დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1240-1382-04 22 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 30 სექტემბერს შ. ს-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლის თანახმად, 2002წ. 5 ივლისს მან ე. დ-ს ასესხა 2200 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით პროცენტის დარიცხვის გარეშე. განმცხადებლის განმარტებით, ე.დ-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს _ 2003წ. 5 ივლისს _ სესხი არ დაუბრუნებია, ამდენად, შ.ს-მ მოითხოვა გამარტივებული წესით საქმის განხილვა და შესაბამისი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით ე.დ-ს შ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2200 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხის პროტესტით აღნიშნული საქმის განხილვა გაგრძელდა სასარჩელო წესით. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო თანხა მოსარჩელეს დროულად დაუბრუნა, თუმცა, მხარეთა შორის ნდობის არსებობის გამო, აღნიშნული წერილობით არ გაფორმებულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ე. დ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 2200 აშშ დოლარის გადახდა, რაც ე.დ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 23 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2200 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის. სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ე. დ-მ ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების, კერძოდ, მოსარჩელისათვის 2003წ. მარტში 500 აშშ დოლარის, მაისში _ 500 აშშ დოლარის, ხოლო შემდგომ 1200 აშშ დოლარის პერიოდულად გადახდის შესახებ რაიმე წერილობითი მტკიცებულება. პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 429-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სესხის დაბრუნების სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თანხის გადახდის თაობაზე აპელანტის არგუმენტს ვერ გაიზიარებს. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ე.დ-ის მტკიცება, თითქოს შ. ს-ს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, მხარეთა ნათესაური ურთიერთობიდან გამომდინარე, არ მოსთხოვა.
სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება ე. დ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, პალატამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლია, რასაც უკანონო განჩინების გამოტანა მოჰყვა. კასატორის აზრით, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა ე.დ-ის განმარტება სადავო თანხის შ.ს-ისათვის დაბრუნების შესახებ, რაც სასამართლომ უკანონოდ არ განახორციელა. ე.დ-ის მითითებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი. მხარის აზრით, მართალია, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს კრედიტორის მოვალეობას ვალის მიღების დამადასტურებელი საბუთის გაცემის შესახებ, თუმცა აღნიშნულის წინაპირობად კასატორმა მოვალის მოთხოვნა მიიჩნია და განმარტა, რომ ე.დ-ს ასეთი საბუთი, კრედიტორის მიმართ ნდობის არსებობის გამო, არ მოუთხოვია, რაც სასამართლომ არასწორად შეაფასა. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია კანონი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულია ის გარემოება, რომ ე. დ-მ შ. ს-ისაგან სესხად მიიღო 2200 აშშ დოლარი. სასესხო ურთიერთობა დასტურდება სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით. ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება ე. დ-ს არ წარმოუდგენია.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივარი ამგვარ პრეტენზიას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს დადგენილად მიიჩნევს და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, კერძოდ:
სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია, მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია რა მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, იგი უფლებამოსილია, კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მსგავსად წესრიგდება ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტის _ სავალო საბუთის კრედიტორისაგან გამოთხოვის საკითხიც. ვალდებულება შესრულებულად და, შესაბამისად, შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სავალო საბუთი მოვალის მფლობელობაშია.
სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. კასატორმა ვერ წარმოადგინა რა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საოლქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ე. დ-ის განმარტება ვალდებულების შესრულების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.