გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 05.05.2005
საქმის ნომერი
ას-377-684-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-377-684-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),l. გოჩელაშვილი,m. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 25 თებერვალს თ. გ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2004 წლის 14 იანვარს სს “თ." ადმინისტრაციამ უკანონოდ მისცა საყვედური, ხოლო 2004 წლის 2 თებერვალს გაათავისუფლა სამსახურიდან.

მოსარჩელის განცხადებით, ადმინისტრაციამ დაარღვია კანონმდებლობა, გამოსცა საერთო ბრძანება ¹1, რომლითაც იუწყებოდა, რომ იწყებოდა რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სს “თ." გაერთიანებულმა პროფკავშირის პრეზიდიუმმა თანხმობა მისცა ადმინისტრაციის უკანონო მოთხოვნას.

მოსარჩელე ითხოვს დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას. ამასთან, დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას და მოპასუხეზე წარმომადგენლის ხარჯების დაკისრებას 500 ლარის ოდენობით.

დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ ითხოვა ¹კ-11 და ¹კ-27 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ფულადი კომპენსაციების ანაზღაურება და მოპასუხისათვის წარმომადგენლის ხარჯების დაკისრება 500 ლარის ოდენობით.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სს “თ." 2004 წლის 14 იანვრის ¹11 და 2004 წლის 2 თებერვლის ¹კ-27 ბრძანებები. თ. გ-ე აღდგენილ იქნა “ახალი ოქროს უბნის" ბიზნესის ცენტრის .... თანამდებობაზე, აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, სარჩელს წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ." და მოითხოვა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა თ. გ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თ. გ-ე სს “თ." მუშაობდა 1995 წლიდან 2004 წლის 2 თებერვლამდე. სს “თ." 2004 წლის 2 თებერვლის ¹კ-27 ბრძანების თანახმად, თ. გ-ე 3 თებერვლიდან განთავისუფლდა “ოქროს უბნის" ... თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" პუნქტის თანახმად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 14 იანვარს თ. გ-ეს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ" პუნქტის თანახმად, გამოეცხადა საყვედური. ასევე 2004 წლის 14 იანვარს სს “თ." კომისიის ¹1 ოქმის შესაბამისად, თ. გ-ეს მიეცა საყვედური. სააპელაციო პალატამ არ გაიზირა თ. გ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ თ. გ-ეს საყვედური გამოუცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს ერთი და იმავე დარღვევების გამო, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. გ-ისათვის საყვედურის გამოცხადებას დაედო სხვა საფუძველი, ხოლო განთავისუფლებას კი 2004 წლის 12 იანვრისა და 20 იანვრის ¹5 დასკვნა სამსახურებრივი უპასუხისმგებლობის თაობაზე. მისი დათხოვნის თაობაზე იმსჯელა როგორც პროფკავშირის პრეზიდიუმმა, ასევე, შრომის დავის კომისიამ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.Gგ-ე სამსახურიდან განთავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-ემ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, რომლითაც დაკმაყოფილდა მისი სარჩელი.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ მას არ ჩაბარდა არც კომისიის და არც გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდიუმის სხდომის ოქმები. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მისთვის განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარების შესახებ. ასევე არ დასტურდება, რომ მას გაცდენილი ჰქონდა 10 დღიანი შეცილების ვადა შრომის კანონთა კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად. კასატორი უთითებს შემდეგზე: უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონკრეტული აბონენტების მიმართ შედგენილი აქტები სადავო არ გამხდარა. მის მიერ დაყენებული იყო შესაბამისი პრეტენზია კონკრეტული აბონენტების ნომრების შესახებ, რომელთა მრიცხველებზე თვეების მანძილზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უცვლელად იყო აღრიცხული. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციის ბრალდება 77% ჩართული აბონენტების თაობაზე არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და ამ საკითხს იგი თავიდანვე ხდიდა სადავოდ.

კასატორი ასევე უთითებს, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ მას საყვედური გამოუცხადა იმ დარღვევებზე, რომლებიც გამოვლენილ იქნა 2003 წლის 22 ოქტომბერს ანუ ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ. საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა ამ ფაქტის შესახებ. ასევე სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მას მეორე საყვედური ჰქონდა გამოცხადებული კომისიის ოქმით.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მას საყვედური გამოუცხადეს და გაათავისუფლეს ერთი და იმავე დარღვევის გამო, რადგან 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნა შესრულებულია 2004 წლის 12 იანვარს 29 დეკემბერს გათიშული აბონენტების შემოწმების მასალების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ ¹5 დასკვნას აღნიშნული მასალები უდევს საფუძვლად, რომლის თანახმად, იგი მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში.

კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტი, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ადმინისტრაციის მხრიდან დასაშვებია მხოლოდ მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობისათვის, რაც არ მომხდარა. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კანონის 135-ე და 136-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საკასაციო პალატა დადგენილად თვლის, რომ სს “თ." 2004 წლის 2 თებერვლის ¹კ-27 ბრძანების თანახმად, თ. გოცირიძე 3 თებერვლიდან გათავისუფლდა “ოქროს უბნის" მენეჯერის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტის მიხედვით.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია, ვადამდე მოითხოვოს შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის, ან მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

კონკრეტულ შემთხვევაში თ.გოცირიძე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის ხელშეკრულებისა (კონტრაქტის) და შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობისათვის, კერძოდ, 2004 წლის 14 ინვარს ¹კ-11 ბრძანებით თ. გ-ეს გამოეცხადა საყვედური საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად. 2004 წლის 12 იანვრის სამსახურეობრივი წერილით დგინდება, რომ “ოქროს უბნის” აბონენტთა მომსახურების ცენტრში გათიშვების კონტროლის განყოფილების მიერ 2004 წლის 9 იანვარს შემოწმდა აბონენტთა მომსახურების ცენტრის მიერ 29 დეკემბერს გათიშული აბონენტები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სააბონენტო სექტორში დავალიანების გამო გასათიში მომხმარებლების სიიდან ქსელში ჩართული იყო 77%, გათიშული იყო მხოლოდ 23%. კომერციულ სექტორში დავალიანების გამო გასათიში მომხმარებლების სიიდან ქსელში ჩართული იყო მომხმარებლების 35%, გათიშული იყო 65%.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2004 წლის 13 იანვარს კასატორს ჩამოერთვა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც მან აღნიშნა, რომ მას გადასცეს გათიშვების კონტროლის განყოფილების მიერ 2004 წლის 9 და 12 იანვარს გადამოწმებული 24, 25 და 29 დეკემბერს გათიშული აბონენტთა სიები. მან აღნიშნა, რომ საჭიროა ამ მრიცხველებზე კარადების გამაგრება, წინაღმდეგ შემთხვევაში ელექტრეოენერგიას თვითნებურად ჩართავენ.

ამ საკითზე იმსჯელა სს “თ." კომისიამ და 2004 წლის 14 იანვარს ¹1 ოქმით გადაწყვიტა, თ. გ-ეს მიეცეს საყვედური. ოქმში მითითებულია, აუდიტის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აბონენტების 77%-ს, დავალიანების გამო შეწყვეტილი ელექტროენერგია მაინც მიეწოდებოდათ. ასევე კომისიამ დაადგინა, რომ მრიცხველების კარადები არ იყო ღია და არც დაზიანებული.

კასატორმა დისციპლინური სასჯელი გაასაჩივრა სს “თ." შრომის დავის კომისიაში, რომელმაც (სხდომის ოქმი ¹001) 2004 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მისთვის საყვედურის მოხსნის შესახებ დაუსაბუთებლობის გამო.

“ოქროს უბნის” ბიზნესცენტრში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნით მითითებულ იქნა “ოქროს უბნის" ბიზნესცენტრის ტექნიკოსებისა და მენეჯერ თ.გ-ის დარღვევებზე,კერძოდ, ამ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2004 წლის 13 იანვარს სს “თ." ენერგოზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზებისა და შესაბამისი რეაგირებისათვის მოკვლევის მიზნით, ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურს გადმოეგზავნა 2003 წლის 22 ოქტომბრიდან “ოქროს უბნის" ბიზნესცენტრში ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹006951, 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტები. 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹006951 აქტი შედგენილ იქნა ქ. თბილისში, .... ქ.¹3-ში მდებარე სს “თ." მიმართ (აბონენტის ¹6-3220) და გაირკვა, რომ მრიცხველის ზედა ხუფის ტყვიის ბრჯენი გაყალბებულ იქნა. 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692 აქტი შედგენილ იქნა .... ქ. ¹3-ში მდებარე შპს “დ." მიმართ (აბონენტის ¹86-4302) და გაირკვა, რომ ობიექტზე მრიცხველი არ მუშაობდა, მრიცხველებზე გაწეული იყო ზღუდარი და არ აღირიცხებოდა მოხმარებული ელექტროენერგია. 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტი შედგენილ იქნა “..." მთაზე მდებარე სამხედრო ნაწილი ¹71223-ის მიმართ (მოსახლეობა, აბონენტის ¹606-115) და გაირკვა, რომ დაზიანებულია “ა" ფაზის დენის ტრანსფორმატორი, რის გამოც არ აღირიცხებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის მესამედი.

თ.გ-ეს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომლის შემდეგ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა 2004 წლის 20 იანვრის სს “თ." კომისიის მიერ (ოქმი ¹3). კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ მრავალ დარღვევებთან ერთად გამოვლინდა შპს “დ." მრიცხველზე ბრჯენის გაყალბება. ელექტროენერგიის დანაკარგები იყო საგრძნობლად დიდი. ოქმში ასევე მითითებულია, რომ აბონენტი “მ." იხმარდა ელექტროენერგიას, რაც არ აღირიცხებოდა. დარღვევის მქონე ობიექტებზე არ იყო შედგენილი აქტები.

