გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1061-1344-04 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნიწილი:
1991წ. აპრილში ვ. ს.-ს თავისმა ცოლოს ძმამ ვ. წ.-მ ავტომანქანის შესაძენად სთხოვა 3000 მანეთის სესხება. ვ. ს.-ს იმ პერიოდში 2000 მანეთი გასესხებული ჰქონდა მ. ს.-ზე. მან აღნიშნული თანხის ამოღების შემდეგ ვ. წ.-ს, როგორც ახლო ნათესავს, დაჰპირდა 3000 მანეთის სესხებას. იმავე თვეში ვ. ს.-მ მ. ს.-სგან დაიბრუნა გასესხებული 2000 მანეთი, დაუმატა 1000 მანეთი, რომელიც პირადად გააჩნდა და 3000 მანეთი სესხის სახით გადასცა ცოლის ძმას _ ვ. წ.-ს.
2003წ. 5 მარტს ვ. ს.-მ სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. წ.-ს მიმართ და მოითხოვა გასესხებული თანხის უკან დაბრუნება. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 1991წ. აპრილში 3000 მანეთის ეკვივალენტური თანხა 2003წ. თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 2014 ლარს. ვინაიდან ვ. წ.-მ ვ. ს.-ს დაუბრუნა 300 ლარი, ვ. ს.-მ მოითხოვა ვ. წ.-სთვის თავის სასარგებლოდ სესხის სახით დარჩენილი 1714 ლარის გადახდის დაკისრება.
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ. წ.-ს ვ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 1714 ლარის გადახდა.
ვ. წ.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება. ვ. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ვ. წ.-ს ვ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა ორმოცდაცამეტი ლარის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწრამეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ვ. ს.-ს საკასაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა აღნიშნული საქმე და 2004წ. 6 მაისის განჩინებით ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გადაწყვიტოს, ლარის კურსით რა ოდენობის თანხას შეადგენს ვ. წ.-ს მიერ ვ. ს.-სათვის გადაუხდელი თანხა და ისე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. წ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბერის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ს.-ს სარჩელი. ვ. წ.-ს ვ. ს.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 113 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულება დაიდო არა 1991წ., არამედ 1992წ. აპრილში. საქმეს ერთვის სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, 1992წ. აპრილისათვის 3000 მანეთი 2003წ. 1 მარტისათვის შეადგენდა 413 ლარს. სააპელაციო პალატამ ვ.ს.-ს აღიარების გათვალისწინებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ვ.წ.-ს ვ.ს.-სთვის გადასახდელი 413 ლარიდან გადახდილი აქვს 300 ლარო, ხოლო გადასახდელი აქვს 113 ლარი.
ვ. ს.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება, ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბერის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ 2003წ. 29 დეკემბერს საქმის განხილვაში. ამდენად, დაირღვა სსკ-ის 394-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტი. აღნიშნული დარღვევა, როგორც საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, საფუძვლად უნდა დაედოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. ვ.წ.-ს მიერ ფულის სესხად აღებას სინამდვილეში ადგილი ჰქონდა 1991წ. აპრილში, რაც დასტრდება მოწმე მ. ს.-სა და ვ.წ.-ს დის, ამავე დროს ვ.ს.-ს მეუღლის, ქ. წ.-ს ჩვენებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შექმნის, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობის წესი. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. მითითებული ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებაში შეფერხების თავიდან ასაცილებლად, საოლქო სასამართლოს მოსამართლეს შეიძლება დაევალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა კოლეგიაში ან პალატაში.
ვ. ს.-ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სსკ-ის 372-ე, მე-200 მუხლების თანახმად ამზადებდა მოსამართლე ი. შ.-ე. იგი თავმჯდომარეობდა სხდომას 2004წ. 26 ივლისამდე. მითითებულ დღეს სხდომა გადაიდო 2004წ. 12 აგვისტოსათვის. ამ თარიღისათვის კი საქმე განიხილა სრულიად სხვა შემადგენლობამ, რომელშიც მონაწილეობდნენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მოსამართლეები ისე, რომ არ არის მითითებული, თუ რამ განაპირობა მოსამართლეთა მთელი შემადგენლობის შეცვლა, მითუმეტეს, რომ მოსამართლეთა მიმართ აცილება სხდომის დღისათვის დაყენებული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.