გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1244-1376-04 15 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: უნებართვო მშენებლობის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ც.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ იგი ცხოვრობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში. მის მეზობლად მცხოვრებმა ლ. თ.-მა მისი საცხოვრებელი ოთახების ქვემოთ მდებარე სარდაფში დაიწყო ტუალეტის და სამზარეულოს მოწყობა, რის გამოც დაანგრია სახლის საყრდენი კედელი, რამაც გამოიწვია სახლის პირველ და მეორე სართულზე მზიდი კედლების ჰორიზონტალური წყვეტა და სხვა დეფორმაციები. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მის მიერ დაზიანებული საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და მის მიერ უკანონო სველი წერტილების მოწყობის აღკვეთას სარდაფში.
ლ. თ.-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ლ. ც.-ის მიერ მისი საცხოვრებელი ფართის გვერდით უკანონოდ ამოშენებული კედლის დარღვევა, რადგან იგი, ამ უკანასკნელის აზრით, იწვევს მისი მომიჯნავე საცხოვრებელი ფართის კედლების დასველებას.
სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ.-ემ ლ. ც.-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის პირველი სართულის ღია აივანზე ლ. ც.-ის მიერ ამოშენებული 10,6 კვ.მ. ოთახის მოშლა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ც.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. თ.-ს აეკრძალა ქ.თბილისში, ... არსებულ სახლში მდებარე მის სარდაფში უკანონო სველი წერტილების, სანიტარული კვანძის და სამზარეულოს მოწყობა. ლ. თ.-ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა ნ.ბ.-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.ც.-ე ითხოვს უკანონო, ანუ საინჟინრო-ტექნიკური ნორმების შეუსაბამო სველი წერტილების მოწყობას, რის გამოც მას აეკრძალა ამ მოქმედების განხორციელება. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ლ. თ.-მა ვერ შესძლო სასამართლოში წარედგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ლ. ც.-ის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტს ან დაადასტურებდა მისი საცხოვრებელი პირობების შელახვას. აღნიშნულის გამო არ დაკმაყოფილდა მისი შეგებებული სარჩელი, სასამართლომ ნ.ბ.-ის (მესამე პირს) მოთხოვნა მიიჩნია ხანდაზმულად, რის გამოც მის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მითითებული გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ.-მა და ნ. ბ.-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოარკვია, დაირღვა თუ არა მოსარჩელის უფლებები ლ. თ.-ის მიერ სარდაფში სარემონტო სამუშაოების შესრულებით. ამასთან, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ისე აუკრძალა მათ სანიტარული კვანძის მოწყობა, რომ მოსარჩელეს ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადასტურებულად რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ვერ გაარკვია ნ.ბ.-ის მოთხოვნები და არასწორად გამოიყენა და განმარტა „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-3 მუხლი და არ გამოიყენა სკ-ის 161-ე მუხლი, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილი და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ განიხილა სააპელაციო საჩივარი და 2004წ. 21 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები უნდა იყვნენ სადავო მრავალბინიანი სახლის ბინების მესაკუთრეები, ხოლო ლ. ც.-ე და ლ. თ.-ი აღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინების მესაკუთრეები არ არიან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა განიხილა სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობის დარღვევით, რის გამოც განსახილველი საქმე გააუქმა და დააბრუნა ხელახალი განხილვისათვის.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ.-მა და ნ. ბ.-ემ. ასევე შეგებებული საკასაციო საჩივრით _ ლ. ც.-ემ. ლ. თ.-ისა და ნ. ბ.-ის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 157-ე და 158-ე მუხლები, ასევე სსკ-ის 372-ე, 92-ე, 84-ე და 85-ე მუხლები, არასწორად განმარტა სსკ-ის 84-ე და 85-ე მუხლები. ლ. ც.-ის განმარტებით კი სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 218-ე მუხლი და 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. გასცდა ამავე კოდექსის 248-ე და 377-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებს. როგორც ლ. ც.-ემ, ასევე, ლ. თ.-მა და ნ. ბ.-მ მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმის გაუქმების და პირველ ინსტანციაში დაბრუნების საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად. ის გარემოება, რომ მოდავე მხარეები არ არიან მრავალბინიანი სახლის მესაკუთრენი, არ ნიშნავს იმას, რომ საქმე განიხილეს მხარის დაუსწრებლად. მოცემული დავის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს წარმოადგენდნენ ლ. ც.-ე და ლ. თ.-ი. მათ მონაწილეობა მიიღეს საქმის განხილვაში მთავარ სხდომაზე. ამდენად, სასამართლოს მიერ სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი არ დარღვეულა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სსკ-ის 385-ე მუხლი (რომლითაც სასამართლომ განსახილველი საქმე დააბრუნა ხელახალი განხილვისათვის) განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის უკან დაბრუნების შემთხვევებს ხელახალი განხილვისათვის. აღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე არ გადააგზავნოს უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ის გარემოება, რომ საქმეში მონაწილე ლ. თ.-ი და ლ. ც.-ე (როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული) არასათანადო მხარეები არიან, არ შეიძლება გახდეს საქმის უკან დაბრუნების საფუძველი. სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებით და დამატებებით. რაც შეეხება არასათანადო მხარეებს, მათთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლოში განსხვავებული წესები დადგენილი არ არის, ამიტომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში თვითონ ემსჯელა სსკ-ის 84-ე და 85-ე მუხლების გამოყენებაზე მოდავე მხარეების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხარეების სათანადობის თაობაზე და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში განიხილოს მითითებული დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. თ.-ის და ნ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ლ. ც.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.