დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.01.2006
საქმის ნომერი
ას-1243-1485-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1243-1485-05 9 იანვარი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთის რაიონულ სასამართლოში გ. ა-ძემ აღძრა სარჩელი ა. ა-ძის მიმართ, რომელსაც ჯ. ა-ეის სარჩელის საფუძველზე დაეკისრა 7500 აშშ დოლარის გადახდა მის სასარგებლოდ. ვალის დაფარვა მოხდა გ. ა-ის მეუღლის, ა. ა-ძის საკუთრებაში აღრიცხული სახლის, მდებარე ქ. ქობულეთში, ... ¹..., აუქციონის წესით გაყიდვით. სახლი ნატურით გადაეცა კრედიტორს ჯ. ა-ეის. სწორედ ამ საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფაზე აღძრა სარჩელი გ. ა-ძემ. თავდაპირველად მოსარჩელემ მოითხოვა ქ.ქობულეთში, ... ¹ მდებარე სახლიდან 1/2-ის გამოყოფა და მისი მეუღლის _ ა. ა-ძის მიმართ სადავო სახლზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების გადადება, აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქმის მომზადების ეტაპზე გ. ა-ძემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სადავო სახლიდან ½-ის ნაცვლად 4/5-ის გამოყოფა, ხოლო 2004წ. 24 მარტის სარჩელით მოითხოვა სადავო სახლის რეალიზაციასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა და გ. ა-ძეს გამოუყო სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე გ. ა-ძემ. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შეძენილია ა. ა-თან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით იგი ითვლება თანამესაკუთრედ. გარდა ამისა, საცხოვრებელი სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ხარჯებით.

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ა. ა-ის საკუთრებაში აღრიცხული სახლის თანასაკუთრებაში არსებობის თაობაზე, რადგან მოცემულ შემთხვევაში კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია თანამესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც დადგენილია უძრავ ნივთებზე საერთო საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით. აპელანტს ასევე არ წარმოუდგენია საერთო საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატამ მისი მოთხოვნა საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფის შესახებ იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია და უცვლელად დატოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 მაისის გადაწყვეტილება.

აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ძემ.

კასატორს აჭარის უმაღლესი სასამართლოს განჩინება მიაჩნია არასწორად და მოითხოვს მის გაუქმებას. მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, სასამართლომ საქმე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების იძულებითი რეგისტრაციის შესახებ განიხილა საქმეში კასატორის ჩართვის გარეშე, ზერელედ, არასრულად და დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რითაც შეილახა მისი კანონიერი უფლებები. კასატორის აზრით, დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1152-ე და 1158-ე მუხლებით გათვალისწინებული მეუღლეთა უფლებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. ა-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაშია ა. ა-ძესთან 1981 წლიდან. ქორწინების განმავლობაში ა. ა-ძეზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. ქობულეთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. ა-ძეს დაეკისრა 7500 აშშ დოლარის გადახდა ჯ. ა-ის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად აუქციონზე გასაყიდად იქნა გატანილი ა. ა-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი.

ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ გ. ა-ძეს მიაკუთვნა სახლის 1/2. გადაწყვეტილება ამ ნაწილში მხარეთა მიერ გასაჩივრებული არ არის და იგი შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების – საცხოვრებელი სახლის 4/5-ის მიკუთვნებას. ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად კი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე, 1158-ე მუხლებს. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს უკვე მიკუთვნებული აქვს სადავო სახლის 1/2 სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, გაუგებარია, თუ კანონის რომელ ნორმაზე დაყრდნობით ითხოვს გ. ა-ძე სადავო სახლის 4/5. სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლით კი მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუნდაც ერთ-ერთი მათგანი ეწეოდეს საოჯახო საქმიანობას და საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდეს დამოუკიდებელი შემოსავალი. აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ არც ერთ მეუღლეს არ შეიძლება მიეცეს უპირატესი უფლება თანასაკუთრებასთან მიმართებაში.

სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. კანონმდებლობა არ იცნობს თანაბრობის პრინციპის შეზღუდვის შემთხვევებს, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა თანასაკუთრება შექმნილია ერთ-ერთი მეუღლის შემოსავლებით. ასეთ ნორმას ვერ უთითებს თვით კასატორიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ა-ძის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, თუნდაც სასამართლოს დარღვეული ჰქონდეს საპროცესო ნორმები.

პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 ივლისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.