გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-172-504-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-მ სარჩელი აღძრა მოპასუხე რ. ჯ-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 2002წ. 5 სექტემბერს მოპასუხე რ. ჯ-მ მას მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენით რ. ჯ-ე მიჩნეულ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა კანონით გათვალისწინებული სასჯელი. განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ. მ. ქ-ა საქმეში ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ.
მ. ქ-მ მოითხოვა თავის სასარგებლოდ მოპასუხისათვის მატერიალური ზარალის სახით 3000 ლარისა და მორალური ზარალის სახით 2000 ლარის, სულ _ 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მატერიალური ზარალის სახით მოპასუხე რ. ჯ-ს დაეკისრა მოსარჩელე მ. ქ-ს სასარგებლოდ 306 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოსარჩელეს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ქ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში და მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ, სსკ-ის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია რ. ჯ-ის მიერ მ. ქ-სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ქ-ს მოთხოვნა მისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, სკ-ის 992-ე და 412-ე მუხლების თანახმად, კანონიერია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მ. ქ-ს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში. სასამართლომ მიუთითა, რომ ქვითრებისა და წამლების ჩამონათვალის მეშვეობით შეუძლებელია, დადგინდეს როდის, ვის მიერ და რა დანიშნულებით იქნა გამოყენებული მასში მითითებული წამლები.
ასევე სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ქ-ს მოსაზრება მისთვის სასესხო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რადგან აღნიშნული სესხები გამოტანილია სხვა პირების _ მ. გ-ისა და ლ. ს-ის მიერ.
სააპელაციო პალატამ სკ-ის 413-ე მუხლის საფუძველზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ქ-ს მოსაზრება მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ მოტივით, რომ მან ვერ დაასაბუთა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ მტკიცებულებად არ ჩათვალა აფთიაქის წარმოდგენილი ქვითრები და წამლების ჩამონათვალი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბანკიდან გამოტანილი თანხა მოხმარდა წამლების შეძენას, რაც დაადასტურეს მ. გ-მ და ლ. ს-მ. ასევე მითითებულია, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, სკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. კასატორი უთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია ზიანის მიყენების ფაქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ნოემბრის განაჩენით დადგენილია რ. ჯ-ის მიერ მ. ქ-სათვის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი. ამრიგად, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, მტკიცებას არ საჭიროებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინებით კანონიერად არის დადგენილი, რომ საქმეში წარმოდგენილი ქვითრებისა და წამლების ჩამონათვალით არ დგინდება ზიანის ოდენობის ფაქტი.
ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გააჩნია არა კასატორის მიერ დახარჯული თანხის, არამედ მისი მკურნალობისათვის აუცილებელი თანხის ოდენობას, რაც არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატამ მტკიცებულებად არ ჩათვალა მ. ქ-ს მიერ წარმოდგენილი აფთიაქის ქვითრები, წამლების ჩამონათვალი, საბანკო სესხის ქვითრები, რადგან აღნიშნულით არ დასტურდება, ფაქტი იმის შესახებ, რომ კასატორმა წამლები გამოიწერა მიღებული ტრავმის გამო. სკ-ის 414-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ დასტურდება მისი მკურნალობისათვის გაწეული ან გასაწევი თანხის ოდენობა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის ამ თანხის ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა. განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია, რომ მხედველობაში იყოს მიღებული კასატორის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ჯანმრთელობის აღდგენას. ამდენად, სკ-ის 414-ე მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე, კასატორის მიერ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ნაწილში არ დასტურდება, რომ თავისი იყო წარმოდგენილი წამლების სია და მკურნალობის ხარჯების ოდენობა.
სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ მ. ქ-ს მოსაზრება მისთვის სასესხო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, რადგან სასესხო ვალდებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები განკუთვნილი იყო მ. ქ-ს მკურნალობისათვის. ასევე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ აღნიშნული სესხები გამოტანილია სხვა პირების _ მ. გ-ისა და ლ. ს-ის მიერ.
სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვისაც. ამ ნორმის თანახმად ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და, ამდენად, ანგარიშგასაწევი.
საკასაციო საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად უთითებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს და ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზამ დაადგინა და დასკვნაში აღნიშნულია დიაგნოზი, რომლის ერთ-ერთ პუნქტში მითითებულია ნეიროცირკულარული დისტონია. სასამართლომ არ შეაფასა და არ დაადგინა, განიცადა თუ არა მ. ქ-მ ფსიქიკური ტრავმა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ექსპერტიზის დასვნის გათვალისწინებით დასტურდება ფსიქიკური ტრავმის მიყენების ფაქტი, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მ. ქ-ს სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლო ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო სასამარლომ მ. ქ-ს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 46-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
დადგენილია, რომ მ. ქ- ცნობილია დაზარალებულად კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, ხოლო მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ. მ. ქ-მ მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გადაეხდევინებინა სახელმწიფო ბაჟი მ. ქ-სათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე და 412-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილება მორალური ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე პალატას არსებითად განსახილველად.
ასევე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის მ. ქ-სათვის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.