გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-186-489-04 27 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანისა და ბინის ქირის ანაზღაურება, გამოსახლება (ძირითად სარჩელში); უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ლ-ემ სარჩელი აღძრა რ. ჟ-ისა და ბ. ს-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა 1998წ. 21 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის _ 1500 ლარის ანაზღაურება, ბინის ქირის გადახდა და მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებებზე: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჩანაწერებით, თბილისში, ... მდებარე სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას. 1998წ. 21 იანვარს, იმ პეროდში, როცა სახლთმფლობელობის 1/2, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა ა. ბ-ის სახელზე. ამ უკანასკნელმა სახლის ამ ნაწილზე დადო ნასყიდობის ხელშეკრულება რ. ჟ-თან. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, რადგან იგი არაუფლებამოსილმა პირმა დადო, რადგან ალ.ბ-ი სადავო სახლის მესაკუთრე არ ყოფილა.
მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე რ. ჟ-მა, რომელიც ათეული წლების მანძილზე, როგორც მდგმური, ცხოვრობდა სადავო სახლში, მიითვისა მოსარჩელის საშენი მასალა _ 100 აგური, 25 ხის ფიცარი, 4 ავტომობილის საბურავი, 2 რადიატორი და ავტომანქანის სხვა ნაწილები.
რ. ჟ-ი 1985 წლამდე ბ-ებს ბინის ქირას უხდიდა, 1985-90 წლებში – მოსარჩელის მამას, ა. ლ-ეს, ხოლო 1990 წლიდან კი ქირა აღარ გადაუხდია.
მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა რ. ჟ-ის ბინიდან გამოსახლება, ვინაიდან დამქირავებელი არ იხდის ბინის ქირას, თვითნებურად აქვს დაკავებული ბინა, რომელიც მოსარჩელეს თავად ესაჭიროება.
ნ. ლ-ემ, აგრეთვე, მოითხოვა მოპასუხე ბ. ს-ის გამოსახლება ბინიდან და 1990 წლიდან ბინის ქირის, თვეში 100 აშშ დოლარის, გადახდა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ს-ე 1996 წლიდან საცხოვრებლად სხვა მისამართზეა გადასული, მაგრამ ოთახში დატოვებული აქვს ნივთები.
მოპასუხე რ. ჟ-მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ის აღნიშნულ ბინაში 1967 წლიდან ცხოვრობს. ლ-ემ აღნიშნული სახლი ა. ბ-ისაგან იყიდა 1985 წელს. ბინა, რომელიც 1967 წელს დაიქირავა, შემდეგ დაანგრია და ააშენა ახალი ბინა დამხმარე სათავსებით. თვლის, რომ ოთახი, რომელიც დაანგრია, მისი საკუთრება იყო, რადგან კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997წ. გადაწვეტილებით დადგენილ იქნა ა. ბ-ის მემკვიდრეობა სახლის ნახევარზე და ამის შემდეგ მან გააფორმა სანოტარო წესით სადავო ოთახის ნასყიდობის ხელშეკრულება. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ბ-ი ცნობილ იქნა სახლის 1/2 მესაკუთრედ, გაუქმდებოდა, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია. რ. ჟ-ი თვლის, რომ იგი სადავო ოთახის მესაკუთრედ უნდა იქნეს ცნობილი. ამავე საფუძველზე ლ-ის სარჩელს გამოსახლების ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
რ. ჟ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ოთახზე მესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის გასწორება.
