09.2022წ. განჩინებით. მითითებული პერიოდისთვის ო. ა-ი გათავისუფლებული იყო სასჯელის მოხდისაგან, რაც დასტურდება №10 დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 11.10.2022წ. წერილით (ს.ფ. 249). წერილის თანახმად, მსჯავრდებული ო. ა-ი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 19.08.2022წ.. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლება ასევე დასტურდება 27.10.2022წ. სასამართლოს გზავნილისა და ამ გზავნილის ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების ბარათით (ს.ფ. 252-253), რომლის მიხედვით საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და საკასაციო საჩივრის ასლი ო. ა-ს ჩაბარდა პირადად მისამართზე ბოლნისი, სოფ. სავანეთი, შესაბამისად, მითითებული დოკუმენტებით დგინდება ო. ა-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ფაქტი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ო. ა-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, დავის საგანი ამოწურულია. სადავო აქტის – პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობისა და მით უფრო გათავისუფლების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებით ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს (სუსგ 27.11.2014წ. საქმე №ბს-429-424(კ-14), 21.11.2017წ. საქმე №ბს-1032-1026(კ-17)). განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის ბათილად ცნობისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მიმართ მხარის კანონიერი ინტერესი არ არსებობს, ვინაიდან მოსარჩელე ვადაზე ადრე - 2022 წლის 5 ნოემბრამდე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, ამასთანავე, მხარე სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებული იყო საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის წარმოების მიღების დროისთვისაც, შესაბამისად, ო. ა-ი აღარ იხდის სასჯელს და გათავისუფლებულია პენიტენციური დაწესებულებიდან, ამდენად, დავის საგნის არარსებობის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ა-ის სარჩელზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდეს საქმის წარმოება;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.05.2022წ. განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი