დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.05.2006
საქმის ნომერი
ას-1242-1484-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1242-1484-05 22 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: საერთო საკუთრების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. რ-ძის მიმართ საცხოვრებელი სახლის სხვენში ასასვლელი კიბის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე ცხოვრობს ქ.თბილისში, ... 2002წ. იანვარში მის მეზობლად დასახლდა მოპასუხე ზ.რ-ძე, რომელმაც ჩაატარა ბინაში სარემონტო სამუშაოები და სხვა ცვლილებებთან ერთად მიითვისა კიბის უჯრედი, მოშალა სხვენში ასასვლელი საერთო სარგებლობის კიბე და გადაიტანა სხვა ადგილას ისე, რომ იგი სარგებლობისათვის გამოუსადეგარი გახდა. აღნიშნულით შეილახა ქ.ზ-შვილის, როგორც თანამესაკუთრის უფლებები, ვინაიდან იგი საერთო კიბის უჯრედითა და სხვენით ვეღარ სარგებლობს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: სადავო კიბის გადატანა მოხდა მეზობლებთან, მათ შორის, მოსარჩელესთან შეთანხმებით, რითაც არც ერთი მათგანის უფლებები არ შელახულა. ძველი კიბე მოწყობილი იყო ფართში, რომელიც მოცემული მომენტისათვის ზ.რ-ძის ინდივიდუალური საკუთრებაა. ამდენად, კიბის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ.რ-ძეს დაეკისრა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹18 და ¹19 ოთახებს შორის ფართიდან გადატანილი კიბის აღდგენა და კიბის უჯრედის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ზ.რ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 თებერვლის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 23 ივნისის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

საქმის წარმოების პროცესში, 2004წ. 7 სექტემბერს, ქ. ზ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.რ-ძის მიმართ ქ.თბილისში, ... მდებარე ¹18(1) და ¹19 ოთახების თავზე მოპასუხის მიერ მშენებარე მანსარდის მოშლის, სხვენში ასასვლელი ლუქის გაუქმებისა და სხვენის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო რეკონსტრუქციებისათვის აუცილებელი იყო ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ნებართვა, რომელიც აღნიშნული სამსახურის ცნობის თანახმად, არ გაცემულა, ხოლო ქალაქის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ცნობით, სადავო სხვენი სახლის თანამფლობელთა საერთო საკუთრებაა და ყოველგვარი მშენებლობისათვის საჭიროა მათი სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რაც მოპასუხეს ასევე არ გააჩნია. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარმოებული მშენებლობა მის საყოფაცხოვრებო პირობებს რადიკალურად აუარესებს, საფრთხეს უქმნის სახლის უსაფრთხოებასა და სიმტკიცეს.