ბ. ს-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მის მიერ დაკავებულ ფართზე მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მან 1979წ. 11 დეკემბერს სახლის მაშინდელ მესაკუთრე ვ. ბ-ს 15 კვ.მ ოთახის საფასურად გადაუხადა 5500 მანეთი. ამ ფართში თვითონ და თავისი ოჯახის წევრები ჩაწერილი არიან, იხდიან გადასახადებს. ბ. ს-ე “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის I ნაწილის საფუძველზე ითხოვს, ცნობილ იქნეს იმ ოთახის მესაკუთრედ, რომელიც მას დაკავებული აქვს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ...... მდებარე სახლის ნაწილის ყიდვა-გაყიდვის შესახებ 1998წ. 21 იანვრის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურში და საჯარო რეესტრში ...... მდებარე სახლის ნახევრის რ. ჟ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის ჩანაწერი; ნ. ლ-ის სარჩელს უარი ეთქვა ზიანის _ 1500 ლარის ანაზღაურების მოთხვნის ნაწილში უსაფუძვლობის გამო;
სარჩელს რ. ჟ-ის ბინიდან გამოსახლებაზე უარი ეთქვა, ხოლო მოთხოვნა ბინის ქირის გადახდევინების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ჟ-ს დაეკისრა უკანასკნელი ბინის 3 წლის ქირის _ დაუბეგრავი მინიმუმის 1%, რაც ყოველთვიურად შეადგენს 2,16 ლარს, ხოლო სამი წლის – 77,76 ლარს.
ნ. ლ-ეს მოთხოვნა ბ. ლ-ის მასთან თანმყოფ პირებთან ერთად გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ლ-ეს ბინის ქირის მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვა.
რ. ჟ-ის შეგებებული სარჩელი, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახის ნახევრის მესაკუთრედ ცნობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბ. ს-ეს შეგებებული სარჩელი, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 13.13 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
თბილისში, ...... მდებარე სახლთმფლობელობა შედგება 4 საცხოვრებელი ოთახისაგან და საკუთრების უფლებით 1920 წლიდან ირიცხებოდა ნ. ბ-ის სახელზე.
1955 წელს მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლთმფლობელობა გადაფორმდა ვ. ბ-ის სახელზე. 1984 წელს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლთმფლობელობა გაფორმდა ა. ბ-ის სახელზე, ხოლო 1985წ. 2 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით სახლის მესაკუთრე გახდა ა. ლ-ე. ა. ლ-ის გარდაცვალების შემდეგ 1994წ. 2 დეკემბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე სახლი აღირიცხა მისი ქალიშვილის – ნ. ლ-ის სახელზე.
კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო სახლზე გაცემულ სამემკვიდრეო მოწმობაში შეტანილ იქნა ცვლილება და სახლის 1/2-ზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი, 1/2 კი დარჩა ნ. ლ-ეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თ. ბ-მა სახლის ნახევარი გაიფორმა და შემდეგ ერთი _ 24 კვ.მ ოთახი გაყიდა მანამდე ამ სახლში მცხოვრებ რ. ჟ-ზე.
ნ. ლ-ის საჩივრის საფუძველზე, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ნ. ლ-ეს სადავო სახლზე აღუდგა თავდაპირველი უფლება და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სახლთმფლობელობა მთლიანად აღირიცხა ნ. ლ-ის სახელზე. სასამართლომ აღნიშნული გარემოება თ. ბ-ს და რ. ჟ-ს შორის 1998წ. 21 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია.
სასამართლომ რ. ჟ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის I პუნქტზე, რომლითაც მოსარგებლეს აქვს საკუთრების უფლება მესაკუთრის თანხმობით საკუთარი ხარჯებით განხორციელებულ საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე. რ. ჟ-მა, როგორც ეს ხელშეკრულებიდან ჩანს, ოთახი შეიძინა არამესაკუთრისაგან, ხოლო სახლის ხელმეორედ აშენება წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ჟ-ი 1977 წლიდან მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ჩაწერილია სადავო ბინაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რ. ჟ-ს გადახდილი ჰქონდა თანხა საცხოვრებელი სადგომის დათმობისათვის, მართალია, არა მესაკუთრისათვის, არამედ მისი ძმისათვის, მაგრამ ეს მესაკუთრეს სადავო არ გაუხდია და რ. ჟ-ს ნება დაერთო, ესარგებლა სადგომით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ რ. ჟ-ი მიიჩნია სადავო ფათის მოსარგებლედ.
სასამართლომ რ. ჟ-ი არ მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად. 1998წ. 21 ივნისს, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ დავის შესახებ, რომელიც ნ. ლ-ესა და თ. ბ-ს შორის მიმდინარეობდა. ხელშეკრულება სწორედ ამ პერიოდში დაიდო.
სასამართლომ ნ. ლ-ის მოთხოვნა ზიანის – 1500 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებანი.
