გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 01.06.2005
საქმის ნომერი
ას-1373-1498-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1373-1498-04 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ქ-მ სარჩელით მიმართა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ სს «.. ..ის» სამთო სამუშაოების წარმოების შედეგად დაზიანდა მისი და მისი მეუღლის მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, რომლებიც მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფ. ...

1987წ. 20 თებერვალს სს «.. ..ის» ზარალის შემფასებელმა კომისიამ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები შეაფასა. ზარალმა შეადგინა 22254.17 მანეთი. თანხის ნახევარი, სულ 11177 მანეთი მოსარჩელეს აუნაზღაურდა 1987წ. 4 სექტემბერს.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სს «.. ..ი» თავს არიდებდა თანხის მეორე ნახევრის გადახდას. 2002წ. 7 აგვისტოს მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი თანხის გადაანგარიშება, რაზეც მოპასუხისაგან უარი მიიღო, რადგან 1991წ. მიწისძვრის შემდეგ მის სახელზე გაცემულია 93 527 მანეთი.

მოსარჩელემ მოითხოვა 11 127 მანეთის, 11 127 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხე სს «.. ..ის» რეაბილიტაციის მმართველმა გ. ნ-მ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელის გასახლებისა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის შესახებ, თუმცა იგი არ გადასულა საცხოვრებლად სხვა ადგილზე, ამიტომ თანხის მეორე ნახევარიც არ გაცემულა და არც სს «.. ..ს» გაუგრძელებია რაიმე სამუშაოების წარმოება და არ დაუზიანებია მ. ქ-ის შენობა-ნაგებობები.

1991 წელს მოსარჩელეს სახლი დაუზიანა მიწისძვრამ, მიენიჭა მეორე კატეგორია, რომლისთვისაც გამოყოფილ იქნა 33527 მანეთი. მოსარჩელემ მხოლოდ 2002 წელს მიმართა სს «.. ..ს» და მოითხოვა 1987 წელს მიღებული ზარალის ანაზღაურება. მოპასუხის მოსაზრებით, მოთხოვნა ხანდაზმულია.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზ. ქ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ... მცხოვრებ მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები ნამდვილად დაზიანდა დიმიტროვის სახელობის სამმართველოს ¹5 საწარმოო უბნის მიწისქვეშა ველის დამუშავების შედეგად. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია 1987წ. 20 თებერვლის აქტის, ასევე. დამკვეთის მაღაროს უფროსის და მარქშეიდერის მიერ 2003წ. 20 აგვისტოს გაცემული ცნობის საფუძველზე.

1987წ. 20 თებერვლის აქტის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ღირებულება განისაზღვრულ იქნა 22 254 მანეთად და 17 კაპიკად. სასამართლომ ამავე აქტით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1985წ. 18 იანვრის ¹35/24 გადაწყვეტილებით მ. ქ-ს გამოეყო სამოსახლო მიწის ნაკვეთი უსაფრთხო ადგილას, რაც ასევე დასტურდება 1986წ. 19 ოქტომბერს გაცემული ¹334 ცნობით, რომელიც ერთ-ერთ საფუძვლად დაედო 1987წ. 20 თებერვლის აქტს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული აქტით მ. ქ-ს უსაფრთხო ადგილას გადასვლისათვის მიეცა 11127 მანეთი, ანუ დაზიანებული სახლისა და დამხმარე ნაგებობების შეფასებული თანხის ნახევარი.

აღნიშნული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სასამართლომ გამოიყენა 1984წ. 29 დეკემბრის ¹72-დ ინსტრუქციის 3.5 პუნქტი, რომლის თანახმად, შეფასებული ასაღები საცხოვრებელი სახლების, შენობა-ნაგებობების, მოწყობილობების ასევე ნარგავების ღირებულების თანხა გაიცემა შემდეგნაირად: ღირებულების 50%-ის გაცემა ხდება ასაღები საცხოვრებელი სახლების განთავისუფლებამდე, ხოლო თანხის დარჩენილი 50%-ის _ მოქალაქეთა მიერ შენობა-ნაგებობების დატოვების შემდეგ.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადაზე მსჯელობა დაუშვებელია, რადგან 50%-ის მიღების უფლება მას არ წარმოშობია.

