გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1314-1546-05 16 იანვარი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის დაბრუნება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ნ. მ-ძემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ მას და მოპასუხე ამხანაგობა „...-89-ს“ შორის 1992წ. 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება მასზედ, რომ ... მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს იმ ადგილზე, სადაც აშენებული ჰქონდა სხვადასხვა ნაგებობები. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელესთვის მოპასუხე მხარეს უნდა მიეცა ხუთოთახიანი ბინა. მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1998წ. ბოლოსთვის. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დათქმულ ვადაში არ მოხდა. ამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობა და ნ. მ-ძემ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთის მის სახელზე აღრიცხვა საჯარო რეესტრში.
საქმის განხილვის პროცესში მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი, რომელშიც მოითხოვა იგივე ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ძე არასოდეს ყოფილა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და არ იყო უფლებამოსილი, დაედო ხელშეკრულება ამ მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემაზე. გარდა ამისა, ამხანაგობამ მოითხოვა ტერიტორიის განთავისუფლება სხვადასხვა ნაგებობებისაგან ნ. მ-ძის ხარჯით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ამხანაგობის _ სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-ძესა და საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-89“-ს შორის 1992წ. 1 მარტს დადებული ხელშეკრულება: ნ. მ-ძეს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ... მდებარე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღიარებისა და აღრიცხვაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ წარმოუდგენია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამხანაგობა მიჩნეულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის კითილსინდისიერ მფლობელად, რადგან მას ეს ნაკვეთი გადაეცა თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით.
ნ. მ-ძემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობასა და აღრიცხვაზე, აგრეთვე დაევალა ნაგებობის დანგრევა და ტერიტორიის გათავისუფლება. ასევე მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ამხანაგობის სარჩელზე უარის თქმა.
აპელანტის განცხადებით, მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძველი არის ის, რომ ამხანაგობისათვის ამ ნაკვეთის გადაცემამდე მას ფლობდა ჯერ მამამისი ტ. მ-ძე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ თავად ნ. მ-ძე.
სააპელაციო პალატამ ნ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც ნ. მ-ძეს დაევალა საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-89“-ის მიერ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საკუთარი ხარჯებით კომპენსაციის გარეშე აიღოს შენობა-ნაგებობები.
აპელანტის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნების და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს; აღნიშნული მიწის ნაკვეთი არასოდეს ირიცხებოდა აპელანტის სახელზე.
საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-89-ის“ შეგებებული სარჩელი ნ. მ-ძის მიმართ ქ.თბილისში, ... მდებარე შენობა-ნაგებობების თავისი ხარჯებით აღებისა და ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რადგან იგი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს და მისი მოთხოვნა ამ ნაკვეთის გამოთავისუფლების თაობაზე უსაფუძვლოა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-89-ამ“.
კასატორებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნიათ უსაფუძვლოდ და უკანონოდ, კერძოდ, დაირღვა სსკ-ის 39-ე მუხლი და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი. ასევე სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, სკ-ის 159-ე, 160-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა «...-89» არ მიიჩნია მართლზომიერ მფლობელად. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო მხარეთა განმარტებანი იმის თაობაზე, რომ სადავო ნაკვეთი «...-89-ს» დაუმაგრდა აღმასკომის გადაწყვეტილებით. სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე უნდა შეეფასებინა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მის საფუძველზე წარმოიშობა მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლო კი დაეყრდნო მხარეთა განმარტებებს, რის საფუძველზეც შეუძლებელია დადგინდეს უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლომ დაადგინა არასწორი ფაქტობრივი გარემოება და მას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-89-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.