დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1028-1301-05 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: სარდაფის მუდმივი სარგებლობის ობიექტად ცნობა და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (ძირითად სარჩელში); ხელშეშლის აღკვეთა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 3 თებერვალს შპს „ნ-ას“ დირექტორმა ლ. კ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს სს „ზ-ის“ წინააღმდეგ, რომელშიც აღნიშნა, რომ მაღაზია შპს „ნ-ა“ განთავსებულია ქ. ზუგდიდში, ..... მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე. სახლი ექსპლუატაციაში შევიდა 1965 წელს. მაღაზიას, ასევე, ეკუთვნოდა სარდაფი, რომელსაც ფლობდა 38წ. მანძილზე. 1997 წელს მაღაზია პრივატიზებულ იქნა, ხოლო სარდაფი დარჩა პრივატიზაციის გარეშე. სარდაფის ფართია 133 კვ.მ. მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხისათვის სარდაფის მოსარჩელის სახელზე პრივატიზაციის დაკისრება. დაზუსტებული სარჩელით ლ. კ-ამ მოითხოვა, რომ სარდაფი, რომელიც მდებარეობს მაღაზიის ქვეშ და წარმოადგენს ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილს, ცნობილ იქნეს მის მუდმივი სარგებლობის ობიექტად და რეგისტრირებულ იქნეს საჯარო რეესტრში.
გ. ჟ-ამ, ნ. ბ-მა, ს. ღ-ამ, ნ. ქ-ამ, კ. ხ-ამ, გ. შ-ამ და ბ. ხ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს. მათ აღნიშნეს, რომ ცხოვრობენ ქ. ზუგდიდში, ...... მდებარე მრავალბინიან სახლში. ეს სახლი ექსპლუატაციაში შევიდა 1965 წელს. სახლი პრივატიზებულია, მაგრამ პრივატიზაციის გარეშე დარჩა მათ საკუთრებაში არსებული 133 კვ.მ სარდაფები. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საერთო საკუთრების უფლებით სადავო ფართით სარგებლობა და შპს „ნ-ასათვის“ ამ ფართით თვითნებურად უკანონო სარგებლობის უფლების აღკვეთა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა _ მესამე პირების _ ნ. ბ-ის, ს. ღ-ას, ნ. ქ-ას, გ. ჟ-ას, კ. ხ-ას, გ. შ-ასა და ბ. ხ-ას შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჟ-ამ, ნ. ქ-ამ, ბ. ხ-ამ, კ. ხ-ამ, გ. შ-ამ, ს. ღ-ამ და ნ. ქ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შპს „ნ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის, ს. ღ-ას, ნ. ქ-ას, გ. ჟ-ას, კ. ხ-ას, გ. შ-ასა და ბ. ხ-ას შეგებებული სარჩელი: შპს „ნ-ს“ აღეკვეთა ქ. ზუგდიდში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის 133 კვ.მ სარდაფით სარგებლობის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 25 იანვრის განჩინებით შპს „ნ-ას“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ნ-ის” დირექტორ ლ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქ. ზუგდიდში, ... მისი კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართის ქვეშ მდებარე 133 კვ.მ სარდაფიდან მუდმივი სარგებლობის უფლებით მას გამოეყო 70 კვ.მ. გ. ჟ-ას, რ. ხ-ას, კ. ხ-ას, გ. შ-ას, ს. ღ-ას, ნ. ქ-ას შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ქ. ზუგდიდში, ..... მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შპს “ნ-ას” მფლობელობაში არსებული 133 კვ.მ სარდაფიდან საერთო საკუთრების უფლებით გადაეცათ 63 კვ.მ.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს გ. ჟ-ამ და სხვებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, საკასაციო საჩივრის შემტან პირთა ზუსტი დასახელების, მოცემული საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება გ. ჟ-ას ჩაბარდა 2005წ. 11 ოქტომბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, საკასაციო საჩივრის შემტან პირთა ზუსტი დასახელების, მოცემული საკასაციო საჩივრის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად. საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო განყოფილების მიღება-ჩაბარების უწყების თანახმად, საკასაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება გ. ჟ-ას ჩაბარდა 2005წ. 11 ოქტომბერს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
საქართველოს სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩემოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში გ. ჟ-ამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.