დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.06.2005
საქმის ნომერი
ას-1022-1255-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1022-1255-04 17 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,დ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 აგვისტოს ჟ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ლ. მ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე ¹25 ბინა პრივატიზებულ იქნა გ. მ-ის სახელზე. 2000წ. 17 მაისს გ. მ-ის შვილმა თ. მ-მა ს. ე-ისაგან ორი თვით ისესხა 3600 აშშ დოლარი, რომელიც მოვალემ დროულად ვერ დააბრუნა. 2000წ. 15 მაისს გ. მ-მა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა გასცა თ. მ-ის სახელზე შემდგომი გადანდობის უფლებით, ხოლო ამ უკანასკნელმა მინიჭებული მინდობილობა გადაანდო ს. ე-ს, რომელმაც, სესხის დაფარვის მიზნით, 2000წ. 16 აგვისტოს ზემოხსენებული ბინა გაასხვისა ჟ. ძ-ზე. აღნიშნულის საფუძველზე სადავო სახლი საჯარო რეესტრში აღირიცხა ჟ. ძ-ის სახელზე. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხეებმა ბინა არ გაათავისუფლეს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. მ-ისა და ს. ე-ისათვის გაცემული მინდობილობები და ჟ. ძ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა მორიგება, რომლის თანახმად, თ. მ-ს 4 თვის ვადაში, 2002წ. 1 აპრილამდე, ჟ. ძ-ისათვის უნდა გადაეხადა 4 000 აშშ დოლარი. თ. მ-ის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინა ¹25 მიექცეოდა აღსრულებაში აუქციონზე გატანის გზით. ჟ. ძ-ს სადავო ბინა უნდა გადაეფორმებინა გ. მ-ის სახელზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც აღნიშნულ ბინას დაედო ყადაღა საჯარო რეესტრში ამ ბინის აუქციონზე გატანამდე.

2000წ. 21 იანვარს გარდაიცვალა გ. მ-ი, ხოლო 2002წ. 18 ივნისს _ ს. ე-ი, რის გამოც საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ვერ აღსრულდა.

თ. და ლ. მ-ებმა ჟ. ძ-ის სარჩელი არ ცნეს. რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. მ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია ფორმალურად, ვინაიდან ვერ მოხერხდა სააპელაციო პალატის განჩინების აღსრულება, ბინის რეალიზაციის შემდეგ ჟ. ძ-ი მიიღებს 4000 აშშ დოლარს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ....... მდებარე ¹25 ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ჟ. ძ-ის სახელზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 170-ე-172-ე მუხლებით, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სადავო ბინის მესაკუთრის, მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ, საფუძვლიანია.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ლ. მ-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2001წ. 19 ნოემბრის მორიგების აქტის საფუძველზე. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. მ-ის გარდაცვალების გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აღსრულება არ უნდა დაბრკოლდეს, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას დადგენილი მოთხოვნები და მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე. მოცემულ შეთხვევაში, პალატის აზრით, მორიგების პირობების მიხედვით, გარდაცვლილია მესამე პირი, რომლის სახელზეც უნდა გადაფორმებულიყო სადავო ბინა აუქციონზე მისი რეალიზაციის მიზნით, თუ თ. მ-ი მორიგების პირობებს არ შეასრულებდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა გაერკვია _ შესაძლებელი იყო თუ არა განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლის დადგენა, რათა მასზე გადაფორმებულიყო ბინა და განხორციელებულიყო მორიგების პირობები, ასევე, რამ შეუშალა ხელი თ. მ-ს მორიგების პირობების შესრულებლობაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ჟ. ძ-ის საკუთრება სადავო ბინაზე არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია მორიგების პირობების თანახმად, სახელშეკრულებო ბოჭვით და მისი შესრულების შემთხვევაში შესაძლოა, სადავო ბინა გავიდეს მისი საკუთრებიდან.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ძ-მა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2000წ. 16 აგვისტოს ჟ. ძ-მა ს. ე-ისაგან 5000 ლარად შეიძინა ქ. თბილისში, ....... მდებარე ¹25 ბინა. აღნიშნული მომენტისათვის მან არ იცოდა, რომ ბინა სადავო იყო, რის შესახებაც შეიტყო გ. მ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ. კასატორის აზრით, იგი წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს. კასატორმა მიუთითა სკ-ის 323-ე, 319-ე, 487-488-ე, 726-728-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. მ-ის უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ უნდა მიეჩნია, ვინაიდან მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. ჟ. ძ-ის აზრით, სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გ. მ-მა გამოხატა ნება და მინდობილობა გაუფორმა თ. მ-ს, ამდენად, აღნიშნული მონდობილობის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2004წ. 24 თებერვლის განჩინებით ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: მოცემულ სამოქალაქო დავაში მონაწილე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებულმა მორიგებამ, რომლის ძალითაც თ. მ-ს 2002წ. 1 აპრილამდე ჟ. ძ-ისათვის უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი. თ. მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹25 ბინა უნდა მიქცეულიყო აღსრულებაში მისი აუქციონზე გატანის გზით. ჟ. ძ-ს სადავო ბინა სარეალიზაციოდ გ. მ-ის სახელზე უნდა გადაეფორმებინა.

ასევე დადგენილია, რომ გ. მ-ი გარდაიცვალა 2000წ. 21 იანვარს, ხოლო თ. მ-ს მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აწ გარდაცვლილი გ. მ-ის შესაძლო უფლებამონაცვლის დადგენაზე. ასევე მიუთითა, რომ ჟ. ძ-ის საკუთრება სადავო ბინაზე არ არის აბსოლუტური და იგი შეზღუდულია მორიგების პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული საფუძვლით არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა ჟ. ძ-ის სარჩელი თ. და ლ. მ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინაზე 2001წ. 19 ნოემბრის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის აღსრულებაზე სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილია. ასევე დადგენილია, რომ იმავე მორიგების აქტის შესაბამისად, მასში მონაწილე პირის, აწ გარდაცვლილი გ. მ-ის, უფლებამონაცვლეობა კანონით დადგენილი წესით არავის მოუთხოვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იმსჯელა მხოლოდ დავის საგანზე – ბინიდან გამოსახლებაზე, ვინაიდან, სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არ გამოარკვია, შესაძლებელი იყო თუ არა გ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენა. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მოცემულ დავაში უფლებამონაცვლეობის დადგენის საჭიროება არ წარმოშობილა. რაც შეეხება სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულ მორიგებას, აწ გარდაცვლილი გ. მ-ის უფლებამონაცვლეობაზე უფლებამოსილ პირს ნება არ განუცხადებია. ასეთ ვითარებაში, კანონის მიხედვით, სასამართლოს კომპეტენცია არ არის უფლებამოსილი პირის უფლებამონაცვლედ ცნობა ამ პირის ნების გამოხატვის გარეშე.

პალატის განმარტებით, მორიგების დამადასტურებელი სასამართლოს განჩინება სააღსრულებო წარმოებიდან მოხსნილია, რაც სადავოდ არავის გაუხდია, შესაბამისად, სასამართლოს განჩინება, რომელზედაც აღსრულება შეწყვეტილია, მხარეებისათვის იმავე განჩინებით დაკისრებული თუნდაც შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების ვალდებულებას არ წარმოშობს.

საკასაციო პალატამ ასევე არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რამ შეუშალა ხელი თ. მ-ს მორიგების პირობების შეუსრულებლობაში. პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გასცდეს სსკ-ის 248-ე მუხლით დადგენილ ფარგლებს. ხსენებული გარემოება მოცემულ დავას არ უკავშირდება და მისი გამორკვევა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. და ლ. მ-ების ბინიდან გამოსახლების კანონიერებაზე, აგრეთვე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ან უკანონობაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემული სამოქალაქო საქმე ხელახლა განიხილა სააპელაციო სასამართლომ და 2004წ. 18 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა თ. და ლ. მ-ების სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ჟ. ძ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ......., ბინა ¹25-ის მესაკუთრედ, ხოლო ბინა დაკავებული აქვს მ-ების ოჯახს. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს Hჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აპელანტების მიერ სადავო ბინის ფლობის უფლებაზე სასამართლოში მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ხოლო ჟ. ძ-ის საკუთრების უფლება ბინაზე დადგენილია საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თავიანთ მოთხოვნათა დასასაბუთებლად მხარეთა მიერ მითითებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სცილდება მოცემული დავის საგანს. აღნიშნულის გამო და სსკ-ის მე-3, 248-ე, მუხლების გათვალისწინებით, სასამართლომ ისინი შეფასების გარეშე დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და თ. მ-ებმა. მათ განჩინება მიიჩნიეს უკანონოდ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

კასატორების აზრით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 248-ე მუხლი, ვინაიდან არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგება. ამ მორიგების თანახმად, სადავო ფართი საჯარო ვაჭრობის წესით უნდა გაიყიდოს, საიდანაც მოსარჩელეს უნდა მიეცეს 4000 აშშ დოლარი. აღნიშნული პირობა არ არის შესრულებული სხვადასხვა მიზეზების გამო.

კასატორების განმარტებით, ისინი არ უარყოფენ ვალის არსებობას და სურთ დაფარონ ვალი, ამისათვის თვლიან, რომ სადავო ფართი უნდა გაიყიდოს, გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით გაისტუმრებენ ვალს და თვითონაც არ დარჩებიან ქუჩაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით, მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საუძველზე, თ. მ-ს 2002წ. 1 აპრილამდე ჟ. ძ-ისათვის უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი. თ. მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹25 ბინა უნდა მიქცეულიყო აღსრულებაში აუქციონზე გატანის გზით. ჟ. ძ-ს სადავო ბინა სარეალიზაციოდ უნდა გადაეფორმებინა გ. მ-ის სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 2000წ. 21 იანვარს. თ. მ-მა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

ასევე დადგენილია, რომ მორიგების აქტის აღსრულებაზე სააღსრულებო წარმოება შეწყდა. ეს გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, სასამართლოს განჩინება, რომელზედაც აღსრულება შეწყვეტილია, მხარეებისათვის იმავე განჩინებით დაკისრებული, თუნდაც შეუსრულებელი ვალდებულებების, შესრულების ვალდებულებას არ წარმოშობს.

მხარეთათვის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ჟ. ძ-ი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ........ ბინა ¹25-ის მესაკუთრედ, ხოლო ბინა დაკავებული აქვს მ-ების ოჯახს.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ჟ.ძ-ის სააკუთრების უფლება ბინაზე დადგენილია საჯარო რეესტრის ამონაწერით. მითითებული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ბინიდან.

სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს.

მოცემულ შემთხვევაში თ. და ლ. მ-ების მიერ სადავო ბინის ფლობის უფლებაზე მტკიცებულებები საქმის მასალებში არ მოიპოვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებებს და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ივნისის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.