გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1077-1327-05 4 მაისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ჯ-უამ 2004წ. სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ს. პ-ვასა და სასატუმრო «ა-ის” დირექტორის მიმართ და მოითხოვა ს. პ-ვას მიერ ამავე სასტუმროს 606-ე ოთახის გამოთავისუფლება, უკანონო მფლობელობის აღკვეთა და თავის ოთახში შესახლება. მისი სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ქ. ჯ-უა, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი 1993 წლიდან რეგისტრირებული იყო სასტუმრო «ა-ის» 606-ე ოთახში; იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაემგზავრა ქ. მოსკოვში დისშვილთან; სასტუმროს ოთახში დატოვებული ჰქონდა პირადი ნივთები. გამოჯანმრთელების შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა შეიტყო, რომ მისი ოთახის კარი შეამტვრია და იქ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ს. პ-ვა, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ უკანონოდ დაკავებული ოთახის განთავისუფლებაზე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ჯ-უას მოთხოვნა _ მოპასუხე ს. პ-ვა გამოსახლებული იქნა სასტუმრო «ა-ის“ (მდებარე ქ. თბილისში ... ¹606 ოთახიდან. სასტუმრო «ა-ის” დირეტორ - ნ. ჯ-ძეს დაევალა ქ. ჯ-უას შესახლების უზრუნველყოფა სასტუმრო «ა-ის“ (მდებარე ქ. თბილისში ... ¹606 ოთახში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხე ს. პ-ვამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ს. პ-ვას სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ. ჯ-უა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რომელსაც სხვა დევნილებთან ერთად ეკავა ფართი სასტუმრო «ა-ში». იგი რეგისტრირებული იყო ¹606-ე ოთახში და წარმოადგენდა ამ ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე დაკავშირებით, რომ ქ.ჯ-უამ მოსკოვში ხანგრძლივად ყოფნის გამო დაკარგა მფლობელობის უფლება მის მიერ დაკავებულ ფართზე. პალატამ გამოიყენა სკ-ის 156-ე მუხლი, რომლის თანახმად, მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ჯ-უას სამუდამოდ არ დაუთმია სადავო ნივთი, არ დარეგისტრირებულა სხვა მისამართზე, არ ჩამორთმევია ლტოლვილის სტატუსი.
ასევე პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ პ-ვამ სადავო ოთახი დაიკავა 1997 წელს, დროებით ჯ-უას ნათესავის თ.შ-იას თანხმობით, იმ პირობით, რომ ქ.ჯ-უას მოსკოვიდან ჩამოსვლისთანავე დაცლიდა მას. სასამართლომ მხარეთა შორის ურთიერთობა დააკვალიფიცირა, როგორც თხოვების სახელშეკრულებო ურთიერთობა და გამოიყენა სკ-ის 621–ე მუხლი. სასამართლოს მოსაზრებით, მართალია მოპასუხისათვის სადავო ოთახის დროებით დათმობის თაობაზე უშუალოდ ქ.ჯ-უა არ შეთანხმებია, მაგრამ მას აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია, რაც სასამართლომ მის თანხმობად მიიჩნია. სასამართლომ მიიჩნია, ს. პ-ვას მითითება იმ გარემოებაზე, რომ ბინა უნდა დაეცალა იმ შემთხვევაში, თუ ჯ-უა მოსკოვიდან ჩამოვიდოდა ერთ წელიწადში, გარდა მისი განმარტებისა სხვა გარემოებებით არ არის დადასტურებული, რისი მტკიცების ტვირთიც, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, პ-ვას ეკისრებოდა.
სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-ვამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატა დაეყრდნო ქ.ჯ-უას მიერ წარმოდგენილ ყალბ ცნობებს. ქ. ჯ-უას არასოდეს არ უცხოვრია სადავო 606-ე ოთახში, სადაც მისი ოჯახი რეგისტრირებულია 1997 წლიდან. ხოლო ქ. ჯ-უა ამავე წლიდან ამოღებული იყო სასტუმრო «ა-ში” მცხოვრებ ლტოლვილთა სიიდან, მან წარმოადგინა სასტუმრო «ა-ის» დირექტორის წერილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სახელზე. ქ.ჯ-უა არ გადიოდა ყოველწლიურ რეგისტრაციას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ის იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ; კასატორმა მიუთითა, რომ მან არაერთხელ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე გამოეთხოვათ ზემოხსენებული სამინისტროდან შესაბამისი დოკუმენტები, რაზედაც უარი მიიღო. კასატორმა მიუთითა, რომ ქ.ჯ-უას მიერ დოკუმენტების გაყალბების გამო მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას; მისი განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მიმდინარეობს გამოძიება. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო შეეჩერებინა საქმის წარმოება სსკ-ის 279-ე მუხლის «დ” პუნქტით, რაც არ შეასრულა და ქ. ჯ-უა ცნო კეთილსინდისიერ მფლობელად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ს. პ-ვას საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ჯ-უა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, იგი რეგისტრირებული იყო სასტუმრო «ა-ში» ¹606-ე ოთახში და წარმოადგენდა ამ ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ ს.პ-ვამ სადავო ოთახი დაიკავა 1997 წელს დროებით, ქ.ჯ-უას ნათესავი თ.შ-იას თანხმობით.
სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 156-ე მუხლი, რომლის თანახმად მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. ამ ნორმის შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, ქ. ჯ-უას მფლობელობა სადავო ოთახზე არ შეწყვეტილა, ვინაიდან იგი არ დარეგისტრირებულა სხვა მისამართზე, არ ჩამორთმევია ლტოლვილის სტატუსი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ქ. ჯ-უა 1997 წლიდან 2004 წლამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) არ ახორციელებდა სადავო ოთახზე პირდაპირ მფლობელობას. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ქ.ჯ-უამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა მისი საცხოვრებელი, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე სასამართლოს ამგვარი მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ამ გარემოების სათანადო გამოკვლევის გარეშე კი არ გამოირიცხება ეჭვი ქ.ჯ-უას მიერ ნივთის სამუდამოდ დათმობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ მხარეთა შორის, არსებობდა თხოვების სახელშეკრულებო ურთიერთობა და მოცემული დავა გადაწყვიტა სკ-ის 621–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად, თუ თხოვების ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუ მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ნივთი. მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სკ-ის 615-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი შეიძლება იყოს როგორც ნივთის მესაკუთრე, ასევე _ ისეთი პირი, რომელსაც კანონის ან ამ ნივთის მესაკუთრის ნებართვით გააჩნია თხოვების უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ ამ ნორმის შესაბამისად საერთოდ არ იმსჯელა იმის თაობაზე, ქ. ჯ-უას გააჩნდა თუ არა სადავო ოთახის ს.პ-ვასათვის თხოვების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატას უნდა დაეზუსტებინა ქ.ჯ-უას მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, იგი მოპასუხის ბინიდან გამოსახლებას ითხოვს ვინდიკაციური სარჩელით (სანივთო სამართლებრივი საშუალებით), თუ თხოვების სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაბამისად; სასამართლოს ასევე უნდა გამოერკვია სადავო ოთახის დათმობის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების კონკრეტული პირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. პ-ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.