ზ. ქ-მ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აღნიშნული განჩინება და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ძირითად მტკიცებულებად გამოიყენა ინსტრუქცია, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან აღნიშნული ინსტრუქცია, როგორც მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული იყო კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, კასატორი მიუთითებს სკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, კასატორი მოსაზრებით, აღნიშნული მტკიცებულება უნდა წარმოდგენილიყო პირველ ინსტანციაში. ასევე საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ სსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად მიიღო არა დედანი, არამედ – ასლი რუსულ ენაზე, რითაც ასევე დარღვეულ იქნა ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მისი სახლის კვლავ დანგრევის შემთხვევაში არ აძლევს ზარალის თანხის ხელახლად მიღების საშუალებას, ხოლო მოვალე კი არ ათავისუფლებს თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. იგი თავისუფლდება მხოლოდ კვლავ ზიანის მიყენების შემთხვევაში ახალი აქტის შედგენისაგან.

საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სოფ. ...ის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მ. ქ-ს ახალი სამოსახლო არ გამოყოფია უსაფრთხო ადგილას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სოფ. ზოდში მცხოვრებ მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგებობები დაზიანდა დიმიტროვის სახელობის სამმართველოს ¹5 საწარმოო უბნის მიწისქვეშა ველის დამუშავების შედეგად.

1987წ. 20 თებერვლის აქტის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ღირებულება განისაზღვრულ იქნა 22 254 მანეთად და 17 კაპიკად.

მ. ქ-ს მიეცა 11 127 მანეთი, ანუ დაზიანებული სახლისა და დამხმარე ნაგებობების შეფასებული თანხის ნახევარი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ სკ-ის (1964წ. 26 დეკემბრის რედაქ.) 80-ე მუხლის შესაბამისად, მ. ქ-ს დარჩენილ 50%-ზე მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია, რადგან არ დაცალა სახლი და საცხოვრებლად არ გადავიდა მისთვის გამოყოფილ უსაფრთხო ადგილას და არც სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება წარმოშობია.

სკ-ის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს 1987წ.ათვის მოქმედი და ამჟამად ძალადაკარგული ნორმატიული აქტები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის Aშესახებ, რომ 1984წ. 29 დეკემბრის ¹72-Д ინსტრუქცია, რომელიც გამოიყენა სასამართლომ, არის მტკიცებულება და, აქედან გამომდინარე, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოში განსახილველი მტკიცებულებებისათვის დადგენილი წესით.

აღნიშნული ინსტრუქცია წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და მისი წარმოდგენა ან წარმოუდგენლობა გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ სამართლებრივი დასაბუთებულებაზე.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ მითითებული ინსტრუქცია არეგულირებდა ურთიერთობას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული სახლების მოშლის შემთხვევაში, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწების ნაკვეთების ჩამორთმევასთან, ამ მოქალაქეებს ეძლეოდათ იმავე დასახლებულ პუნქტში კეთილმოწყობილი, როგორც წესი იგივე საცხოვრებელი ფართი. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იმ დროს მოქმედი საბინაო კოდექსი.

ამავე ინსტრუქციის მე-3 პუნქტით გათვალსწინებული იყო დასანგრევი სახლების ღირებულების გადახდის საკითხი, კერძოდ, 1984წ. 29 დეკემბრის ¹72-Д ინსტრუქციის მე-3.5 პუნქტის თანახმად, ამ თანხის ნახევარი (50%) უნდა გადახდილიყო დასანგრევი სახლის გამონთავისუფლებამდე, ხოლო მე-2 ნახევარი სახლის გამონთავისუფლებისას ერთი კვირის შემდეგ.

იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს აღნიშნული ინსტრუქცია, სასამართლომ უნდა დაადგინოს არსებობდა თუ არა კასატორის მიწის ჩამორთმევის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობა, რაც უკავშირდებოდა მოქალაქის საკუთრებაში არსებული სახლის დანგრევას.

ამასთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არ იყო შეფასებული საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978წ. 23 ოქტომბრის ¹1359-ე განკარგულება, რომლის თანახმად, მანგანუმის ფენის დამუშავების ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის მათი სახლების აღება-დანგრევის დაწყებამდე 2 წლით ადრე ჭიათურის მანგანუმის კომბინატს ნება დაერთო, გამოეყო სამოსახლო მიწის ნაკვეთი იმ ფართობიდან, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1977წ. 3 ივნისის ¹414 დადგენილებით. კომბინატს წინასწარ უნდა უზრუნველყო ახლად გამოყოფილი სამოსახლო მიწის ნაკვეთები წყალგაყვანილობით, ელექტროენერგიითა და მისასვლელი გზით, კერძოდ, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ 1987წ. 20 თებერვლის აქტი, რომლის თანახმად მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების ღირებულება განისაზღვრულ იქნა 22 254 მანეთად და 17 კაპიკად, გამოცემული იყო თუ არა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1978წ. 23 ოქტომბრის ¹1359-ე განკარგულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინსტრუქციის მე-4 პუნქტის თანახმად მოქალაქეთა გასახლების საკითხს იღებდა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი. კერძოდ, 1987წ. 20 თებერვლის აქტში, რომლითაც შეფასებულ იქნა მ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი, აღნიშნულია, რომ მ. ს.ს ძე ქ-ს სამოსახლო მიწის ნაკვეთი მისცეს, უსაფრთხო ადგილას და გამოტანილია სახალხო დეპუტატთა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹35/24 _ 1985წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება მისი ასახლებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ კასატორის ასახლებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლა უკავშირდებოდა თუ არა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭირობისათვის მიწის ჩამორთმევას. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული ინსტრუქცია არეგულირებდა განსაკუთრებულ შემთხვევას, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო ინტერესთან. აღნიშნული ინტერესი, ანუ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭირობისათვის მიწის ჩამორთმევა, რომელზედაც განლაგებული იყო მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული სახლები, მოიცავდა ასევე ამ მოქალაქეთა პირად საკუთრებაში არსებული სახლების აღებას. განსახილველი ინსტრუქციის თანახმად, მხოლოდ ამ ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში იყო გათვალისწინებული ამ სახლების და შენობა-ნაგებობების საფასურის გადახდის წესი და პირობები.

სასამართლოს მიერ მითითებული 1984წ. 29 დეკემბრის ¹72-Д ინსტრუქციის მე-3.5 პუნქტი ითვალისწინებდა დასანგრევი სახლის, ასევე შენობა-ნაგებობების ღირებულების მე-2 ნახევრის გადახდას, მოქალაქის მიერ მხოლოდ მის მიერ ამ სახლის გამონთავისუფლების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კასატორის ასახლება დაკავშირებულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებასთან, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იყო კასატორი მისთვის გამოყოფილი ადგილით და რამდენად შეეძლო გამოეთავისუფლებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნული ინსტრუქციის მე-4 პუნქტის თანახმად, მოქალაქეთა ასახლების საკითხს იღებდა სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი.

ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს სახლმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ჩამორთმევის აუცილებლობით გამოწვეული სამართლებრივ ურთიერთობას, რაც იმ დროს წესრიგდებოდა განსახილველი ინსტრუქციით, დასადგენია, რამდენად შესრულებული იყო ზემოაღნიშნული აქტში მითითებული სახალხო დეპუტატთა ჭიათურის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ¹35/24 _ 1985წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული სოფ. ... თემის საკრებულოს 2003წ. 9 ივლისის ¹329 ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. ქ-ეს მცხოვრები სოფ. ..., ახალი სამოსახლო ნაკვეთი გამოყოფილი არ ჰქონია.

ამ ინსტრუქციით მომწესრიგებელი სამართლებრივი მექანიზმი განსხვავდება სამართალდარღვევით წარმოქმნილ ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ მარეგულირებელ მექანიზმისაგან.

იმ შემთხვევაში, თუ კასატორის ასახლება და მისი უსაფრთხო ადგილზე გადასვლა არ უკავშირდებოდა მიწის ჩამორთმევის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი აუცილებლობას და მისი საკუთრებაში არსებული სახლის დანგრევას, მაშინ სასამართლომ უნდა დაადგინოს 1964წ. 26 დეკემბრის რედაქციით არსებული სკ-ის ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების ინსტიტუტით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძვლები.

იმ შემთხვევაში, თუ 1964წ. 26 დეკემბრის რედაქციით არსებული სკ-ის 457-ე მუხლის თანახმად, სს «.. ..მა» კასატორს ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიაყენა ზიანი, ზიანის მიმყენებელმა ზიანი უნდა აანაზღაუროს სრული მოცულობით. ამ ურთიერთობის არსებობისას, ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დელიქტურ ვალდებულებებისათვის დამახასიათებელი გარემოებები.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სამოტივაციო ნაწილში მსჯელობს და ხანდაზმულად არ მიიჩნევს კასატორის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ მას არ გომოუთავისუფლებია დაკავებული მიწის ნაკვეთი და, ამდენად, თანხის გადახდის მე-2 ნახევრის მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვა, სარეზოლუციო ნაწილით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც, ხანდაზმულობის ვადის გაშვების გამო, სასამართლომ უარის უთხრა ზ. ქ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული და სწორი შეფასება მისცეს სადავო ურთიერთობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა სამართლებრივი დასაბუთებისათვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საკასაციო პალატის განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.