დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-257-583-05 7 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის მფლობელად და მოსარგებლედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ვ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ 1992წ. აპრილში ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა დ. კ-თან და წლების განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა დედამთილის ნ. კ-ის მიერ მისთვის გამოყოფილ ....... მდებარე ¹35 ბინაში, რაც წარმოადგენს ........ საზოგადოების საკუთრებას. 1999 წელს ნ. კ-მა მოახდინა ორი ოთახის პრივატიზაცია, ხოლო მათთვის გამოყოფილი ფართი პრივატიზების გარეშეა დარჩენილი. მეუღლესთან ხშირი კონფლიქტის გამო ორჯერ შეიტანა სარჩელი განქორწინების თაობაზე, მაგრამ განქორწინება არ მომხდარა. მოსარჩელის განმარტებით, ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, რადგან ქმარმა და დედამთილმა იგი გამოაგდეს სახლიდან, ხოლო ოთახი, სადაც იგი ცხოვრობდა ავადმყოფ შვილთან, ერთად გააქირავეს.
აღნიშნული საფუძვლით, მოსარჩელე ითხოვს სკ-ის 155-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნულ მისამართზე მდებარე ¹35 ოთახის მფლობელად და მოსარგებლედ ცნობას.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ნ. ვ-ი გათხოვების დღიდან იზოლირებულად ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად იმავე დერეფანში მდებარე ლ. გ-ას ბინაში, რომელმაც ბინა დ. კ-ს დაუტოვა განუსაზღვრელი ვადით, თვითონ კი ოჯახთან ერთად ცხოვრობს საბერძნეთში. მოსარჩელე თავისი სურვილით ტოვებდა მეუღლეს და წლობით ცხოვრობდა დედასთან. ამასთან, მას აქვს ე. გ-ას ბინის მასალები და სარგებლოა ამ ფართით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე 1994წ. ივლისიდან ცხოვრობდა ე. გ-ას კუთვნილ ბინაში და არ ფლობდა სადავო ოთახს.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 7 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბინა, რომლის მოსარგებლედ ცნობას ითხოვს ნ. ვ-ი, წარმოადგენს არა კ-ის, არამედ საქართველოს .......... საზოგადოების საკუთრებას. .......... საზოგადოებასა და ნ. ვ-ს შორის კი სადავო ოთახის სარგებლობაზე სამართლებრივი ურთიერთობები წარმოშობილი არ ყოფილა.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ნ. ვ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ შეაფასა სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, არ მოიწვია მეორედ .......... საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებდა, რომ იგი მართლზომიერად ფლობს სადავო ფართს. კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები და უნდა გამოეყენებინა ამ კოდექსის 105-ე მუხლი. ამასთან, არასწორად იქნა განმარტებული სკ-ის 155-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 155-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. აღნიშნულ ნორმაში მითითებული ფაქტობრივი ბატონობა სწორედაც რომ არ გულისხმობს ნივთზე ფიზიკურ შემხებლობას. ამ ცნებაში მოიაზრება ნივთის მიმართ იურიდიული ბატონობა. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორადაა განმარტებული.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აზრს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ მიანიჭა არავითარი მნიშვნელობა იმ ფაქტს, რომ ნ. ვ-მა მოითხოვა ......... საზოგადოების წარმომადგენლის გამოძახება სასამართლო პროცესზე. მის მიერ სასამართლოს სხდომაზე ასეთი მოთხოვნის დაყენების ფაქტი საქმეში არსებული სხდომის ოქმით არ დასტურდება. სხდომის ოქმზე კი კანონით დადგენილი წესით შენიშვნები მხარეს არ შეუტანია. რაც შეეხება უბნის ინსპექტორის სასამართლოში გამოძახების ფაქტს, აღნიშნული შუამდგომლობა სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რადგან აღნიშნული მტკიცებულება (მოწმის ჩვენების სახით) მას შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. აღნიშნულის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო იძულებული იქნებოდა, გადაედო პროცესი, რაც გააჭიანურებდა საქმის განხილვას.
ამასთან, თვითონ კასატორი უთითებს, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა .......... საზოგადოება (თუმცა მტკიცებულება ამის თაობაზე არ არსებობს). ვინაიდან ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა მოიცავს ამ ბინის მიმართ იურიდიულ ბატონობას, შეუძლებელია დ. კ-ს მოეთხოვოს ......... საზოგადოების საკუთრებაში არსებულ ნივთზე სარგებლობის უფლების სხვისთვის გადაცემა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წამოუყენებია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების მიმართ, რომ ნ. ვ-სა და .......... საზოგადეობას შორის სადავო ოთახით სარგებლობაზე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილი არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა პალატისათვის, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა სადავო ნივთზე გამორიცხავს ნივთის ფაქტობრივი ფლობის და მისი მართლზომიერების შესაძლებლობას. ასეთი მტკიცებულება მხარის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორადაა გამოყენებული სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები, რომლის თანახმადაც, თვითონ ნ. ვ-ს უნდა დაედასტურებინა სარჩელში მითითებული გარემოებანი მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.