დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.05.2006
საქმის ნომერი
ას-1308-1540-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1308-1540-05 10 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: საერთო სარგებლობაში არსებულ აივანზე თვითნებურად აღმართული ტიხრის მოშლა, სამზარეულოსა და აივანზე მდებარე ნივთებისა და რკინის კარის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჩ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. შ-ძის მიმართ საერთო სარგებლობაში არსებულ აივანზე მოპასუხის მიერ თვითნებურად აღმართული ტიხრის მოშლის, სამზარეულოსა და აივანზე მდებარე სამკურნალო მცენარეების ტომრებისა და ყუთების აღების, მოპასუხის ფართში შესასვლელი რკინის კარის აღების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეები ცხოვრობენ ერთმანეთის მეზობლად ქ.თბილისში, ... მდებარე მრავალბინიან სახლში. საკუთრების უფლებით თითოეულს ეკუთვნის სახლის 1/4. მხარეთა თანასაკუთრებაში იმყოფება სამზარეულო, აივანი და საპირფარეშო. მოპასუხემ თვითნებურად გადატიხრა აივანი და კუთვნილ ფართში გახსნა აფთიაქი, რომლის შესასვლელში დაამონტაჟა რკინის კარი. აღნიშნული კარი იღება გარეთ და ფარავს საპირფარეშოს შესასვლელს. ამასთან, მოპასუხემ საერთო სარგებლობის აივანსა და სამზარეულოში მოათავსა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამკურნალო მცენარეების ტომრები და ყუთები, რის გამოც მოსარჩელეს აღნიშნული სათავსებით სარგებლობის საშუალება შეეზღუდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდგი დასაბუთებით: ლ. შ-ძე ზემოხსენებულ მისამართზე ცხოვრობს 1972 წლიდან. აივნის სადავო ტიხარი აღმართულ იქნა ჯერ კიდევ მოსარჩელის მიერ ბინის შეძენამდე. იგი აშენებულია კანონიერად, რაც დასტურდება 1973წ. საინვენტარიზაციო გეგმით. 1986 წელს 20 აგვისტოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე სახლის მობინადრეებმა მოახდინეს მეორე სართულზე ასასვლელი კიბის უჯრედის რეკონსტრუქცია და იგი გვერდზე გადაიტანეს. მეორე სართულის მობინადრეებმა სათავსები იმთავითვე ინდივიდუალურად მოაწყვეს, თუმცა ნ.ჩ-შვილის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, აღნიშნული პირველ სართულზე ვერ მოხერხდა. სადავო მცენარეების ტომრები განთავსებულია საერთო სარგებლობის ფართის, კერძოდ, ლ.შ-ძის კუთვნილ მონაკვეთზე, რის გამოც მათი აღების მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება რკინის კარს, იგი ძირითადად დაკეტილია და იშვიათად აღებენ სველი წერტილით სარგებლობისას.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ.ჩ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები იმის შესახებ, რომ ნ.ჩ-შვილი და ლ.შ-ძე არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ.თბილისში, ... მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც საკუთრების უფლებით ეკუთვნის თითოეულს სახლის 1/4. 1986წ. 20 აგვისტოს თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ¹497 გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ სახლში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად სახლის პირველ სართულზე არსებული შიდა კიბე გადატანილ იქნა ეზოში, ხოლო აივანი, მასზე არსებული სამზარეულო და საპირფარეშო დარჩა მხარეთა თანასაკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში წარმოდგენილი ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი გეგმა-ნახაზით დადასტურებულად მიიჩნია, რომ საერთო საკუთრებაში არსებულ აივანზე აღმართულია ტიხარი, რომელსაც დავის განხილვის მომენტისათვის კარი ჩამოხსნილი აქვს. სასამართლომ ჩათვალა, რომ საერთო საკუთრების აივანზე ტომრებისა და ყუთების არსებობა მოსარჩელის მიერ სათანადო წესით დადასტურებული არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 219-ე მუხლის პირველ ნაწილის «გ» ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ ზემოხსენებული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, ნ.ჩ-შვილი ვალდებული იყო ეთმინა საერთო საკუთრებაზე ზემოქმედება. სააპელაციო პალატის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ლ.შ-ძის მიერ რკინის კარის მიმართულების შეცვლით მას ეზღუდება საერთო საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას თავად აპელანტმა დაადასტურა, რომ სადავო კარის დაკეტვის შემთხვევაში იგი თავისუფლად სარგებლობს საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ნ. ჩ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, რითაც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტის მოთხოვნაზე ადგილის ხელახლა დათვალიერების შესახებ, ქ.თბილისის მერიის თანამშრომელ მ.გ-შვილის პროცესზე გამოძახებისა და მოწმედ დაკითხვის, ასევე ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის გამგეობიდან ... პირველ სართულზე არსებული ტიხრის დაკანონების დამადასტურებელი გამგეობის სხდომაზე მიღებული დადგენილების ან გადაწყვეტილების ასლის გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნული საპროცესო დარღვევის შედეგად მიღებულ იქნა არასწორი და დაუსაბუთებელი განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი გეგმა-ნახაზის საფუძველზე დაადგინა რა საერთო საკუთრების აივანზე სადავო ტიხარის არსებობა, არ გაითვალისწინა, რომ ნ.ჩ-შვილის მიერ წარდგენილი 2000წ. 3 ივლისის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, აღნიშნული ტიხარი უკანონო იყო. სააპელაციო სასამართლომ არ ჩაატარა ადგილის დათვალიერება, რის გამოც საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და ობიექტურად შესწავლა ვერ მოხერხდა. პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო ტიხრიდან კარის ჩამოხსნით საერთო აივნით სარგებლობა აღარ იზღუდებოდა და არ გაითვალისწინა, რომ საერთო საკუთრების სათავსებით სარგებლობის ნ.ჩ-შვილის უფლება იზღუდება თავად ტიხრის არსებობით, რადგან აღნიშნული სათავსები ლ.შ-ძის კუთვნილი ოთახის გასწვრივ მდებარეობს, რითაც ეს უკანასკნელი ბოროტად სარგებლობს. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტი და არ გაითვალისწინა, რომ ლ.შ-ძე სარგებლობს საერთო სამზარეულოთი, როგორც საწყობით, რის გამოც კასატორს სამზარეულოთი სარგებლობის შესაძლებლობას უზღუდავს, ლახავს მესაკუთრეთა ცხოვრების წესს და ზიანს აყენებს მას. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს ადგილზე დათვალიერებისას უნდა გამოეკვლია, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ განხორციელებულა. პალატამ არასწორად არ გაიზიარა ნ.ჩ-შვილის მოთხოვნა სადავო რკინის კარის იმგვარად დაკიდების შესახებ, რომ იგი ლ.შ-ძის ფართის მხარეს იღებოდეს, ვინაიდან აღნიშნული კარით იღობება საპირფარეშოს შესასვლელი და მისი სიმძიმის გამო, გაღებისას კასატორს ადგება ფიზიკური ტრავმები. მით უმეტეს, რომ თავად ლ.შ-ძეს სადავოდ არ გაუხდია რკინის კარის დაკიდების ფაქტი, რომელიც გარეთ იღება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნული სახის პრეტენზიას არ შეიცავს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ.ჩ-შვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეამოწმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მართებულად გაიზიარა მისი დასაბუთება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ნ. ჩ-შვილი და ლ. შ-ძე არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ.თბილისში, ... მდებარე მრავალბინიანი სახლის პირველ სართულზე, სადაც თითოეულს საკუთრების უფლებით ეკუთვნის სახლის 1/4. 1986წ. 20 აგვისტოს თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის ¹497 გადაწყვეტილების საფუძველზე აღნიშნულ სახლში ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად სახლის პირველ სართულზე არსებული შიდა კიბე გადატანილ იქნა ეზოში, ხოლო აივანი, აივანზე არსებული სამზარეულო და საპირფარეშო დარჩა მხარეთა თანასაკუთრებაში. საერთო საკუთრებაში არსებულ აივანზე აღმართულია ტიხარი, რომელსაც დავის განხილვის მომენტისათვის კარი ჩამოხსნილი აქვს.

