დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.01.2006
საქმის ნომერი
ას-1113-1359-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა*

ას-1113-1359-05 12 იანვარი 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ს. ... წ-ამ“ 2004წ. 29 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ბანკი ...“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ... წ-ასა“ და სს კბ „ა-ის“ რუსთავის ფილიალს შორის 1998წ. 4 სექტემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულება და სს კბ „ა-ის“ რუსთავის ფილიალს დაეკისრა თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს. ... წ-ის“ ანგარიშიდან ჩამოწერილი 14 104 აშშ დოლარის უკან დაბრუნება, აგრეთვე, მის სასარგებლოდ 40000 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს, 12 663,36 აშშ დოლარის ოდენობით მატერიალური ზიანისა და 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ გაირკვა, რომ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის 2001წ. 21 მაისის ¹23 განკარგულებით სს კბ „ა-ი“ გამოცხადდა გადახდისუუნაროდ და გაუუქმდა ლიცენზია. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „ბანკი ...“ ცნობილ იქნა უფლებამონაცვლედ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდის ნაწილში. სს „ბანკმა ...“ აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 ივნისის განჩინებით ძალაში დატოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 იანვრის განჩინებით კითბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 10 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელი.

სს „ბანკმა ...“ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა – 66767 აშშ დოლარი 2004წ. 17 მარტს ჩაურიცხა მოსარჩელე ორგანიზაციას.

მოსარჩელის მოსაზრებით, საზოგადოებამ 2001წ. 18 აპრილიდან 2004წ. 17 მარტამდე არასწორად ჩამოწერილი 14 104 აშშ დოლარის დროულად დაუბრუნებლობის გამო განიცადა ზიანი, რაც შეადგენს 29645 აშშ დოლარს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. ... წ-ას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ს. ... წ-ის“ წარმომადგენელმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინებით შპს „ს. ... წ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება; სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე სს კბ „ა-ის“ რუსთავის ფილიალს მოსარჩელე შპს „ს. ... წ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. რაც შეეხება სს „ბანკმა ...“, იგი მითითებულ დავაში მხარეს არ წარმოადგენდა და მას არანაირი ვალდებულება არ წარმოშობია.

სს „ბანკმა ...“ 2004წ. 17 მარტსმოსარჩელეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის და 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩაურიცხა 66 767 აშშ დოლარი და 5 000 ლარი.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოსაზრება სკ-ის 411-ე, 417-ე, 861-ე, 867-ე, 869-ე მუხლების შესაბამისად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რადგან სკ-ის 411-ე მუხლი შეეხება ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისათვის; მოსარჩელემ სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა შემოსავალს მიიღებდა იგი მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებით და საერთოდ რაში გამოიხატა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სს „ბანკმა ...სთან“ არანაირი ხელშეკრულება გაფორმებული არჰქონია. სს „ბანკმა ...ს“ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც სს „ბანკი ...“ ცნობილი იქნა უფლებამონაცვლედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით სს კბ „ა-ის“ რუსთავის ფილიალზე დაკისრებული 66 767 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში და არა საერთოდ უფლებამონაცვლედ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 66 767 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟის თანხა 5 000 ლარი სს „ბანკი ...ს“ მოსარჩელეთავის გადახდილი აქვს 2004წ. 17 მარტს, რითაც მის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული იქნა.

შპს „ს. ... წ-ის“ წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

2001წ. 18 აპრილიდან 2004წ. 17 მარტამდე სს „ბანკი ...ს“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საზოგადოებამ განიცადა ზიანი, რამაც შეადგინა 29 645 ლარი. კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს სკ-ის 411-ე, 417-ე, 861-ე, 867-ე, 869-ე, 403-ე და 404-ე მუხლების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ შპს „ს. ... წ-ის“ წარმომადგენელი სერგო ლომსაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიმართ სს „ბანკმა ...ს“ თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე; რომლითაც სს „ბანკმა ...“ ცნობილი იქნა უფლებამონაცვლედ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით სს კბ „ა-ის“ რუსთავის ფილიალზე დაკისრებული 66 767 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სს „ბანკი ...სთან“ არანაირი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ 2001წ. 18 აპრილიდან 2004წ. მარტამდევალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ განიცადა ზიანი და ეს ზიანი უნდა აუნაზღაუროს მოპასუხემ.სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სკ-ის 401-ე მუხლის თანახმად კი ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ერთ-ერთ ასეთ გარემოებას წარმოადგენს ის, გარემოება, როდესაც მოვალეს მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს შესრულების მოვალეობის საწინააღმდეგოდ და ჯერჯერობით საიმისოდ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სს „ბანკმა ...მ“ თავიდანვე სადავო გახადა მოსარჩელის მიმართ თავისი ვალდებულების არსებობა და მან ეს ვალდებულება შეასრულა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სასამართლოს მიერ იგი ცნობილი იქნა სსკბ «ა-ის» უფლებამონაცვლედ მითითებული თანხის გადახდევინების ნაწილში ანუ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულმიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ს. ... წ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

* am saqmesTan dakavSirebiT ix. susg 2004, #1, samoq., gv. 258-261.