დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-1019-1276-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1019-1276-05 9 მარტი, 2006წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: კომლის ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 17 ივნისს თ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - პ. და ი. ბ-შვილების მიმართ კომლის ქონებიდან რეალური წილის აგმოყოფის თაობაზე. სარჩელში მითითებულია, რომ თ. ბ-შვილი 1999 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა პ. ბ-შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – დ. ბ-შვილი. თ. ბ-შვილი ოჯახთან ერთად მეუღლის ბებიის - ი. ბ-შვილის კომლში ცხოვრობდა, მონაწილეობდა საოჯახო საქმეებში და გახდა კომლის წევრი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად. ი. ბ-შვილის კომლი შედგება 5 წევრისაგან.

მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მისთვის და მისი არასრულწლოვანი შვილისათვის - ი. ბ-შვილის კომლის კუთვნილი ქონებიდან მოძრავი ქონებისა და 14 - სათავსიანი საცხოვრებელი სახლიდან 2\5-ის გამოყოფა თანხის სახით.

ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოსარჩელე თ. ბ-შვილს გამოეყო ი. ბ-შვილის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების 2\3, თანხით – 4080 ლარი.

ვანის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც თ. ბ-შვილმა, ასევე, ი. და პ. ბ-შვილებმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი: დაკმაყოფილდა პ. და ი. ბ-შვილების სააპელაციო საჩივარი, პ. და ი. ბ-შვილებს იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცნეს სარჩელი 1416 ლარის ფარგლებში, თ. და დ. ბ-შვილების სასარგებლოდ, ნაცვლად 4080 ლარისა, დაეკისრათ 1416 ლარის გადახდა.

დანარჩენ ნაწილში ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ თ. ბ-შვილი 1999 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა პ. ბ-შვილთან და დღიდან ქორწინებისა ცხოვრობდნენ ვანის რაიონის სოფ. ...ში მდებარე ი. ბ-შვილის კომლში. ი. და პ. ბ-შვილების კომლი შედგება 5 წევრისაგან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ არც პ. ბ-შვილის და არც ი. ბ-შვილის სახელზე ქონება არ ირიცხება, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვლილი მეუღლის პ. ბ-შვილის სახელზე ირიცხება სოფ. ...ში (...ში) მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი პ. ბ-შვილის ქონებას ფლობს და განაგებს ი. ბ-შვილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, მართალია, თ. ბ-შვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება პ. ბ-შვილთან და თვითონ და თავისი შვილი ჩაწერილები არიან კომლში, მონაწილეობას იღებს საოჯახო საქმიანობაში, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თ. ბ-შვილს და მის არასრულწლოვან შვილს საკომლო მეურნეობის ქონებაზე საკუთრების უფლება არა აქვთ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-შვილმა.

კასატორის აზრით,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სსკ-ის 394-ე მუხლის „მ“ პუნქტის შესაბამისად, იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასწორად და გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამიტომ ითხოვს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ. ბ-შვილი 1999 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა პ. ბ-შვილთან და დღიდან ქორწინებისა ცხოვრობდნენ ვანის რაიონის სოფ. ...ში მდებარე ი. ბ-შვილის კომლში; ი. ბ-შვილისა და პ. ბ-შვილის კომლი შედგება 5 წევრისაგან; პ. ბ-შვილის სახელზე არავითარი ქონება არ ირიცხება; ი. ბ-შვილის სახელზეც საარქივო მასალების მიხედვით არავითარი ქონება არ ირიცხება, ხოლო მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის - პ. ბ-შვილის სახელზე კი ირიცხება სოფ. ...ში მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგან საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ პრეტენზიას.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას“. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად. „საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში. (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული“.

ამრიგად, კომლი არის სოფელში მცხოვრები ცალკე ოჯახი, რომელიც ახორციელებს საკომლო მეურნეობას, ხოლო საკომლო მეურნეობის დეფინიციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს. ამასთან ერთად საკომლო მეურნეობა ითვალისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). ასევე, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სწორად აქვს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ თ. ბ-შვილს და მის არასრულწლოვან შვილს არა აქვთ საკომლო სამეურნეო ქონებაზე საკუთრების უფლება, ვინაიდან მხოლოდ ის გარემოება, რომ კასატორი რეგისტრირებული იყო, როგორც ი. ბ-შვილის ოჯახის წევრი, არ წარმოადგენს საკომლო მეურნეობიდან წილის გამოყოფის საფუძველს, მითუმეტეს, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან იმის თაობაზე, რომ თ. ბ-შვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად არიან რეგისტრირებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 16 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-შვილს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაედო საქმის განხილვის დამთავრებამდე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ბ-შვილს უნდა დეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 106 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-შვილის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება;

თ. ბ-შვილს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 106 ლარის ოდენობით;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.