2004 წლის 30 იანვრის სს “თ." გაერთიანებული პროფკავშირის პრეზიდიუმის სხდომის ¹1 ოქმით მიეცა თანხმობა თ. გ-ის გათავისუფლებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ 2004 წლის 12 იანვრის სამსახურეობრივი წერილით და 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნით გამოვლენილი დარღვევები მიუთითებენ აბონენტების მიერ ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაზე.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობის გამო, თუ მის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება, მუშაკის თანამდებობიდან განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ სამი აუცილებელი პირობის არსებობის შემთხვევაში: მუშაკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობა; ნაკისრი ვალდებულებების სისტემატური შეუსრულებლობა და თუ ადრე მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

საკასაციო პალატა დადასტურებულად თვლის იმ ფაქტს, რომ თ. გოცირიძე მუშაობდა “ოქროს უბნის" აბონენტთა მომსახურების ცენტრის .... (მენეჯერის) თანამდებობაზე, რომელსაც სხვა მოვალეობებთან ერთად ასევე ევალებოდა ელექტროენერგიის გათიშვაზე კონტროლი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ უნდა დაადგინოს თ. გ-ის ბრალის სიმძიმე და ხარისხი, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს თ. გ-ის მიერ შედგენილი 2003 წლის 24 სექტემბრისა და 2003 წლის 29 სექტემბრის მემორანდუმები. კომერციული დანაკარგების და “ოქროს უბნის" ბ/ც-ის მდგომარეობის შესახებ. სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ზემოაღნიშნულ მემორანდუმებში თ. გოცირიძე უთითებდა თუ არა იმ დარღვევებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ ბრძანებებს. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს და შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი აბონენტთა ბრუნვის ისტორიები და გაარკვიოს მათი მიზეზობრივი კავშირი დისციპლინურ დარღვევებთან.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შრომის დისციპლინის ყოველი დარღვევისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სასჯელი.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო ბრძანებებს ხომ არ გააჩნიათ ერთი და იგივე საფუძველი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნაში მითითებულ დარღვევებს, კერძოდ, ამ დასკვნაში აღნიშნული 2003 წლის 22 ოქტრომბრის ¹006951, 2003 წლის 18 სეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტები მიუთითებენ დარღვევებზე. ამრიგად, სასამართლომ კასატორის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების შემოწმებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹006951, 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტებზე.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, მუშაკის განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის დისციპლინის დარღვევებმა მიიღეს სისტემატური ხასიათი. სისტემატური ხასიათის კვალიფიკაციისათვის, რომლის მიხედვითაც მუშაკი შეიძლება გათავისუფლდეს ასევე განმეორებითი შრომის დისციპლინის დარღვევისათვის, უნდა მხედველობაში იქნეს მიღებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ მასთან სამუშაო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელების შეუძლებლობაზე. განსახილველი ნორმის თანახმად, განმეორებით შრომის დისციპლინის დარღვევა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დისციპლინის დარღვევის სისტემა იმ შემთხვევაში, თუ მუშაკმა ბრალეული ქმედებით დაარღვია შრომის დისციპლინა და მის მიმართ დისციპლინური სასჯელი გამოყენებას არ მოჰყვა სასურველი შედეგი, რის გამოც მასთან შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციის ინტერესებს.

კონკრეტულ შემთხვევაში თ.გოცირიძის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნაში მითითებული დარღვევები, კერძოდ, “ოქროს უბნის" ბიზნესცენტრში ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმებასთან დაკავშირებით შედგენილი 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹006951, 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტები. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ თ.გ-ისათვის საყვედურის გამოცხადების ბრძანებას და მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებას სხვა და სხვა საფუძველი დაედო, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ 2004 წლის 20 იანვრის ¹5 დასკვნით გამოვლენილი დარღვევები წინ უსწრებდა თუ არა იმ დარღვევებს, რომლებიც საფუძვლად დაედო მისთვის საყვედურის გამოცხადებას, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს 2003 წლის 22 იანვრის ¹006951, 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტებით გამოვლენილი დარღვევები თ. გ-ის მიერ საყვედურის გამოცხადების შემდეგაც არ გამოსწოებულა. მხოლოდ ამ გარემოების დადგენისას შეიძლება ამოქმედდეს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელის გამოყენების წესი, რომლის თანახმად, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, მუშაკის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროს ჩაუთვლელად. ამრიგად, თუ კასატორ თ. გ-ძის მიერ 2003 წლის 22 ოქტომბრის ¹006951, 2003 წლის 18 დეკემბრის ¹006692, 2004 წლის 12 იანვრის ¹015411 აქტებით გამოვლენილი დარღვევები გრძელდებოდა 2004 წლის 14 იანვარს ¹კ-11 ბრძანებით მისთვის საყვედურის გამოცხადების შემდეგ, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული ვადა აითვლება მხოლოდ შრომის დისციპლინის დამრღვევის მიერ დარღვევის აქტის შეწყვეტისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.