გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 28.03.2006
საქმის ნომერი
ას-1258-1499-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1258-1499-05 27 მარტი, 2006 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ბ-შვილ-ყ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დასასვენებელი სახლი «ც-ის» დირექტორ შ. რ-ძის მიმართ ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად და მოსარგებლედ ცნობის, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1982 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირის დასასვენებელ სახლ «ც-აში». 1984 წლიდან, პანსიონატის დირექტორ თემურ ევგენიძის მითითებით, როგორც აღნიშნული სახლის პერსონალს, საცხოვრებლად გამოეყო «ც-ის» ტერიტორიაზე მდებარე ფინური სახლი. 1991 წლიდან დასასვენებელი სახლის დირექტორად დაინიშნა შ. რომანიძე, რომლის თხოვნითა და ნებართვით მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა ე.წ. რუსი გრაფ პრომორსკის კუთვნილი ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე. 1991 წლიდან 2004წ. ოქტომბრამდე განუწყვეტლივ ფლობდა აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს. მოსარჩელის განმარტებით, მან დირექტორს არაერთხელ სთხოვა საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ნებართვა, თუმცა რ.რომანიძემ განუმარტა, რომ აღნიშნულის განხორციელება კერძო პირების მიერ არ შეიძლებოდა. 2004 წელს მოსარჩელემ მოიტეხა ფეხი, რის გამოც გარკვეული ხნით დატოვა საცხოვრებელი ფართი. 2004წ. მაისში ნ.ბ-შვილი-ყ-შვილმა შეიტყო, რომ ნ. ხ-შვილმა მოახდინა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის პრივატიზება. სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მას, როგორც სადავო სახლის კეთილსინდისიერ მფლობელსა და მოსარგებლეს, ჰქონდა ნ.ხ-შვილთან შედარებით სადავო უძრავი ნივთის ფლობის უკეთესი უფლება. მოპასუხემ ფართის პრივატიზება უკანონოდ განახორციელა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ნ. ბ-შვილი-ყ-შვილი 1993 წლიდან აღნიშნულ დასასვენებლ სახლში არ მუშაობდა. სადავო საცხოვრებელი ფართი კი გამოყოფილ იქნა სს პანსიონატ «ც-ის» თანამშრომლებისათვის. კერძოდ, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 23 აგვისტოს სხდომის ოქმით სადავო ფართი გამოეყო პანსიონატის მუშაკ ნ.ხ-შვილს. ნ.ბ-შვილი-ყ-შვილს ზემოაღნიშნულ ფართის მფლობელობის უფლება შეუწყდა სკ-ის 168-ე მუხლის დაცვით.

ქობულეთის რაიონული სასამართლო 2005წ. 7 თებერვლის განჩინებით ნ. ხ-შვილი მოცემულ საქმეში ჩაბმულ იქნა თანამოპასუხედ, რომელმაც სარჩელი არ ცნო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილ-ყ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე რ. რ-ძეს დაევალა ქობულეთის რაიონში, ციხისძირის დასასვენებელი სახლის «ც-ის» ტერიტორიაზე მდებარე სადავო ბინიდან ნ. ხ-შვილის გამოსახლება და გამონთავისუფლება, ბინის ნ.ბ-შვილი-ყ-შვილისათვის ჩაბარება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს პანსიონატ «ც-ის» დირექტორმა რ.რომანიძემ და ნ.ხ-შვილმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ.ბ-შვილი-ყ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2000წ. 15 ივლისს საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, სადავო საცხოვრებელი ფართი ეკუთვნის სს პანსიონატ «ც-ას». აღნიშნული ქონება წარმოადგენს სამსახურებრივ საცხოვრებელ ბინას. მოსარჩელე ნ.ყ-შვილი 1965 წლიდან მუშაობდა ქობულეთის რაიონის სოფელი ციხისძირის დასასვენებელ სახლ «ც-აში». პანსიონატში 1992წ. 30 ივნისის ჩატარებული პირველადი პროფესიული კავშირის ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, პანსიონატ «ც-ის» ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში განთავისუფლებული ოთახი დროებით საცხოვრებლად გამოეყო ნ.