დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.02.2006
საქმის ნომერი
ას-1167-1411-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1167-1411-05 17 თებერვალი, 2006წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)‚

რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 20 ოქტომბერს რ. ე-შვილმა სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სამტრედიის ... დ-ს წინააღმდეგ და მოითხოვა დასახიჩრებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ იგი სამტრედიის ... დ-ში მუშაობდა მემანქანედ. მან 1990წ. ნოემბერში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო სამსახურებრივი ტრავმა, რის შედეგადაც დაკარგა შრომის უნარი 60%_ით, რასაც ადასტურებს 2003წ. 4 აპრილს შრომითი საექიმო ექსპერტიზის ბიუროსა და 2004წ. 27 სექტემბერს ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები, ასევე, 2004წ. 6 თებერვლის სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად ე-შვილის სხეულის დაზიანების ფაქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. დაზარალებულმა იხელმძღვანელა რა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესისშესახებ» 1999წ. 9 თებერვლის ¹48 პრეზიდენტის ბრძანებულებით, ზიანის ასანაზღაურებლად მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციას განცხადებით მიმართა 1998წ. 3 აპრილს და მოითხოვა 379 ლარის ანაზღაურება ყოველთვიურად, მდგომარეობის შეცვლამდე (იმჟამად მოქმედი საბარგო მემანქანის საშუალო ხელფასი შეადგენდა 632 ლარსა და 15 თეთრს, ამავე ბრძანებულების მე-2 თავის მე-11 მუხლის თანახმად, 632 ლარს გამოაკლდა შენარჩუნებული 40%, რამაც შეადგინა 253 ლარი, რაც დააკლდა 632 ლარს და სხვაობამ შეადგინა 379 ლარი), რაზეც უარი მიიღო. მოსარჩელემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებულების 51-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ორგანიზაციაში განცხადების შეტანის დღიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე რ. ე-შვილმა I ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა 1998 წლიდან სარჩელის შეტანის დღემდე 77 თვის აუღებელი სარჩოს – 29 183 ლარის ერთჯერადად გადახდა, ასევე, ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2004წ. ოქტომბრიდან მოპასუხისათვის ყოველთვიურად 379 ლარის დაკისრება.

სასამართლო სხდომაზე რ. ე-შვილმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა დაუარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებისათვის 500 ლარის ანაზღაურებაზე.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ რ. ე-შვილს სხეულის დაზიანება არ წარმოადგენდა საწარმოო ტრავმას და მისი შრომისუნარიანობის ხარისხის დაკარგვა არ უკავშირდებოდა საწარმოში მომხდარ შემთხვევას.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2005წ. 14 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. რ. ე-შვილი მუშაობდა რკინიგზის სამტრედიის ... დ-ში ელმავლის მემანქანედ; 2. 1990წ. 20 ნოემბერს, მაშინ, როდესაც იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მართავდა ელმავალს, უკანა მხრიდან შეეჯახა მეორე ელმავალი, რის გამოც რ. ე-შვილმა მიიღო სხეულის დაზიანება.სამტრედიის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რკინიგზის ... დ-ს რ. ე-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 7 580 ლარის, ხოლო ყოველთვიურად _ 379 ლარის გადახდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005წ. 14 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის ... დ-მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლების გამო:

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ რ.ე-შვილის სხეულის დაზიანება არასწორად ჩათვალა საწარმოო ტრავმად, არ დაადგინა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ბრალეულობა და არ გამოიკვლია სკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი და მათ საწარმოს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა თანხის გადახდა რ. ე-შვილის სასარგებლოდ.

მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა რ. ე-შვილისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, კერძოდ _ სხეულის დაზიანება. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია ასევე სამტრედიის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2003წ. 22 აპრილისა და 2004წ. 27 სექტემბრის დასკვნები რ. ე-შვილისათვის შრომითი დასახიჩრების მიყენების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაადგინა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა, კერძოდ, რ. ე-შვილისა და სამტრედიის ... დ-ს ბრალი წარმოშობილ ზიანში. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 463-ე მუხლის შესაბამისად, ანუ იმ დროისათვის, როცა წარმოიშვა სამართლებრივი ურთიერთობასაწარმოო ტრავმასთან დაკავშირებით ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იყო მომეტებულ საფრთხესთან (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვ.), მოვალენი იყვნენ აენაზღაურებინათ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებდნენ, რომ ზიანი გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით. ამავე წესს ითვალისწინებს სკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი (1997წ. რედაქცია), სატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ, რადგან ზიანი მიადგა შპს «ს. რ-ის» სამტრედიის ... დ-ს მფლობელობაში არსებული ელმავლით, ამიტომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც მასვე ეკისრება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 6 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ს. რ-ის» სამტრედიის ... დ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებებიდა არასწორად გამოიყენა 992-ე მუხლი, რადგან ფაქტობრივი მასალის არარსებობის გამო შეუძლებელი იყო მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

2006წ. 10 თებერვალს კასატორმა უზენაესსასამართლოში შემოიტანა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სადაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, რადგან სააპელაციო პალატამ დელიქტური ვალდებულების წარმოშობის თარიღად 1990წ. 20 ნოემბერი მიიჩნია და, შესაბამისად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების ხანდაზმულობა არის 3 წელი, იმ მომენტიდან, როცა პირმა იგი შეიტყო. მხარეს მოთხოვნის უფლება 1990წ. 20 ნოემბრიდან წარმოეშვა, მან კი სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბერს მიმართა. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს აღნიშნული ნორმა რომ გამოეყენებინა, საქმეზე სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში, მხარემ შეცვალა საპროცესო მოთხოვნა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 6 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელსაც ის თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს.

სსკ-ის 407-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ე-შვილი მუშაობდა რკინიგზის სამტრედიის ტერიტორიული სამმართველოს ... დ-ში ელმავლის მემანქანედ. 1990წ. 20 ნოემბერს რკინიგზის სადგურ სამტრედია პირველში მანევრირებისას, ერთმანეთს შეეჯახა ორი ელმავალი, რომელსაც მართავდნენ რ. ე-შვილი და გ, ფირჩხაია, რის შედეგადაც რ. ე-შვილმა მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია 2004წ. 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შრომითი დასახიჩრების არსებობის ფაქტი დასტურდება ასევე სამტრედიის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2003წ. 22 აპრილის ¹000063 და 2004წ. 27 სექტემბრის ¹127944 ცნობებით.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს შინაგან რწმენას, საკასაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს, რადგან საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ან საპროცესო დარღვევებზე, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა დავის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე, კასატორი ვერ მიუთითებს და არც დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული.

სკ-ის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ამიტომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უნდა გამოვიყენოთ მატერიალური სამართლის ის ნორმები, რომლებიც აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედებდა.

ელეს მიადგა 1990 წელს, მაშინ როდესაც სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964წ. რედაქცია აწესრიგებდა. აღნიშნული კოდექსის 463-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოო ტრავმასთან დაკავშირებით ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იყო მომეტებულ საფრთხესთან (სატრანსპორტო ორგანიზაციები, სამრეწველო საწარმოები, მშენებლობები, ავტომობილთა მფლობელები და სხვ.), მოვალენი იყვნენ აენაზღაურებინათ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებდნენ, რომ ზიანი გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან თვითონ დაზარალებულის განზრახვით, ე.ი. ამშემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ზიანის არსებობა თავისთავად წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ხოლო თუ ადგილი აქვს დაუძლეველ ძალას ან დაზარალებულის ბრალს, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება დელიქტვალდებულ პირს, ანუ ამ შემთხვევაში სამტრედიის ... დ-ს.

რაც შეეხება კასატორის დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს და ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადაზე მითითებას, სსსკ-ს 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომლებიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში კასატორი არაფერს უთითებს, ამიტომ აღნიშნული გარემოება ითვლება ახალ გარემოებებზე მითითებად, რისი გათვალისწინებაც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ს 410-ე მუხლის შესაბამისად, კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს «ს. რ-ა» სამტრედიის ... დ-ს

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ა. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 6 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.