დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-131-454-05 21 ივნისი, 2005 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ-მა რწმუნება გასცა გ. ც-ზე, რითაც მიანიჭა მას ქონების გასხვისების უფლება 2001წ. 27 იანვარს ა. ბ-ის წარმომადგენელმა გ. ც-მა ვ. ა-ეს მიჰყიდა ა. ბ-ის საკუთრებაში არსებული, ....... მდებარე ¹22 ბინა 7000 აშშ დოლარად. ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2001წ. 13 თებერვალს და ბინა აღირიცხა ვ. ა-ის სახელზე.
ვ. ა-ემ სარჩელი აღძრა ა. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება თანხმლებ პირებთან ერთად საკუთარი ბინიდან.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ა-ის სარჩელი და მოპასუხე ა. ბ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ....... კორპუსში მდებარე ¹22 ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ა. ბ-მა წარმომადგენლის მეშვეობით გაასხვისა თავის საკუთრებაში არსებული ბინა, იგი მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე კანონიერია;
ა. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლოებმა არასწორად არ განიხილეს მისი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, რომლითაც 2001წ. 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა, რითაც საშუალება მისცეს საშუამავლო ფირმა „მ-ას“ თაღლითურ ჯგუფს, მიესაკუთრებინა მისი ბინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ ა. ბ-მა, რომელმაც ისესხა გარკვეული თანხა რ. ს-ისაგან ფირმა “მ-ას“ მეშვეობით, მინდობილობა მისცა ამ ფირმის წარმომადგენელ გ. ც-ს, რომლითაც მიანიჭა მას თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ა. ბ-ის საკუთარი ბინის გასხვისების უფლება. აღნიშნული მინდობილობა ა. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია. გ. ც-მა, როგორც ა. ბ-ის წარმომადგენელმა, 2001წ. 27 იანვარს გაასხვისა თბილისში, ....... მდებარე ა. ბ-ის სახელზე რიცხული ¹22 ბინა და მიჰყიდა იგი ვ. ა-ეს. ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ აღირიცხა 2001წ. 13 თებერვალს. ა. ბ-ი 2001წ. 23 თებერვალს ამოწერილ იქნა სადაო ბინიდან.
სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუ ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა, მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. განმხილველ შემთხვევაში მფლობელი ა. ბ-ი თანმხლებ პირებთან ერთად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო ნივთს და მესაკუთრის, ვ. ა-ის, მოთხოვნა ნივთის გამოთხოვის თაობაზე კანონიერია. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამის დასაბუთებულ ან დამატებით საკასაციო პრეტენზიაზე არ მიუთითებია.
სსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დაცვითაა მიღებული და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.