დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.05.2006
საქმის ნომერი
ას-1374-1596-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1374-1596-05 25 მაისი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია

სარჩელის საგანი: დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «...» განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს «ა.ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის» მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე. მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2001წ. 15 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ მიეწოდებინა მოპასუხისათვის ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებული დასახელებისა და რაოდენობის მედიკამენტები, ხოლო მოპასუხე იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაეხადა 122500 აშშ დოლარი. 2001წ. 15 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა მეორე ხელშეკრულება, რომლითაც დამატებით განისაზღვრა მისაწოდებელი მედიკამენტების დასახელება და რაოდენობა. შესასყიდი მედიკამენტების საერთო ღირებულება განისაზღვრა 42091 აშშ დოლარით. მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხე მხარე კი ვადის დარღვევით, პერიოდულად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც‚ ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს უნდა დაერიცხოს საჯარიმო სანქცია გადასახდელი თანხის 0,2 %. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა ძირითადი დავალიანება 120339,23 ლარი, პირგასამტეხლოს სახით - 328729,21 ლარი, სულ – 449068,44 ლარი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 დეკემბრის გადახდის ბრძანებით სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრს» დაეკისრა 449068,44 ლარის გადახდა, რაც გააპროტესტა სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრმა», მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა. ამასთანავე, სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულების 4.2. მუხლის თანახმად, საქონლის ყოველი შემდგომი მიწოდება გამყიდვლის მიერ მოხდება შემსყიდვლის მიერ წინა პარტიის ვადაგასული დავალიანების დაფარვის შემდეგ. ამდენად, ყოველი ახალი მიწოდების განხორციელებისას გამყიდველი აღიარებდა შემსყიდვლის მიერ ვალდებულების შესრულებას. გარდა ამისა, მხარეთა მიერ 2003წ. 17 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე დავალიანება განისაზღვრა 150339,23 ლარის ოდენობით. მოპასუხემ ასევე შეუსაბამოდ გაზრდილად მიიჩნია საჯარიმო თანხები.

საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხის მიერ დაფარულ იქნა დავალიანების ნაწილი, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა ძირითადი _ 339,23 ლარი; პროცენტული დანამატი – 389588,57 ლარი, სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში – 5000 ლარი, სულ – 394927,8 ლარი.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრს» დაეკისრა ძირითადი დავალიანება _ 339,23 ლარი, პროცენტული დანამატი – 389588,57 ლარი და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ _ პროცენტული დანამატის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალურმა ცენტრმა».

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს «...» სარჩელი და სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს» შპს «...» სასარგებლოდ დაეკისრა 18595,99 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ფირმა «...» სს «პროფ. ა. ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრისათვის» უნდა მიეწოდებინა 122500 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები ნაწილ-ნაწილ, ხოლო მყიდველი იღებდა ვალდებულებას, რომ გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება მიწოდებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდველი მიწოდებული საქონლის ღირებულებას ვერ გადაიხდიდა, მხარეთა მიერ განისაზღვრებოდა საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,2 %. 2004წ. 2 ივლისს მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება დავალიანების დაფარვის თაობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 2003წ. 17 დეკემბრის მდგომარეობით სს «პროფ. ა.ღ-ავას სახ. ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს» შპს «...» მიმართ აქვს დავალიანება 150339,23 ლარის ოდენობით და დადგინდა აღნიშნული თანხის 5 თვის ვადაში ეტაპობრივად დაფარვის გრაფიკი. ამავე შეთანხმების 1.4. პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია, რომ მოითხოვოს როგორც დარჩენილი ძირითადი თანხის, ასევე‚ ძირითად თანხაზე დარიცხული საჯარიმო სანქციების გადახდა მოქმედი კანონმდებლობითა და 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა აპელანტს სანქციების გადახდა 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული საჯარიმო სანქციების დაანგარიშებით, რადგან მიიჩნია, რომ სანქციების დარიცხვა უნდა მომხადარიყო 2004წ. 2 ივლისის შეთანხმების მიხედვით. სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულ იქნა 2004წ. 2 ივლისის შეთანხმების პირობები და საჯარიმო სანქციები უნდა განხორციელებულიყო ამ შეთანხმების შეუსრულებლობისათვის.

სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთანავე გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად არის ცნობილი, რომ შპს „...“ და სს „პროფ. ა. ღ-ავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“ შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი გახდა 2001წ. 15 ნოემბრის ¹12 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც‚ შპს „...“ „ა.ღ-ავას ცენტრისათვის“ უნდა მიეწოდებინა 122500 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები წილადობრივად მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო მყიდველი (ცენტრი) იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება მიწოდებიდან არაუგვიანეს 120 კალენდარული დღისა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მყიდვლის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2%-ის დარიცხვით. 2004წ. 2 ივლისს მხარეები შეთანხმდნენ დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის 5 _ თვიან ვადაზე და შედგა შესაბამისი გრაფიკიც. ამ შეთანხმებით დავალიანების ოდენობა 2003წ. 17 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანობაში განისაზღვრა 150 339,23 ლარით. ამ შეთანხმების 1.4 პუნქტით „...,“ გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა როგორც დარჩენილი ძირითადი თანხის, ისე _ მასზე დარიცხული სანქციის გადახდა მოქმედი კანონმდებლობისა და 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მას უფლება აქვს, საჯარიმო სანქცია მოითხოვოს 2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულების პირობებით, რადგან ეს გათვალისწინებულია 2004წ. 2 ივლისის შეთანხმების 1.4 პუნქტში.

სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი“.

საკასაციო პალატა თვლის, რომ 2004წ. 2 ივლისის შეთანხმებით მხარეებმა თავიდან განსაზღვრეს ურთიერთუფლება-მოვალეობები დავალიანების ოდენობის და მისი გადახდევინების წესის ნაწილში და საბოლოოდ, „...“ დავალიანებად განისაზღვრა 150 339,23 ლარით. საჯარიმო სანქციების გადახდა უნდა განხორციელებულიყო იმ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც მოპასუხეს წარმოეშვა 2004წ. 2 ივლისის შეთანხმების საფუძველზე. 1.4 პუნქტში მითითებულ „2001წ. 15 ნოემბრის ხელშეკრულებით დადგენილი წესით“ საჯარიმო სანქციის მოთხოვნაში იგულისხმება ამ ხელშეკრულებით დადგენილი საჯარიმო სანქციის გადახდის წესი – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,2% და არა პირობები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული შეთანხმების 1.4 პუნქტი, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

შპს „...“ დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის (კოდი: 220101107) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033114 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 2500 ლარის გადახდა;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.