დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-112-447-05 21 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ზ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში რ. კ-ის და გ. კ-ის მიმართ და მოითხოვა რ. კ-ის და გ. კ-ის გამოსახლება რ. კ-ზე რიცხული თბილისში, ...... ბინიდან. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003წ. 18 ნოემბერს გამართულ აუქციონზე დ. ზ-ამ შეიძინა რ. კ-ის სახელზე რიცხული ბინა ზემოთ მითითებულ მისამართზე. მოპასუხეები უკანონოდ ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში და არ ათავისუფლებენ მას. მოსარჩელემ მოპასუხეების გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად მოითხოვა სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიტვირთა სადაო ბინა, აიღო მისმა ნათესავმა ყოველივე დაკავშირებულია საშუამავლო ფირმის თაღლითურ ქმედებასთან, რომლის უშუალო მონაწილეა დ. ზ-ა; მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: რ. კ-ი და გ. კ-ი გამოსახლებულ იქნენ თანმყოფ პირებთან ერთად თბილისში, ....... ბინიდან, რომელიც ირიცხება დ. ზ-ას სახელზე.
ამავე სასამართლოს 2004წ. 1 აპრილის განჩინებით რ. კ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 აპრილის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა რ. კ-ის კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2004წ. 4 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ის ითხოვდა საქმეში მესამე პირად ფირმა „რ-ას“ პრეზიდენტ ლ. ბ-ის ჩართვას. აღნიშნული კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 მაისის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
რ. კ-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 აპრილის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და და ამავე წლის 1 აპრილის განჩინება და სარჩელის განხილვა დაინიშნა 2004წ. 19 ნოემბერს; აღნიშნულ სხდომაზე რ. კ-მა მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ფინანსურ პოლიციაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლ. ბ-ის მიერ თაღლითური გზით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული _ გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს სსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და რ. კვიცანი და გ. კ-ი მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ....... ბინიდან მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადაო ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ. ზ-ას სახელზე. სკ-ის 270-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე მას, როგორც მესაკუთრეს, შეუძლია ვინდიკაციური სარჩელით გამოითხოვოს ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს რ. კ-მა და გ. კ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
2003წ. 17 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დ. ზ-ასგან 7800 დოლარი სინამდვილეში არ მიუღია, 2003წ. 2 სექტემბერს საარბიტრაჟო სასამართლომ მისი დასწრების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება; საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება და აღსრულება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამ გზით მისი ბინა უკანონოდ დარეგისტრირდა დ. ზ-ას სახელზე. ამ საქმის „ორგანიზატორი“ იყო ტურისტული ფირმა „რ-ას“ პრეზიდენტი ლ. ბ-ე; ამ უკანასკნელის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ნიშნებით; მოსარჩელე დ. ზ-ამ იცოდა და არ არის გამორიცხული მონაწილეც იყო ამ თაღლითური ქმედებისა, რაც დაკავშირებულია საშუამავლო ფირმის დანაშაულთან; დ. ზ-ა ვერ იქნება კეთილსინდისიერი შემძენი; სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლის საქმის განხილვის დასრულებამდე სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქობრივი გარემოებები, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003წ. 18 ნოემბერს გამართულ აუქციონზე, რომელიც ჩატარდა საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2003წ. 3 სექტემბერს გაცემული ¹........ სააღსრულებო ფურცლის საფუძელზე, დ. ზ-ამ შეიძინა რ. კ-ის სახელზე რიცხული ქ. თბილისში, ....... მდებარე ¹39-ე ბინა. აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია დ. ზ-ას სახელზე.
მითითებულ ბინაში ცხოვრობენ მოპასუხეები რ. კ-ი და გ. კ-ი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს ასეთი პრეტენზია არ წამოუყენებია.
სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი; ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ვერ მიუთითებენ მათ მიერ სადავო ბინის ფლობის სამართლებრივ საფუძველზე; ვერ იქნება გაზიარებული კასატორ რ. კ-ის მოსაზრება, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის გამო მოხდა იპოთეკით დატვირთული მის სახელზე რიცხული ბინის რეალიზაცია, მას არ დაურღვევია, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით სინამდვილეში მას არ უსარგებლია და თანხა არ მიუღია. საქმის მასალების მიხედვით, ამ უკანასკნელს სესხის ხელშეკრულება, ისევე, როგორც აუქციონის შედეგები სადავოდ არ გაუხდია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ 2004წ. 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე.
ლ. ბ-ე განსახილველი სამოქალაქო საქმის მხარე არ არის; საქმეში წარმოდგენილი მასალებით სამოქალაქო საქმის განხილვა შესაძლებელია ლ. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. კ-ის და გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.