დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1078-1326-05 6 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ა-ის სარჩელის გამო მოპასუხე დ. გ-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილში მითითებულია, თუ რა შემთხვევაში ითვლება სასამართლოს ნორმები დარღვეულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით კასატორ დ. გ-ს დაევალა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელშიც მითითებული იქნება, თუ კანონის რომელი დარღვევით არის გამოტანილი გასაჩივრებული განჩინება.
2005წ. 20 ოქტომბერს დ. გ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა დამატებითი საკასაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა გაერკვია განჩინების გამოტანამდე ის საკითხები, რაც საკასაციო საჩივარში აქვს მითითებული. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, კასატორმა წარმოადგინა 30 ლარის გადახდის შესახებ ქვითარი, რომელშიც არ იყო აღნიშნული ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტები, რაც მიჩნეულ იქნა ხარვეზად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 31 ოქტომბრის განჩინებით კასატორ დ. გ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში ხარვეზის შევსების შესახებ 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებაში მითითებული საბანკო რეკვიზიტების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის _ 30 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, ასევე, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რომელშიც მითითებული იქნება, თუ კანონის რომელი დარღვევით არის გამოტანილი გასაჩივრებული განჩინება.
აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2005წ. 24 ნოემბერს. ამდენად, ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა ამოიწურა 2005წ. 29 ნოემბერს. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გასვლის მიუხედავად, კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო მის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 401-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. გ-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.