გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-24-475-06 19 ივლისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-ძემ 2005წ. იანვარში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს «თ. ს. ქ-ის» მიმართ და მოითხოვა შპს «თ. ს. ქ-ის» დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹132 და 2005წ. 5 იანვრის 364-კ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამუშაოდან, მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მუშაკთა გათავისუფლებისას არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობის გრძნობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მას გავლილი აქვს აკრედიტაცია. მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლების შემდეგ მის თანამდებობაზე ადმინისტრაციამ ახალი მუშაკი დანიშნა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს «თ. ს. ქ-ის» 2005წ. 5 იანვრის ¹64-კ ბრძანება; მოსარჩელე მ.ქ-ძე აღდგენილ იქნა წინანდელ ან სხა ტოლფას სამუშაოზე, მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ. ს. ქ-ის» დირექტორმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინებით შპს «თ. ს. ქ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ძე მუშაობდა შპს «თ. ს. ქ-ის» ლაბორატორიაში ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობაზე. 2004წ. 3 დეკემბრის ¹132 ბრძანებით გამოცხადდა «თ. ს. ქ-ის» რეორგანიზაცია, მუშაკთა რიცხოვნებისა და შტატების შემცირება; დამტკიცდა თ. ს. ქ-ის საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით გაუქმდა ლაბორატორია და მასში შემავალი სამივე საშტატო განრიგი, იმავე დღეს ქარხნის მუშაკები და მათ შორის მ. ქ-ძეც გაფრთხილებული იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2005წ. 5 იანვრის ¹64-კ ბრძანებით მ. ქ-ძე განთავისუფლდა ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ახლადჩამოყალიბებულ ექსპერტიზისა და ანალიზის განყოფილებაში ლაბორანტის ორ შტატზე დაინიშნენ ლ.ბ. და ნ.გ-ძე. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონის ნორმა და არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მ.ქ-ძის გათავისუფლებისას დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოსარჩელეს არ ჰყავს ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი და დანიშნულ პირთაგან შედარებით აქვს მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «თ. ს. ქ-ის» დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში არ გაკეთებულა არჩევანი რომელიმე მუშაკის სასარგებლოდ, არ მომხდარა თანაბარ პირობებში მოსარჩელის გათავისუფლება და სხვა მუშაკების დატოვება ან მისი ჩანაცვლება სხვა მუშაკით. მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად ყველა თანამშრომელი იქნა დათხოვნილი და ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდგომ ახლიდან იქნა აყვანილი სამუშაოზე მუშაკები. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი. კასატორის მითითებით, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაშიც ეს ნორმა არასწორად იქნა განმარტებული. ადმინისტრაციას ჰქონდა სრული უფლება არსებული სამი მუშაკიდან შეეწყვიტა შრომითი კონტრაქტი მოსარჩელესთან, რადგან ბ-ლი ვერ გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, რადგან იგი იყო ლაბორატორიის უფროსი და შესაბამისად უფრო მეტი გამოცდილების და კვალიფიკაციის მუშაკი იყო და ვერც გ-ძე, რომელსაც მოსარჩელისაგან განსხვავებით უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და უფრო მაღალი კვალიფიკაციის მუშაკთა რიცხვს მიეკუთვნება, ვიდრე მოსარჩელე. კასატორის მითითებით, მართალია, საქმეში არ არის წარმოდგენილი მათი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის შესახებ ცნობები, მაგრამ მათი მდგომარეობა არანაკლებ მძიმეა, ვიდრე მოსარჩელის. კასატორი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია სარჩელის დაკმაყოფილება და მისი ძველ სამუშაოზე აღდგენა, როდესაც მისი განყოფილება და შტატი საერთოდ არ არსებობს, წარმოდგენილი ახალი სტრუქტურის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ყველა შტატი შევსებულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «თ. ს. ქ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მ.ქ-ძის გათავისუფლებისას დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოსარჩელეს არ ჰყავს ოჯახში დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი და დანიშნულ პირთაგან შედარებით აქვს მოპასუხე ორგანიზაციაში მუშაობის უფრო ხანგრძლივი სტაჟი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა წინანდელ ან სხა ტოლფას სამუშაოზე; საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ქ-ძის წინანდელ ან სხვა ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შესახებ კანონიერია, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2004წ. 3 დეკემბრის ¹132 ბრძანებით გამოცხადდა შპს «თ. ს. ქ-ის» რეორგანიზაცია, მუშაკთა რიცხოვნებისა და შტატების შემცირება; დამტკიცდა «თ. ს. ქ-ის» საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით გაუქმდა ლაბორატორია და მასში შემავალი სამივე საშტატო განრიგი. ამიტომ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის გამოყენებისას სააპელაციო სასამართლომ ისე მიანიჭა მ.ქ-ძეს უპირატესობა სხვა თანამშრომლებთან შედარებით, რომ არ მიუთითა მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაცის შემდეგ, ახალი საშტატო განრიგის პირობებში კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგენილიყო იგი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს გარემოება გაართულებს და შეუძლებელს გახდის ამ გადაწყვეტილების აღსრულებასაც.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «თ. ს. ქ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.