გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1054-1292-04 5 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, თანხის დაკისრება და სასყიდლიანი სერვიტუტის დადგენა (ძირითად სარჩელში); ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ბ.-მ აღძრა სარჩელი ი. და ზ. გ.-ების, ასევე, ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა ი. და ზ. გ.-ებზე 1975წ. 15 დეკემბერს გაცემული ტექ.პასპორტის გაუქმება. საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹12 და ¹17 ოთახების საერთო სარგებლობის ფართიდან ამორიცხვა და მის საკუთრებაში აღრიცხვა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნული ფართის სარგებლობისათვის მოპასუხეებზე ყოველთვიურად 100 ლარის გადახდევინების დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, აღძრეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს მოსარჩელისათვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, 8400 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ 1996 წლიდან მოსარჩელე მათ არ აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ კუთვნილი ფართით, რის გამოც კარგავენ მნიშვნელოვან შემოსავალს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, ხოლო მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ ¹12 და ¹17 ოთახების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლით მოპასუხეებს წაერთმევათ კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება. სასამართლომ სკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა შეიძლება მაშინ, თუ ამით არ ირღვევა მეზობლის ან სხვა მესამე პირთა უფლებები. შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობა სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ, ვინაიდან ბინა მდებარეობს ქალაქის პირველ ზონაში, მოპასუხეები, ხელშეშლის არარსებობის შემთხვევაში კუთვნილ ფართს გააქირავებდნენ თვეში 100 აშშ დოლარად მაინც.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება. ნ. ბ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ დადგინდა ცვლილებების შეტანა ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის, საჯარო რეესტრის მონაცემებში და ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹12 და ¹17 ოთახების საკუთრების უფლებით ნ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა. ნ. ბ.-ს უარი ეთქვა ი. და ზ. გ.-ებისათვის სასყიდლიანი სერვიტუტის დაწესებაზე. ი. და ზ. გ.-ებს მიეცათ უფლება, უსასყიდლოდ ისარგებლონ ქ. ბათუმში, ... მდებარე, ნ. ბ.-ის სახელზე რიცხული ¹17-ე ოთახით, ამავე სახლში მათ საკუთრებაში არსებულ ¹3, 4 და 14 ოთახებთან დაკავშირების მიზნით და განისაზღვრა ამ უფლების ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში უსასყიდლო სერვიტუტის სახით აღრიცხვა, ი. და ზ. გ.-ებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ი. და ზ. გ.-ებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ძირითად სარჩელზე უარის თქმა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ნ. ბ.-ის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სადავო სახლთმფლობელობის ¹17 და ¹12 ოთახები ამორიცხა საერთო სარგებლობის ფართიდან და გადასცა ნ. ბ.-ს საკუთრებაში. ტექნიკურ ბიუროში არსებული მონაცემებით ნ. ბ.-ის საკუთრებას შეადგენს სახლთმფლობელობის 7\12-ს, სადაც არ შედის საერთო სარგებლობის ფართი _ ¹12 და ¹17 ოთახები.
საქმის განხილვის პროცესში ნ. ბ.-მ შემოიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სასყიდლიანი სერვიტუტის დადგენის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ნ. ბ.-ის აზრით, სასამართლოს მსჯელობა სასყდლიანი სერვიტუტის დაწესებაზე უარის თქმის შესახებ, დაუსაბუთებელია. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს, რომელიც შედგება ორი იზოლირებული ნაწილისაგან, სადაც ერთი ნაწილის მესაკუთრეებად ირიცხებიან ბ.-ე ნ., ს. ჩ.-ძე და ზ., ი. გ.-ები (შესაბამისად, წილები 7/12, 1/22, 1/22), ხოლო მეორე დამოუკიდებლად იზოლირებული და ზემოაღნიშნული ნაწილისაგან რეალურად გამოყოფილი ნაწილის _ სხვა პირები. ამდენად ი. გ.-ის კუთვნილი 1/22 და ზ. გ.-ის კუთვნილი 1/22 წილები რეალურად გამოყოფილია და შესდგება სამი საცხოვრებელი ოთახისგან, კერძოდ, ¹3, 4 და 14 ოთახებისგან (სულ _ 62 კვ.მ), რაც დასტურდება ქ.ბათუმის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1975წ. 15 დეკემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტით. ნ. ბ.-ე ირიცხება სახლთმფლობელობის დანარჩენი 7/12-ის მესაკუთრედ, რაც შეადგენს 407,8 კვ.მ-ს და მოიცავს სადავო ¹12 და 17 ოთახებს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიერ ი. და ზ. გ.-ებზე 1975წ. 15 დეკემბერს გაცემულ ტექნიკურ პასპორტში ¹12 და 17 ოთახების სადავო სარგებლობის ფართად დაფიქსირების შესახებ განხორციელებული სადავო ჩანაწერის სამართლებრივ საფუძველს და იურიდიულ შედეგს.
ი. და ზ. გ.-ებისა და ქ.ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ შეტანილი სარჩელით ნ. ბ.-ე მოითხოვს ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹12 და 17 ოთახების საერთო სარგებლობის ფართიდან ამორიცხვას და მის საკუთრებაში აღრიცხვას, შესაბამისი ცვლილებების შეტანას ტექნიკური ინვენტარიზაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ქ.ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, დავის საგანს კი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების უკანონოდ მიჩნევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. და ზ. გ.-ების საკასაციო საჩივარი და ნ. ბ.-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.