ზ.რ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მანსარდის მშენებლობის შესახებ, ვინაიდან ქ.თბილისის «არქმშენინსპექციის» წერილითა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ადგილზე შემოწმების ოქმით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის სხვენზე ზ.რ-ძის მიერ მშენებლობის წარმოება არ დადასტურდა. რაც შეეხება სადავო ლუქს, იგი განკუთვნილია სახანძრო უსაფრთხოებისათვის და მისი გაჭრა უკანონო მშენებლობად ვერ ჩაითვლება, რადგან აღნიშნული განხორციელდა ბინის წინა მესაკუთრის მიერ, ხოლო იმ მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა ლუქის მოწყობისათვის სპეციალურ ნებართვას არ ითვალისწინებდა.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ქ.ზ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 სექტემბრის განჩინებით ზემოხსენებული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ.რ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ქ. ზ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, ხოლო 2005წ. 30 მარტის გადაწყვეტილება მთლიანად გაუქმდა და ქ. ზ-შვილის სარჩელები არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ზ. რ-ძე ქ.თბილისში, ... მდებარე სახლში არსებული 62 კვ.მ საცხოვრებელი ფართის, 8 კვ.მ დამხმარე ფართისა და 10 კვ.მ სარდაფის მესაკუთრეა. ადგილზე დათვალიერებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ.რ-ძეს ზემოხსენებულ სახლში აქვს სამი ოთახი, რომლებიც სახლის საინვენტარიზაციო გეგმით დანომრილია როგორც ¹17, ¹18 და ¹18/1. მათი საერთო ფართი შეადგენს 63 კვ.მ-ს. ზ.რ-ძის დამხმარე ფართი მდებარეობს ¹18/1 და ¹19 ოთახებს შორის. ¹19 ოთახში კი ქ.ზ-შვილს მოწყობილი აქვს სამზარეულო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქ.ზ-შვილმა საქმის ზეპირი განხილვისას და ადგილზე დათვალიერების დროს დაადასტურა, რომ ¹18/1 და ¹19 ოთახებს შორის მდებარე ფართი მოცემული მომენტისათვის მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებაა, სადაც განლაგებული იყო სადავო კიბე და იგი ზ.რ-ძემ საერთო დერეფნის სხვა ადგილას გადაიტანა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით და მიუთითა, რომ ხსენებული ნორმები ადგენენ საკუთრებით სარგებლობისას კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სხვენში ასასვლელი საერთო სარგებლობის კიბის სხვის ინდივიდუალურ საკუთრებაში მოწყობის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. პალატამ ყურაღება გაამახვილა ქ.ზ-შვილმა აღიარებაზე, რომ სადავო კიბის მოშლა და გადატანა მისი თანხმობით მოხდა, თუმცა შემდგომ, სხვა საკითხებზე უთანხმოების წარმოშობისას, მან მოითხოვა კიბის ძველ ადგილზე აღდგენა. სასამართლომ სკ-ის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის და 115-ე მუხლის, ასევე ადგილზე დათვალიერების საფუძველზე მიიჩნია, რომ ზ.რ-ძის მიერ სადავო სხვენზე შენახული სამშენებლო მასალები იკავებს მცირე ადგილს და ქ.ზ-შვილს სხვენით სარგებლობასა და პროდუქტის შენახვაში ხელს ვერ შეუშლის, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ სხვენის განთავისუფლების შესახებ პალატამ მიიჩნია უფლების ბოროტად გამოყენებად და არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.ზ-შვილმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მისი უფლების დარღვევა მოპასუხის ბინიდან სხვენში ასასვლელი ლუქის გაჭრით. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ ზ.რ-ძე და მისი ოჯახის წევრები ფარულად ისარგებლებენ ამ ლუქით მისი ჯანმრთელობისათვის ვნების მისაყენებლად, ვინაიდან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ქ.ზ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მითითება, თითქოს რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 211-ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, ფართი, სადაც სადავო კიბე იყო განლაგებული, არ შეიძლება წარმოადგენდეს ზ.რ-ძის საკუთრებას. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები. გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ ზ.რ-ძის კუთვნილი დამხმარე 8 კვ.მ ფართის მდებარეობა, რომელიც საინვენტარიზაციო გეგმაზე აღნიშნული არ ყოფილა. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით სახლის სხვენი წარმოადგენს სახლის თანამფლობელთა საერთო საკუთრებას და ყველა სახის მშენებლობის წარმოება მოითხოვს არქიტექტურის სამსახურის ნებართვასა და სახლთმფლობელობის თანამფლობელთა სანოტარო წესით დამოწმებულ თანხმობას. უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება, თითქოს ქ.ზ-შვილმა დაადასტურა, რომ ფართი, სადაც ადრე საერთო სარგებლობის კიბე იყო განლაგებული, ზ.რ-ძის საკუთრებას წარმოადგენს. რეალურად, აღნიშნული ფართი ზ.რ-ძემ უკანონოდ მიითვისა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქლაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტები, დაარღვია ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და 211-ე მუხლის მეორე ნაწილი, ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 220-ე მუხლის პირველი ნაწილი და 115-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს, სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ქ.თბილისში, ... არსებული ¹17, ¹18 და ¹18/1 სამი საცხოვრებელი ოთახის, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 62 კვ.მ-ს დამხმარე, 8 კვ.მ-ს და 10 კვ.მ სარდაფის მესაკუთრეს წარმოადგენს ზ. რ-ძე. მითითებული დამხმარე ფართი მდებარეობს ¹18/1 და ¹19 ოთახებს შორის, ¹19 ოთახში კი ქ.ზ-შვილს მოწყობილი აქვს სამზარეულო. ამავე დამხმარე ფართში განთავსებული იყო სადავო კიბე, რომელიც ზ.რ-ძემ საერთო სარგებლობის დერეფნის სხვა ნაწილში გადაიტანა. ქ.ზ-შვილმა აღიარა, რომ სადავო კიბის მოშლა და გადატანა მოხდა მისი თანხმობით, თუმცა შემდგომ, სხვა საკითხებზე უთანხმოების გამო, მან მოითხოვა კიბის თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა.

საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” და «დ” ქვეპუნქტებით საკუთრებით სარგებლობისათვის კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად ჩათვალა დაუშვებლად ქ.ზ-შვილის მოთხოვნა სხვენში ასასვლელი კიბის ზ.რ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართში მოწყობის თაობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მითითებული ფართის ზ.რ-ძის კანონიერ საკუთრებაში არსებობის თაობაზე. სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა და საქმის მასალებითაც დადასტურებულია ის გარემოება,რომ ქ.ზ-შვილმა როგორც ადგილობრივ დათვალიერებაზე, ასევე, საქმის ზეპირ განხილვაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ ფართი, რომელშიც ადრე მოწყობილი იყო სადავო კიბე, ამჟამად წარმოადგენს ზ.რ-ძის ინდივიდუალურ საკუთრებას. ამდენად, დადგენილია, რომ ქ.ზ-შვილი საერთო სარგებლობის კიბის აღდგენას და განთავსებას მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართში.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 220-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად და 115-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით,რომ ზიანი მიადგეს სხვას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აღნიშნული ნორმების საფუძველზე დასაბუთებულია ზ.რ-ძის ბინიდან სხვენში ასასვლელი ლუქის ამოქოლვის და სხვენიდან სამშენებლო მასალების აღების თაობაზე ქ.ზ-შვილის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზანშეუწონლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რა, რომ ქ. ზ-შვილის სხვენით სარგებლობის უფლება არ ილახება, სწორად მიიჩნია ზემოხსენებული მოთხოვნები თანამესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევის გარეშეა გამოტანილი და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ზ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.