დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 31.01.2006
საქმის ნომერი
ას-1144-1390-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1144-1390-05 31 იანვარი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამკვიდროს მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 22 იანვარს მ. მ-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1990წ. 30 აპრილს გარდაეცვალა დედის ძმა, კ. კ-შინაძე, რომელიც ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... ¹2\11-ში. მასთან ერთად ბინაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მისი ქალიშვილი ქ. მ-შვილი. იგი არის ბიძის ერთადერთი მემკვიდრე.

მოსარჩელის განცხადებით, იგი ბიძასთან სანახავად იმყოფებოდა მარტში, დაუტოვა 1200 მანეთი, პროდუქტი და დაბრუნდა რაიონში, რადგან უვლიდა ავადმყოფს, ხოლო მისი შვილი კი პრაქტიკებზე იმყოფებოდა. როდესაც 15 მაისს სოფლიდან დაბრუნდა ბიძა დასაფლავებული დახვდა. მისი დატოვებული ფულით ბიძა დაუსაფლავებია მეგობარს, ხოლო ბინა კი დაკეტილი დახვდა, რის თაობაზეც მიმართა სახლმმართველობას, სადაც განუცხადეს, რომ 6 თვის შემდეგ მისულიყო სამემკვიდრეო საბუთებით, მაგრამ ამ დროისათვის ბინა უკანონოდ დაუკავებია მეზობლად მცხოვრებ ვ. მ-იანს.

მოსარჩელის განმარტებით, სახლმმართველობა და პოლიცია უმარტავდა, რომ მას დაეხმარებოდნენ და ბინიდან გამოსახლებული იქნებოდა მოპასუხე, მაგრამ 1997წ. 8 მაისის წერილით აცნობეს, რომ მთაწმინდის საბინაო საექსპლუატაციო ტრესტის სარჩელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე მთაწმინდის რაიონის სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია, ხოლო მის მიერ არქივიდან მოძიებულ იქნა ინფორმაცია, რომ ბიძამისის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე ყოფილი კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1990წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება და ბიძამისის ბინიდან ერთი ოთახი საცხოვრებლად უვარგისად იქნა ჩამოწერილი. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იქნა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობილი ვ. მ-იანი.

აღნიშნულის თაობაზე მ.მ-შვილმა საჩივარი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც, აიყვანა ადვოკატი, შემდეგ კი გარდაეცვალა მეუღლე და ავადმყოფობდა, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ მიმართა მოსამართლე ჯ. რ-შვილს, რომელმაც საქმე დააბრუნა რაიონში ხელახლა განსახილველად, მაგრამ საქმე ვერ იქნა მოძიებული იმ მოტივით, რომ შენობაში წყლის ჩამოსვლის გამო სამოქალაქო საქმეები და, მათ შორის, მისი საქმეც განადგურებულია. მას შემდეგ კი ვერ მოიძია მასალები. მოსარჩელე ითხოვს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენას.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლით: რომ არასაპატიოდ იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართა სანოტარო ორგანოს.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 1 ივლისის გადაწყვეტილებით მ.მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მ.მ-შვილი ცნობილ იქნა მემკვიდრედ კ. კ-შინაძის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე (მაგიდა, სავარძელი). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. მისი აზრით, სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა გარემოებანი და წარმოდგენილი დოკუმენტაცია სწორად არ შეაფასა. ასევე არ მიეცა სამართლებრივი შეფასება თვით სერვისული ცენტრის 2004წ. 20 ივნისის წერილის, რომელიც გაგზავნილია გლდანის რაიონის ადვოკატურაში, სადაც სერვისული ცენტრის დირექტორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი შვილის, ქ. მ-შვილის‚ ბინიდან ამოწერის საფუძველი მათთვის უცნობია. აგრეთვე‚ კასატორის აზრით, ყურადღების და სამართლებრივი შეფასების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ქ.თბილისის მერიის არქივის 2004წ. 5 თებერვლის წერილიდან ირკვევა, რომ კალინინის რაიაღმასკომის 1996წ. მასალები არქივში შესანახად არ შესულა.

სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ასევე კასატორის მოთხოვნებს, რომ ის შეუდგა კ. კ-შინაძის ქონების ფლობას და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დააკარგინეს ბინა, რომელშიც ცხოვრობდა მუდმივად კ-შინაძესთან ერთად და ეწეოდა მასთან ერთად საერთო მეურნეობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ის ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, სადაც მას უარი ეთქვა კ. კ-შინაძის კუთვნილი ბინის მისთვის გადაცემაზე, როგორც ფართზე უფლებამოპოვებულ პირზე და კ-შინაძის მემკვიდრეზე და ითხოვს საქმე დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კ. კ-შინაძე 1987 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინაში. ვ. კ-შინაძე გარდაიცვალა 1990წ. 3 მაისს. მ. მ-შვილი კ. კ-შინაძის დის შვილია. ბინა, სადაც ცხოვრობდა კ. კ-შინაძე არ ყოფილა პრივატიზებული, იგი წარმოადგენდა კომუნალურ ბინას. დღეისათვის ეს ბინა პრივატიზებულია ვ. ჩარკვიანის სახელზე.

აღნიშნულ გარემოებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ბინა, რომელზეც კასატორი ითხოვს მემკვიდრედ ცნობას, არ წარმოადგენდა მისი მამკვიდრებლის _ კ. კ-შინაძის საკუთრებას ანუ იგი არ შეიძლება შევიდეს სამკვიდრო ქონებაში. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება.

კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას ძირითადად აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ჩაწერილი იყო სადავო ბინაში და ბიძამისთან ერთად ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბინაში ჩაწერა, ამჟამად კი სადავო ბინაში რეგისტრაცია არ წარმოშობს ბინაზე საკუთრების უფლებას. აღნიშნული გარემოების საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს ბინის პრივატიზაცია, მაგრამ როგორც კასატორი უთითებს, იგი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ამოწერეს ამ ბინიდან. აღნიშნული გარემოება სცილდება მოცემული სარჩელის განხილვის ფარგლებს და წარმოადგენს დამოუკიდებელი სარჩელის საგანს. აღნიშნულის გამო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და შეაფასოს კასატორის მიერ მითითებული გარემოებანი. სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს‚ მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-შვილი ითხოვდა ბიძამის _ კ. კ-შინაძის მემკვიდრედ ცნობას. საკასაციო საჩივარში დაყენებული არგუმენტები კი წარმოადგენს არა სარჩელში დაყენებული მოთხოვნის საფუძველს, არამედ იგი უკავშირდება სადავო ბინაზე არსებულ პრივატიზაციის ხელშეკრულების კანონიერების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით კი კასატორის მიერ მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა სარჩელში.

ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.