დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.05.2005
საქმის ნომერი
ას-282-604-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-282-604-05 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო ნაგებობის აღება (ძირითად სარჩელში); სამკვიდროდან სავაალდებულო წილის მიღება, მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 28 ივლისს ა. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ს. ო-ის მიმართ უკანონო ნაგებობის აღების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ მხარეების დედამ – ს. ო-ამ, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს, 1973წ. შედგენილი ანდერძის თანახმად, თავის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება, მათ შორის ქ. თბილისში, ..... ქ. ¹22-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, უანდერძა ა. დ-ს. ხოლო ს. ო-ს, როგორც უღირს მემკვიდრეს, დედამ არაფერი უანდერძა, რადგან მოსარჩელის განმარტებით, მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, იგი ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა, რის გამოც ს. ო-ა საცხოვრებლად თავის ქალიშვილთან გადავიდა.

ს. ო-მა ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში, მისი ნებართვის გარეშე, აიშენა სამოთახიანი სახლი სათავსებითა და სარდაფით, სადაც დღემდე ცხოვრობს თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. ერთი წლის წინ მოპასუხემ ა. დ-ს შესთავაზა სარდაფის თავზე ტუალეტისა და სააბაზანოს დაშენება იმ პირობით, რომ ეს მოსახერხებელი იქნებოდა მისი უსინათლო მეუღლისათვის. მოსარჩელეს ნებართვა არ მიუცია, თუმცა ისარგებლა იმით, რომ მოსარჩელე იქ არ ცხოვრობდა და ააშენა ოთახი, რომელმაც დააბნელა მოსარჩელის სამზარეულოს ფანჯარა, დაუზიანა ოთახში შემავალი წყლის მილები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა უკანონო ნაგებობის აღება, რათა მან, როგორც მესაკუთრემ, თავისუფლად ისარგებლოს კუთვნილი ფართით.

ს. ო-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სამოთახიანი ბინის მშენებლობაზე მას ჰქონდა აღმასკომის ნებართვა და დედის თანხმობა. მოცემული სახლთმფლობელობის ლიტ “ბ-ში” იგი ცხოვრობდა 1970 წლიდან, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, სახლი დაზღვეულია მის სახელზე. ს. ო-ას გარდაცვალების შემდეგ მთელი სახლთმფლობელობა თვითნებურად გადაიფორმა ა.დ-მა, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ს. ო-ას ანდერძის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ვინაიდან ანდერძი დაწერილ იქნა 1973 წელს, ძველი რედაქციის სკ-ის მოქმედებისას. მხარე ამ დროისათვის, კერძოდ, 1970 წლიდან, იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი. ამრიგად, სკ-ის (1964წ. რედაქციით) 547-ე მუხლის თანახმად, მას გააჩნდა სავალდებულო წილის მიღების უფლება. ს. ო-მა აღნიშნა, რომ დედის ანდერძის არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა დედის გარდაცვალების შემდეგ, 2001 წელს, რაც ცხადყოფს, რომ მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილით, 172-ე მუხლის II ნაწილით და მიიჩნია, რომ ს. ო-ს არ გააჩნდა ლიტ “ა-ზე” სადავო მიშენების განხორციელების უფლება, ვინაიდან აღნიშნულით ილახებოდა ა. დ-ის საკუთრების უფლება.

ს. ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ გაიზიარა მხარის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ს .ო-მა დედის ანდერძის შესახებ შეიტყო 2001 წელს. ამრიგად, მისი მოთხოვნა დედის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის მიღების შესახებ ხანდაზმულად არ მიიჩნია. რის შედეგად დაკმაყოფილდა ს. ო-ის მოთხოვნა სავალდებულო წილის მიღების შესახებ და ლიტ “ა-დან” გამოეყო პირველის სართულის 17,10 კვ.მ ¹4 ოთახი, ¹5 შუშაბანდი 4,35 კვ.მ-ით, აგრეთვე, მის სახელზე აღირიცხა საკუთრების უფლებით აღნიშნულ მისამართზე სახლთმფლობელობის ლიტ “ბ”. შეგებებული სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ........ ქ. ¹22-ში მდებარე ლიტ “ბ-ს” მესაკუთრედ.

ს. ო-ს უარი ეთქვა იმავე მისამართზე არსებული ლიტ “ა” შენობაში სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე, ხოლო მისი შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წასით გაასაჩივრა ს. ო-მა და მოითხოვა მისი გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 10 ივნისის განჩინებით ს. ო-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ა. დ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. ამრიგად, სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ს. ო-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა და გადაწყვეტიელება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

ა. დ-ის სარჩელის ნაწილში კი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 23 დეკემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც ს. ო-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. დ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. ¹22-ში, ლიტერ “ა-ს” პირველი სართულის 10,39 კვ.მ სარდაფზე ს. ო-ის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ დაშენებული ნაგებობის აღების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლიტერ “ა” და სარდაფი, რომელზეც ს. ო-ის მიერ წარმოებულ იქნა უნებართვო და უპროექტო მშენებლობა, წარმოადგენს ა. დ-ის პირად საკუთრებას.