ყ-შვილს. რომელმაც პანსიონატთან სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყვიტა 1993წ. 1 ივლისს. 2004 წელს მოსარჩელემ მოიტეხა ფეხი და გარკვეული პერიოდით საცხოვრებლად გადავიდა ნათესავთან. პანსიონატ «ც-ის» პროფესიული კავშირის კრების 2004წ. 15 აგვისტოს ოქმით და სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 23 აგვისტოს სხდომის ოქმით პანსიონატის პირველი კორპუსის ეზოში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ნ.ბ-შვილისათვის გაპიროვნებული ოთახი გამოეყო ნ.ხ-შვილს, რომელიც 1986 წლიდან დღემდე მუშაობს პანსიონატის დიასახლისად. სააპელაციო პალატის მითითებით, ნ.ბ-შვილის სადავო საცხოვრებელი ფართი 1992 წლიდან მესაკუთრის ნებართვით დროებით გამოეყო და სსკ-ის 159-162-ე მუხლების მიხედვით, იგი კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა, თუმცა ამავე დროს სასამართლომ მიუთითა სკ-ის 168-ე მუხლზე, რომელიც აღნიშნული სახის მფლობელობის შეწყვეტას ითვალისწინებს. პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის პრეტენზიას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო სადგომი არის სამსახურეობრივი ბინა, იგი გამოიყენება პანსიონატის მუშაკებისათვის და საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 23 აგვისტოს სხდომის ოქმით «მეწარმეთა შესახებ» კანონის 55.9 მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად, გამოეყო ნ.ხ-შვილს. აღნიშნული ოქმი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. პალატამ დაასკვნა, რომ ნ.ხ-შვილს ნ.ბ-შვილი-ყ-შვილთან შედარებით სადავო ოთახის უკეთესი ფლობის უფლება გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნ.ბ-შვილი-ყ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასრულად გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლი, როცა შემოიფარგლა აღნიშნული მუხლის მეოთხე სტრიქონის მითითებით და არ გამოიყენა მუხლის ის ნაწილი, რითაც კასატორის მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ზემოთ აღნიშნული მუხლის გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს მფლობელის უკეთესი უფლება, ხოლო კასატორი სადავოდ არ ხდის, რომ მოპასუხე პანსიონატ «ც-ის» უკეთესი უფლების მქონეა, მაგრამ აღნიშნული არ აძლევს მას შედარებით ნაკლები უფლების მქონე მფლობელისათვის ძალადობის გზით ამ უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას. სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლი, ვინაიდან საერთოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ ნ. ბ-შვილი-ყ-შვილი 2004წ. მარტამდე, ტრავმის მიღებამდე, ფლობდა სადავო ბინას. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დაუდგენლობით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოარკვია, ნ.ბ-შვილი-ყ-შვილი ითვლებოდა თუ არა სადავო ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელად. აღნიშნული მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ კასატორის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევის შემთხვევაში მისი უფლება დაცული იქნებოდა სკ-ის 160-161-ე მუხლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოწინააღმდეგე მხარეს ექნებოდა მყარი სამართლებრივი პოზიცია, თუმცა მხოლოდ თეორიულად, ვინაიდან არაკეთილსინდისიერ მფლობელსაც არ შეიძლება მფლობელობა ჩამოერთვას იძულებით და სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნივთის გამოთხოვა. პალატამ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ ფართი დროებით, ობიექტურ მიზეზთა გამო დატოვა, ხოლო მოპასუხემ ამით ისარგებლა, კასატორის ნივთები გამოყარა და ოთახში სხვა შეასახლა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, ერთის მხრივ სასამართლო ადგენს, რომ ნ.