დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 18.04.2006
საქმის ნომერი
ას-1065-1331-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1065-1331-05 18 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა ან თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ლ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-ის», «ჯ. ბ-ისა» და ა. კ-ძის მიმართ ა.კ-ძისათვის უკანონოდ გადაცემული საცხოვრებელი ბინის გამოთხოვის, ამ უკანასკნელის სახელზე საჯარო რეესტრში ბინის აღრიცხვის ჩანაწერის გაუქმების, მიწოდებული პროდუქციის სანაცვლოდ 21000 აშშ დოლარისა და მასზე ყოველთვიურად დარიცხული 3%-ის გადახდის, ასევე, «ტ. უ-ი 1997-ის» კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1999წ. 11 ოქტომბერს, ერთი მხრივ, ა. ლ-ვას, ხოლო, მეორე მხრივ, ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-სა» და «ჯ. ბ-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეებმა ვალდებულება იკისრეს, 2000წ. სექტემბრამდე ა.ლ-ვასათვის საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ... მდებარე 227 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოფარეხი, სანაცვლოდ მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა 970 ტონა ცემენტი. მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მშენებლობის დასრულებისას მოპასუხეებს ა.ლ-ვასთვის ასევე უნდა აენაზღაურებინათ ხელშეკრულებაში მითითებული ცემენტის რაოდენობაზე მეტად მიწოდებული ცემენტის ღირებულება _ 1ტ 54 აშშ დოლარად. მოსარჩელემ მოპასუხეებს მიაწოდა 1294,7 ტ ცემენტი, ხოლო სახლის დამთავრების შემდეგ მიიღო 227 კვ.მ საცხოვრებელი ბინა და მხოლოდ ერთი ავტოფარეხი. ა. ლ-ვასთან შეუთანხმებლად, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ცემენტის სანაცვლოდ, ა. კ-ძეს გადასცეს 100 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, რომლის ღირებულებაც, მოსარჩელის განმარტებით, მეტობით მიწოდებული ცემენტის ღირებულებას უთანაბრდება. ა.ლ-ვასათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-ის» წევრთა კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდა 62 წევრი, ამხანაგობა გაუქმდა. მოსარჩელის განმარტებით, იგი, როგორც ამხანაგობის წევრი, სხდომას არ დასწრებია და მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებამდე ამხანაგობას ფუნქციონირების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდა.

მოპასუხეებმა შპს «ჯ. ბ-მა» და ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-მა» სარჩელი არ ცნეს შემდეგი მოტივებით: მოპასუხეთა მიერ 1999წ. 11 ოქტომბერს ა.ლ-ვასა და ა.კ-ძესთან დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ა.ლ-ვას მშენებარე ფართის ღირებულების _ 45000 აშშ დოლარის სანაცვლოდ უნდა შეეტანა 840 ტ რუსთავის ქარხნის ცემენტი, ხოლო ა. კ-ძეს _ 20000 აშშ დოლარის ნაცვლად, 370 ტ ცემენტი. სახლის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, რადგანაც რუსთავის ცემენტის ქარხანას პრეტენზიები არ წარუდგენია, ამხანაგობამ მიიჩნია, რომ ა.ლ-ვასა და ა. კ-ძისათვის ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემული ბინების ღირებულება დაფარული იყო მიწოდებული ცემენტით და მხარეებმა არსებული ვალდებულება შეასრულეს. მოპასუხეთა მოსაზრებით, ა.ლ-ვას ამხანაგობის საერთო კრებაზე გამოცხადება ვერაფერს შეცვლიდა, რადგან სახლის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ შედგა ამხანაგობის საერთო კრება, რომელსაც 83 წევრიდან 62 წევრი ესწრებოდა და ამხანაგობამ კანონის მოთხოვნათა ზუსტი დაცვით შეწყვიტა ერთობლივი საქმიანობა. ამხანაგობის თითოეულ წევრს გამოეყო შესაბამისი ფართის ბინა, რომელთა რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მესაკუთრეებმა თვითონ მოახდინეს.