უსაფუძვლოა კასატორის მითითება ლ.შ-ძის მიერ საერთო საკუთრების აივანზე აღმართული ტიხრის უკანონობის შესახებ. აღნიშნულ მოსაზრებას მხარე ამყარებს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 2000წ. 3 ივლისის საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომელსაც სადავო ტიხრის უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიიჩნევს.

სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული არ იყო, რომ ნ.ჩ-შვილის მიერ წარდგენილი 2000წ. 3 ივლისის საინვენტარიზაციო გეგმისათვის მტკიცებითი ძალა მიენიჭებინა და მისი შინაარსი გაეზიარებინა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით იმსჯელა რა სადავო ტიხრის არსებობით ნ.ჩ-შვილის, როგორც აივნის თანამესაკუთრის უფლებათა დარღვევის საკითხზე, მართებულად მიიჩნია, რომ ტიხრის აღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აღსანიშნავია თავად ნ.ჩ-შვილის განმარტება, რომ მოცემული ბინის შეძენისას იგი სადავო ტიხრის არსებობის წინააღმდეგი არ ყოფილა.

დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ნ.ჩ-შვილის მოთხოვნა სხდომაზე მოწმის სახით ქ.თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომელ მ. გ-შვილის დაკითხვის თაობაზე, კერძოდ: ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ორივე მოდავე მხარე ესწრებოდა, ლ.შ-ძის წარმომადგენელმა ხ.დ-ნმა მოხსნა მის მიერვე მანამდე დაყენებული შუამდგომლობა ქ.თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომელ მ. გ-შვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით ხ.დ-ნის მოთხოვნა სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა, რაზეც ნ.ჩ-შვილს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ხსენებული პიროვნების მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლო კოლეგიისათვის არ მიუმართავს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ.ჩ-შვილის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა აპელანტის მოთხოვნა ადგილის დათვალიერების შესახებ. სსკ-ის 120-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია დაადგინოს იმ ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებების ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა, რომელთა წარდგენაც სასამართლოში ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადგილზე დათვალიერების ჩატარება კანონის იმპერატიული მოთხოვნა არ არის და ამ ღონისძიების ჩატარების საჭიროება სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება ერთხელ უკვე ჩატარდა, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 თებერვლის ადგილზე დათვალიერების ოქმით.

უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ლ.შ-ძის სარგებლობაში არსებული რკინის კარის გადაადგილების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ, თვით კასატორის განმარტებიდან გამომდინარე, დადგენილ იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო კარის არსებობით ნ.ჩ-შვილის უფლებები არ იზღუდება, რაზეც ნ.ჩ-შვილს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

დაუსაბუთებელია ნ.ჩ-შვილის მითითება, რომ ლ.შ-ძის მიერ საერთო საკუთრებაში არსებულ სამზარეულოსა და აივანზე სამკურნალო მცენარეების ტომრების განლაგებით მას თანასაკუთრების კუთვნილი წილით სარგებლობის შესაძლებლობა მოესპო, ვინაიდან არც საქმის მასალებში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმით და არც რაიმე სხვა მტკიცებულებით ზემოხსენებული გარემოება არ დასტურდება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში ნ.ჩ-შვილს სადავო უფლების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.