2004წ. 21 სექტემბერს ს. ო-მა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სავალდებულო წილის გამოყოფის თაობაზე შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, ....... ქ. ¹22-ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ “ა-ს” ¹4 ოთახის ფართობი 17,10 კვ. მეტრს შეადგენდა. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2004წ. 28 თებერვალს გაცემული გეგმით კი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლიტერ “ა-ს” ¹4 ოთახი 19,44 კვ. მეტრია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის განჩინებით ს. ო-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ს. ო-ს სავალდებულო წილის მიკუთვნების თაობაზე შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა არა ლიტერ “ა-ს” ¹4 ოთახის ზომის გამო, არამედ ს. ო-ის მიერ სამოქალაქო სამრთლის კოდექსის 556-ე მუხლით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვების გამო.

2005წ. 1 მარტს ს. ო-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ა. დ-ის სარჩელზე მსჯელობისასა ეხელმძღვანელ სამოქალაქო კოდექსის 208-ე-232-ე მუხლებით და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებანი თანამესაკუთრის მხრიდან ხელშეშლის არსებობის თაობაზე. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ფაქტობრივ გარემოებებზე, მან არ გაიზიარა საქმეში არსებული ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, სადავო მშენებლობით არ ილახება ა.დ-ის უფლებები.

2005წ. 9 მარტს ს. ო-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად. კასატორის აზრით, განჩიენბა არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლოს არ დაუდგენია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:

სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ა. დ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. თბილისში, ....... ქ. ¹22-ში ლიტერ „ა“ პირველი სართულის 10,39 კვ. მ. სარდაფზე ს. ო-ის მიერ სათანადო ნებართვის გარეშე უკანონოდ დაშენებული ნაგებობის აღების ნაწილში უცვლელად დატოვების თაობაზე. სასამართლომ განჩინების გამოტანისას დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წელს ს. ო-ის გარდაცვალების შემდეგ ა. დ-ი დედის ანდერძის საფუძველზე წარმოადგენს ქ. თბილისში, ....... ქ. ¹22-ში მდებარე ლიტერ „ა“ ნაგებობის მესაკუთრეს და ასეთად იგი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ს. ო-მა ლიტერ „ა“-ს სარდაფზე ააშენა ოთახი და სხვა დამხმარე სათავსი. აღნიშნული ნაგებობები აშენებულია ა. დ-ის ნებარვის გარეშე უკანონოდ.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დამატებითი საკასაციო პრეტენზია. ასეთი სახის პრეტენზიად არ შეიძლება ჩაითვალოს კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლიტერ “ა“ სათავსოზე წარმოებული მშენებლობით არ ილახება ა.დ-ის უფლებები. კასატორი არ უარყოფს, რომ ლიტერ „ა“ ეკუთვნის ა. დ-ს, როგორც დედის დანაშთი ქონება, ხოლო აღნიშნული სათავსის სარდაფი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განცალკევებულ ქონებად. იგი წარმოადგენს აღნიშნული სათავსის შემადგენელ ნაწილს. სკ-ის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. გამომდინარე ზემოაღნიშულიდან, ა. დ-ს, რომელსაც არ მიუცია ნებართვა ს. ო-ისათვის სადავო ნაგებობის მშენებლობაზე, უფლებამოსილია, მოითხოვოს თავის საკუთრებაში არსებული ქონების თავისი შეხედულებისამებრ გამოყენება. ამდენად, იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობის დანგრევა. აღნიშნული უფლებამოსილება მას მინიჭებული აქვს, სკ-ის 170-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ის გარემოება, რომ თითქოს ექსპერტიზის დასკვნით მშენებლობის გამო არ ბნელდება ა. დ-ის საკუთრება, არ ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელი მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ნაწარმოები უკანონო მშენებლობით არ ილახება ამ ქონების თავისუფლად ფლობის უფლება.

პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა ს. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 თებერვლის განჩინებაზეც. ს. ო-ის მიერ მითითებული გარემოება, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის 2004წ. 23 თებერვლის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ქ. თბილისში, ....... ქ.¹22-ის ლიტერ „ა“ სათავსის ¹4 ოთახის ფართი შეადგენს 19,44 კვ.მ-ს და არა 17,10 კვ.მ-ს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ს. ო-ს მის მოთხოვნაზე უარი ეთქვა არა ლიტერ „ა“ ოთახის ზომის გამო, არამედ მის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის გამო. პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება მითითებულიც რომ ყოფილიყო ს.ო-ის შეგებებული სარჩელის განხილვის დროს, იგი ვერ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მითუმეტეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მითითებული ოთახის დაუკანონებლობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ო-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრისა და 2005წ. 9 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცლვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.