ა. კ-ძემ ასევე არ ცნო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ საცხოვრებელი ბინის მიღებიდან 3წ. შემდეგ ა. ლ-ვამ მას მოტყუებით დააწერინა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება, რომლითაც აღიარა მის ნაცვლად ა.ლ-ვას მიერ ცემენტის შეტანა. ა. ლ-ვა მშენებლობისათვის საჭირო ცემენტს ყიდულობდა ა. კ-ძის თანხებით, ხელშეკრულებაში მითითებულ ფასზე ნაკლებად.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ა. ლ-ვას უარი ეთქვა ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-ის» 2002წ. 21 დეკემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობაზე, აგრეთვე ა. კ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის _ ქ. თბილისში, ... მდებარე ¹63 ბინის შპს «ჯ. ბ-ისა» და ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-ისათვის» დაბრუნებაზე და იმავე ბინის მისთვის გადაცემაზე, ასევე ა. კ-ძის სახელზე ქ. თბილისში, ... მდებარე ¹63 ბინის თაობაზე საჯარო რეესტრში ჩანაწერის გაუქმებისა და შპს «ჯ. ბ-ისა» და ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-ის» მიმართ 21000 აშშ დოლარისა და მასზე ყოველთვიურად დარიცხული 3%-ის დაკისრებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ვამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ა. ლ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. კ-ძეს ა. ლ-ვას სასარგებლოდ დაეკისრა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.კ-ძემ მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ამ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სამშენებლო კომპანია «ჯ. ბ-ისს», ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-სა» და ა. ლ-ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად კომპანია ვალდებულებას იღებდა ა. ლ-ვასათვის 2000წ. სექტემბრამდე გადაეცა მშენებარე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე 227 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. ბინის სრული ღირებულების _ 45400 აშშ დოლარის სანაცვლოდ ა. ლ-ვას უნდა შეეტანა 840 ტ ცემენტი, ხოლო ორი ავტოფარეხის სანაცვლოდ _ 130 ტ. 1 ტ ცემენტის ღირებულება შეადგენდა 54 აშშ დოლარს. მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, თუ მოსარჩელე მოპასუხეს მიაწოდებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტ ცემენტს, მშენებლობის დამთავრების შემდეგ მას ცემენტის ღირებულება აუნაზღაურდებოდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით ცემენტის ზედმეტად შეტანის ფაქტი არ დგინდება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ «ჯ. ბ-ს», ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-სა» და ა. კ-ძეს შორის 1999წ. 11 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, ა. კ-ძემ 100 კვ.მ ბინის ღირებულების სანაცვლოდ, იკისრა მეორე მხარისათვის 370 ტ ცემენტის მიწოდების ვალდებულება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა.ლ-ვამ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა ა.კ-ძისათვის 21000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლომ, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მან ა.კ-ძის ბინის ღირებულება მიწოდებული ცემენტით დაფარა, რის გამოც აღნიშნული ბინა მას უნდა გადასცემოდა, ვინაიდან ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, ა.ლ-ვამ მის მიერ მოპასუხისათვის სადავო რაოდენობის ცემენტის მიწოდების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინა. სასამართლოს მოსაზრებით, ა.კ-ძის ხელწერილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, რადგან მოპასუხემ აღნიშნული ხელწერილი სადავოდ გახადა და იგი შედგა ა.ლ-ვას თხოვნით, კომპანიისაგან მეორე ავტოფარეხის მიღების მიზნით.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ა.ლ-ვამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რა საფუძველს ეყრდნობა მისი მსჯელობა. პალატამ საერთოდ არ განიხილა კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების ბ.ბ-ძისა და ა.ლ-ვას განმარტებები. სასამართლომ არ შეაფასა ბ.ბ-ძისა და ა.ლ-ვას შედარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ ა.ლ-ვა ცემენტს ყიდულობდა ბ.ბ-ძისაგან და შეჰქონდა იგი «ჯ. ბ-ში“. მითითებული შედარების აქტი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და წარდმოადგენს ერთგვარ აღიარებას, რომ ცემენტი «ჯ. ბ-ში“ ნამდვილად შეტანილ იქნა. ცემენტის შეტანა არასწორად ხდებოდა შპს «უ--ის» სახელით, აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ «ჯ. ბ-ის“ დირექტორმა და ამავდროულად შპს «უ--ის» დამფუძნებელმა ა. შ-ძემ და ა. ლ-ვამ, შემოსავლის დამალვისა და გადასახადების გადახდისათვის თავის არიდების მიზნით, ისარგებლეს შპს «უ--ის» სახელით, ხოლო ა. ლ-ვა, როგორც ნათესავებს, ზემოხსენებულ პიროვნებებს ბრმად ენდობოდა, ამასთან, პროდუქციის აღრიცხვის ვალდებულება ეკისრებოდა «ჯ. ბ-ს“ და არა კასატორს. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 102-ე მუხლი, ვინაიდან ა.ლ-ვასა და ა.შ-ძეს შორის არსებული არაოფიციალური ურთიერთნდობაზე დამყარებული ურთიერთობის წერილობითი მტკიცებულებით დადასტურება შეუძლებელია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ა.კ-ძის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული აღიარება ა.ლ-ვას მაგივრად ცემენტის შეტანის შესახებ. ა.ლ-ვამ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სამშენებლო კომპანია „ჯ. ბ-ს“, ამხანაგობა „ტ. უ-ი 1997-სა“ და ა.კ-ძეს შორის 1999წ. 11 ოქტომბრის ხელშეკრულება ა.კ-ძის ნაცვლად ა.ლ-ვას მიერაა ხელმოწერილი, რის გამოც მხარეთა შორის ვალდებულება არ წარმოშობილა. ა.კ-ძეს ასევე ხელი არ მოუწერია და საერთოდ არ დასწრებია იმავე თარიღით ა.ლ-ვასა და ა.კ-ძეს შორის ხელშეკრულების გაფორმებას. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია ამხანაგობა „ტ. უ-ი 1997-ის“ 2002წ. 21 ოქტომბრის კრების ოქმი და ის დოკუმენტები, რომლებიც ასახავდნენ ბინების განაწილების მომენტში მხარეთა მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების რეალურ მდგომარეობას. სასამართლომ ა.კ-ძე ისე ჩათვალა ბინის მესაკუთრედ, რომ არ გაურკვევია, თუ რის სანაცვლოდ მიიღო მან ბინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წარმოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სამშენებლო კომპანია «ჯ. ბ-ის», ამხანაგობა «ტ. უ-ი 1997-სა» და ა. ლ-ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებდა ა. ლ-ვასათვის 2000წ. სექტემბრამდე გადაეცა მშენებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სადარბაზოს მეოთხე სართულზე 227 კვ.მ საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულების თანახმად, ბინის სრული ღირებულების _ 45400 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ა. ლ-ვას უნდა შეეტანა 840 ტონა ცემენტი, ხოლო ორი ავტოფარეხის ღირებულების სანაცვლოდ _ 130 ტონა. ერთი ტონა ცემენტის ღირებულება შეადგენდა 54 აშშ დოლარს. ასევე დადგენილია, რომ სამშენებლო კომპანია «ჯ. ბ-ს», ამხანაგობა «ტ. უ- 1997-სა» და ა. კ-ძეს შორის 1999წ. 11 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, ა. კ-ძემ იკისრა 100 კვ.მ ბინის ღირებულების სანაცვლოდ მეორე მხარისათვის 370 ტონა ცემენტის მიწოდების ვალდებულება.

ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო საჩივრით პრეტენზია არ არის გაცხადებული, რის გამოც აღნიშნული გარემოებები სავალდებულოს წარმოადგენს საკასაციო პალატისათვის.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო საჩივრის არგუმენტად კასატორის მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, თუ მოსარჩელე მოპასუხეს მიაწოდებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტ ცემენტს, მშენებლობის დამთავრების შემდეგ მას ცემენტის ღირებულება ბინით აუნაზღაურდებოდა. კასატორის განმარტებით, მან სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე მიაწოდა სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის ცემენტი, რომლის ღირებულება უნდა გადახდილიყო საბოლოო ანგარიშსწორებისას, მაგრამ, როგორც კასატორისთვის გახდა ცნობილი, მის მიერ მიწოდებული ცემენტის ხარჯზე აშენებული 100 კვ.მ ბინა გადაეცა ა. კ-ძეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ამ არგუმენტს, ვინაიდან ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კასატორი უთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ალ.ჯ-ძის ხელმოწერით დადასტურებულ მტკიცებულებაზე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი არ არის. სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამშენებლო მასალის მიწოდების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მხარეს არ წარმოუდგენია. ამდენად, კასატორის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის ერთ-ერთ არგუმენტად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 1999წ. 11 ოქტომბრის ხელშეკრულებები, რომელიც დადებულია სამშენებლო კომპანიასა და ა. ლ-ვას შორის, ასევე იმავე სამშენებლო კომპანიასა და ა. კ-ძეს შორის ხელმოწერილია ა. ლ-ვას მიერ და ა.კ-ძეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის მიღებაზე ნება არ გამოუხატავს. მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ამ საფუძვლის თაობაზე რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას არ განუცხადებია. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კასატორის ამ მოსაზრებაზე.

საკასაციო პალატა არ აფასებს კასატორის მოსაზრებას ამხანაგობა „ტ. უ-ი 1997-ის“ 2002წ. 21 ოქტომბრის კრების ოქმის კანონიერების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იგი საკასაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

a. ლ-ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.