ბ-შვილს სადავო ნივთი მფლობელობით გადაეცა მესაკუთრის მიერ, ამდენად, იგი კეთილსინდისიერი მფლობელია, ხოლო, მეორე მხრივ, პალატა უთითებს 168-ე მუხლის თანახმად, მფლობელობის შეწყვეტაზე. კასატორის კეთილსინდისიერ მფლობელად ცნობის შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 160-ე მუხლი, რომელიც არასწორად არ გამოიყენა და დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტი, ხოლო ამავე მუხლის «გ» ქვეპუნქტის დარღვევით, სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 168-ე მუხლი, ვინაიდან სადავო ნივთის მესაკუთრე სს პანსიონატ «ც-ას» ნ.ბ-შვილი-ყ-შვილის მიმართ არავითარი პრეტენზია არ წამოუყენებია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს Qქუთაისის სააპელაციოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, ვინაიდან საქმის გარემოებები კანონის მოთხოვნათა დაცვით არ არის დადგენილი და გამორკვეული, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაასკვნა, ვინაიდან მოსარჩელე ნ.ბ-შვილი-ყ-შვილი მესაკუთრის ნებართვით იყო ჩასახლებული სადავო სადგომში, იგი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მფლობელად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რა სკ-ის 168-ე მუხლზე, ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მფლობელის მიმართ მესაკუთრეს წარდგენილი აქვს დასაბუთებული პრეტენზია კერძოდ, ის გარემოება, რომ სადავო სადგომი არის სამსახურებრივი ბინა, იგი გამოიყენება პანსიონატის მუშაკებისათვის და საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს 2004წ. 23 აგვისტოს სხდომის ოქმით გამოეყო ნ.ხ-შვილს, აღნიშნული ოქმი არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ.ბ-შვილი სადავო ფართში ჩასახლებული იყო 1992 წლიდან მესაკუთრის თანხმობით. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ნ.ყ-შვილი წარმოადგენდა რა კეთილსინდისიერ მფლობელს, მისი უფლება ნივთზე დაცულია სკ-ის 159-161-ე მუხლების დანაწესებით. სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამიწ. განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი მფლობელობის მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით. აღნიშნული ნორმა იცავს მფლობელს მფლობელობის ძალადობის გზით ჩამორთმევისაგან. მფლობელის მიმართ მფლობელობის უფლება ნივთზე შესაძლოა ნებისმიერ დროს შეწყდეს, მაგრამ მხოლოდ სკ-ის 168-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის ძალითაც ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრემ კეთილსინდისიერ მფლობელ ნ.ყ-შვილს წაუყენა დასაბუთებული პრეტენზია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სს პანსიონატ «ც-ას» მიერ ნ.ყ-შვილის მისამართით პრეტენზიის წაყენებას. სასამართლოს დასკვნა, დაუსაბუთებელია, რომ ასეთ პრეტენზიაში იგულისხმება ის გარემოება, რომ სადავო სადგომი არის სამსახურებრივი ბინა, იგი გამოიყენება პანსიონატის მუშაკებისათვის, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით გამოეყო ნ.ხ-შვილს, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. ეს გარემოებები არ ადასტურებს მესაკუთრისაგან მფლობელისათვის პრეტენზიის წარდგენას ნივთის მისი ფაქტობრივი ბატონობიდან გამოთხოვის თაობაზე.

სკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, ხოლო ამავე კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, ძალადობის გზით საკუთარი უფლების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. დასახელებულ ნორმათა დანაწესები უნდა გავრცელდეს მესაკუთრისა და მფლობელის ურთიერთობებზე და პირს, რომელიც თუნდაც დავის წარმოშობის დროს წარმოადგენდეს არაუფლებამოსილ მფლობელს, არ შეიძლება მფლობელობა ჩამოერთვას ძალადობის გამოყენებით.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს წარუდგინა თუ არა სადავო ფართის მესაკუთრემ ნ.ყ-შვილს დასაბუთებული პრეტენზია ფართის გამონთავისუფლების თაობაზე კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-შვილ-ყ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.