დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1241-1483-05 1 ივნისი, 2006 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოში სს „ს. ს. ე-კომპანიის“ მიმართ სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალი „რ-ის სამმართველოს“ დირექტორის 2004 წლის 26 ოქტომბრის ¹208 ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2004 წლის 12 იანვარს მოპასუხესთან გაფორმებული უვადო შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ მრიცხველების ლაბორატორიის მენეჯერის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა თვეში 450 ლარს. 2004 წლის 24 ნოემბერს მოპასუხემ ჩააბარა ბრძანება ¹208 და მაშინ შეიტყო, რომ სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალი „რ-ის სამმართველოს“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის „დ“ პუნქტის და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2004 წლის 26 ოქტომბრიდან გათავისუფლდა სამუშაოდან.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლებისას ადმინისტრაციამ დაარღვია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-34-ე და 37-ე მუხლების მოთხოვნები.
თ. ლ-ძემ მოითხოვა ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ დირექტორის ¹208 ბრძანება, თ. ლ-ძის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ და თ. ლ-ძე აღდგენილ იქნა სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ (მისი უფლებამონაცვლის) მენეჯერის თანამდებობაზე. სს „ს. ს. ე-კომპანიას“ თ. ლ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა განთავისუფლების დღიდან 2004 წლის 26 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 450 ლარის გადახდა სამსახურში აღდგენამდე.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს თ.ლ-ძის განთავისუფლებისას არ გაუთვალისწინებია შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლით დადგენილი გარანტირებული შრომის უფლება, აგრეთვე, თ.ლ-ძის განთავისუფლებისას არ არსებობდა პროფკავშირის თანხმობა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ არ დაუდგენია, ვის უფრო ხანგრძლივი სტაჟი ჰქონდა, თ.ლ-ძეს თუ ორგანიზაციაში მომუშავე სხვა მუშაკებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ს. ე-კომპანიამ“.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება თ. ლ-ძის სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ უფლებამონაცვლის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. ლ-ძე აღდგენილ იქნა სს „ს. ს. ე-კომპანიის“ რუსთავის ფილიალის „რ-ის სამმართველოს“ უფლებამონაცვლის ქვემო ქართლის ფილიალის რუსთავის მომსახურების ცენტრის მრიცხველების ლაბორატორიის მენეჯერად. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტების თანახმად, შრომის ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირების თანხმობის გარეშე დაიშვება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ან იმ საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან დათხოვნისას, სადაც არ არის პროფკავშირები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში არის პროფკავშირები, მაგრამ მათი წინასწარი თანხმობა თ. ლ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, ადმინისტრაციას არ მიუღია, აგრეთვე, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ თ. ლ-ძეს მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ პერსონალურად ეცნობა ორი თვით ადრე. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ.ლ-ძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარემ ასევე დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე და 421-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას, სამსახურიდან განთავისუფლებული მუშაკის შრომის უფლების უზრუნველყოფის გარანტიებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ს. ს. ე-კომპანიამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საწარმოს ფილიალის ლიკვიდაციისას ფილიალის ადმონისტრაცია არ არის უფლებამოსილი პროფკავშირების წინასწარი თანხმობის გარეშე გაათავისუფლოს ფილიალში დასაქმებული მუშაკები მაშინ, როდესაც, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროფკავშირის თანხმობა საჭირო არ არის. კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე თ. ლ-ძე არ გაუფრთხილებიათ მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თ. ლ-ძე უვადო კონტრაქტის საფუძველზე მუშაობდა სს «ს. ს. ე-კომპანიის” ფილიალის «რ-ის სამმართველოს” მრიცხველების ლაბორატორიის მენეჯრის თანამდებობაზე. სს «ს. ს. ე-კომპანია” რუსთავის ფილიალის «რ-ის სამმართველოს” უფროსის 2004 წლის 26 ოქტომბრის ¹208 ბრძანებით, ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თ. ლ-ძე 2004 წლის 26 ოქტომბრიდან განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
ასევე დადგენილია და სადავო არ არის, რომ ორგანიზაციაში არის პროფკავშირები. თ. ლ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ პროფკავშირების წინასწარი თანხმობა არ არსებობს. ასევე დადგენილია, რომ არ არსებობს პერსონალური შეტყობინება სამუშაოდან მისი მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სს «ს. ს. ე-კომპანიაში” განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც რუსთავის ფილიალის «რ-ის სამმართველოს” ბაზაზე შეიქმნა «ქვემო ქართლის ფილიალი”.
საქართველო შრომის კანონთა კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების მოშლა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის ინიციატივით შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტის თანხმობის გარეშე დაიშვება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციისას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სს «ს. ს. ე-კომპანია” წარმოადგენს საწარმოს («მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.1 მუხლი), ხოლო იურიდიული პირის ფილიალი («მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16.1. და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი) არის განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ანხორციელებს მის ფუნქციებს.
ფილიალის, ანუ იურიდიული პირის განცალკავებული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია არ იწვევს საწარმოს ლიკვიდაციას, ამდენად, კასატორი ორგანიზაციის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად’ იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ თ. ლ-ძე პერსონალურად არ იქნა გაფრთხილებული.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული შეტყობინებით თ. ლ-ძეს ეცნობა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სს «ს. ს. ე-კომპანიის” გენერალური დირექტორის 2004 წლის 1 ივლისის ¹608/22-04 წერილი «რ-ის სამმართველოს” დირექტორისადმი და უთარიღო სია (რომლითაც არ დასტურდება მისი შინაარსი და დანიშნულება) არ წარმოადგენს მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ შეტყობინების ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს «ს. ს. ე-კომპანიის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.