დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.07.2005
საქმის ნომერი
ას-244-564-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-244-564-05 12 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თავდაცვის სამინისტროს ¹... რეგიონალურმა ბაზამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ.-ის მიმართ უკანონოდ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისა და მიუღებელი შემოსავლის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ. ფოთში, ... მდებარე სახლი ¹63 ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ¹... რეგიონალი ბაზის სახელზე, რომლის პირველ სართულზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის 20 მ2 იჯარის ხელშეკრულებით მ. გ.-ს გადაეცა სავაჭრო საქმიანობისათვის. საიჯარო ქირის გადასახადი შეადგენდა წელიწადში 240 აშშ დოლარს, სულ _ 1500 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 489 ლარი. თავდაცვის სამინისტროს 2002წ. 14 იანვრის ბრძანების საფუძველზე ფოთის გარნიზონის სამმართველოს 2002წ. 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მეიჯარე ლიკვიდირებულ იქნა. გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა საიჯარო ქირის გადახდასა და დაკავებული ფართის დაცლაზე იმ მოტივით, რომ სადავო ფართიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთადერთი შემოსავალია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი მოტივებით: საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნა უსამართლოა, რადგან სარჩელი აღიძრა არაუფლებამოსილი პირის მიერ. მ. გ.-მ უარი განაცხადა სადავო ფართიდან გამოსახლებაზე, ვინაიდან ის მეორე ჯგუფის ინვალიდია და სადავო ფართში განთავსებული კაფე-ბარი “...” წარმოადგენს მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს. მისი განმარტებით, მოსარჩელე მისგან მოითხოვს იმ საიჯარო ქირის გადასახადს, რომლის შესახებაც 2000, 2001 წლებში ხელშეკრულება გაფორმებული არ ყოფილა. სახელმწიფო ქონებაზე იჯარის ხელშეკრულება ქონების მართვის სამსახურის ნებართვის გარეშე გაფორმდა.

ფოთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ მ.გ.-ის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში. მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 15 დეკემბერს, მ.გ.-ის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო მხარეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

თავდაცვის სამინისტროს ¹... რეგიონალური ბაზის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გ.გ.-მ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 31 მაისის განჩინებით დარჩა განუხილველი.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. გ.-მ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის განჩინებით მ.გ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ. გ.-ს 2004წ. 15 დეკემბრის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას დადგენილი ნიმუშის უწყება ჩაბარდა 2004წ. 24 ნოემბერს. მ.გ.-ის წარმომადგენელ რ.წ.-ს 2004წ. 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ხელწერილი ჩამოართვეს და უშუალოდ გააფრთხილეს 2004წ. 15 დეკემბრის სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო მხარის შუამდგომლობით აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მ.გ.-ის განმარტება იმის შესახებ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო საქმის განხილვის დრო და ადგილი. სასამართლომ, ასევე, უსაფუძვლოდ ცნო აპელანტის წარმომადგენელ რ. წ.-ის განცხადება, რომ იგი ზუგდიდში მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმეზე საგამომძიებო მოქმედების შესრულებაში და ვერ შეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ. ამასთან, თუ მ.გ.-ს საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღება სურდა, ჰქონდა შესაძლებლობა, გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის, რაც მას არ გამოუყენებია.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ.-მ შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. 2004წ. 17 ნოემბრის სხდომა გადაიდო მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით, რადგანაც მათ არ ჩაბარებიათ სააპელაციო საჩივარი. სასამართლო სხდომის 15 დეკემბერს ჩატარების შესახებ მ.გ.-მ შეიტყო 2004წ. 14 დეკემბერს წარმომადგენლის მეშვეობით. 15 დეკემბერს დილის 9 საათზე იგი გახდა ცუდად, რის შესახებაც 10 საათზე სასწრაფო დეპეშით აცნობა სასამართლოს და მოითხოვა პროცესის გადადება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: მ. გ.-ს 2004წ. 15 დეკემბრის სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მას დადგენილი ნიმუშის უწყება ჩაბარდა 2004წ. 24 ნოემბერს. მ.გ.-ის წარმომადგენელ რ.წ.-ეს 2004წ. 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ჩამოართვეს ხელწერილი და უშუალოდ გააფრთხილეს 2004წ. 15 დეკემბრის სასამართლოს სხდომის დროისა და ადგილის შესახებ.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ამ სახის პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს იზიარებს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და გამორიცხულია მხარის შესაძლებლობა, დროულად აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზი. მოცემულ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა, რომ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის, რაც არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა მ. გ.-ის მოთხოვნა.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მას არ გადასცემია შეგებებული სააპელაციო საჩივარი და სასამართლოს, სსკ-ის 233-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, უნდა ემსჯელა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2004წ. მ.გ.-ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა თავდაცვის სამინისტროს ¹... რეგიონალური ბაზის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. 2004წ. 17 ნოემბრის სასამართლო სხდომა გადაიდო აპელანტ მ.გ.-ის წარმომადგენელ რ.წ.-ის შუამდგომლობის საფუძველზე იმ მოტივით, რომ მას არ ჩაბარებია შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ამდენად, კასატორის მოსაზრება შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიუღებლობის თაობაზე საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, 2004წ. 15 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს ¹... რეგიონალური ბაზის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 თებერვლის დაუსწრებელი განჩინება დარჩეს უცვლელი.

მ. გ.-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის “მ” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.