სასამართლომ რ. ჟ-ის გამოსახლებაზე უარი უთხრა მოსარჩელეს, რადგან ის გარემოება, რომ მას სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, არ წარმოადგენს გამოსახლების საფუძველს. სასამართლომ მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის I ნაწილზე და რ. ჟ-ს ყოველთვიურად გადასახდელად დააკისრა ბინის ქირა 2,16 ლარის ოდენობით, ასევე, მას დაეკისრა ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაუხდელი ქირა.
რაც შეეხება ბ. ს-ის ბინიდან გამოსახლებას, საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან წამოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ე.წ. “დათმობის” წესით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 562-ე მუხლზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჟ-მა და მოითხოვა მისი მთლიანად გაუქმება, ხოლო ნ. ლ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწვეტლება რ. ჟ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რ. ჟ-ი გამოსახლებულ იქნა თბილისში, ... მდებარე ბინიდან. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
დადგენილია, რომ სადავო ბინა მდებარე თბილისში, ..., 1994წ. 2 დეკემბერს აღირიცხა ნ. ლ-ის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე.
1997წ. 17 ოქტომბერს კრწანისის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანის საფუძველზე სახლის½1/2-ზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ბ-ი, ხოლო 1/2 დარჩა ნ. ლ-ის სახელზე. თ. ბ-მა თავის სახელზე აღრიცხული სახლიდან 24 კვ.მ ოთახი მიჰყიდა რ. ჟ-ს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დადგენილებით და საბოლოოდ თ. ბ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998წ. 21 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად სწორად იქნა მიჩნეული, რადგან თ. ბ-ი არაა სახლის მესაკუთრე.
სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება რ. ჟ-ის გამოსახლებაზე უარის თქმის შესახებ, მიუთითა სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ნ. ლ-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქის ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. პალატამ მიუთითა სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლებზე და მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჟ-მა. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მან თ.ბ-ისაგან მაშინ შეიძინა ბინა, როცა იგი მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, თუ რატომ მიიჩნია ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად. მართალია, შემდეგ ის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ბ-ი სახლის 1/2-ის მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში, გაუქმდა, მაგრამ იგი (კასატორი) სკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე კეთილსინდისიერი შემძენია. კასატორის მოსაზრებით, მან არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა, რომ ბინის მესაკუთრეს მომავალში გაუუქმდებოდა ის სამართლებრივი საფუძველი, რითაც იგი მესაკუთრედ იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა 187-ე მუხლი.
კასატორს მიაჩნია, რომ მისი ბინიდან გამოსახლებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი, (სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვინდიკაციური სარჩელით ითხოვდა მოპასუხე რ. ჟ-ის ბინიდან გამოსახლებას, ხოლო მოპასუხე _ სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ვინდიკაციური სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ რ. ჟ-ი მიიჩნია სადავო ფართის მოსარგებლედ; გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის I ნაწილი (იმ დროს მოქმედი) და რ. ჟ-ს ყოველთვიურად გადასახდელად დააკისრა ბინის ქირა. სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სასამართლომ ისე გააუქმა ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე გამოასახლა დაკავებული ფართიდან, არ მიუთითა, რატომ არ მიიჩნია რ. ჟ-ი მოსარგებლედ, შესაბამისად, რატომ არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი. ამასთან, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა სარჩელის დაკმაყოფილებისას სკ-ის ნორმები და რ. ჟ-ი რატომ მიიჩნია იმ პირად, რომელსაც არ აქვს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის 172-ე მუხლის I ნაწილი).
აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გამოიყენა მოცემული დავის გადაწყვეტისას სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები. 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. ჟ-ი სადავო ბინაში უკვე ათეული წლებია ცხოვრობს. მართალია, 1998წ. 22 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რ. ჟ-ის გამოსახლების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული. სასამართლოს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას უნდა შეემოწმებინა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, სწორად იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული კანონი თუ არა; ახალი გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ გამოიყენა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სკ-ის ნორმები და არა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ კანონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა შეამოწმოს სწორად გამოიყენა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.