დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 24.06.2005
საქმის ნომერი
ას-399-761-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-399-761-05 24 ივნისი, 2005წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 2 ივნისს ვ. გ.-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს “ს.-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. გ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა _ შპს “ს.-ას” ვ. გ.-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მარჯვენა წვივის ტაკვის რეამპუტაციისათვის საჭირო თანხა 5746 ლარი, ფირმა “მ.-ს” მოტოეტლის შესაძენი თანხა _ 7000 ევროს ეკვივალენტი ლარი და წარმომადგენლების მომსახურების ხარჯები სარჩელით მოთხოვნილი თანხის 4%.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს.-ამ”, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინებით, შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “ს.-ამ” საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საოლქო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 28 აპრილის განჩინებით შპს “ს.-ას” დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 229,84 ლარისა და 280 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ამავე ვადაში მასვე დაევალა საკასაციო საჩივრის შემომტანი პირის _ რ. გ.-ის მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2005წ. 27 მაისს.

2005წ. 7 ივნისს შპს “ს.-ამ” განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მიერ მიცემული ხარვეზი გამოასწორა, რისთვისაც წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის _ რ. გ.-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დანიშნა სასამართლო სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უზენაესი სასამართლოს 2005წ. 28 აპრილის განჩინება 2005წ. 27 აპრილის საფოსტო გზავნილით ჩაბარდა შპს “ს.-ის” დაცვის თანამშრომელ ი. ზ.-ეს, რომელიც იმავდროულად იყო საშვთა ბიუროს თანამშრომელი, მაგრამ იგი არ იყო უფლებამოსილი გზავნილის ჩაბარებაზე, ვინაიდან არ წარმოადგენდა შპს “ს.-ის” კანცელარიის მუშაკს და ამდენად, მისთვის გზავნილის ჩაბარება ითვლებოდა არასათანადო პირისათვის ჩაბარებად. მისივე განმარტებით, შპს “ს.-აში” დაცვის თანამშრომლები კურიერებს კანცელარიაში არ უშვებდნენ. კასატორი მიუთითებდა, რომ შპს “ს.-ას” არ გაუშვია ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან საფოსტო გზავნილი შპს “ს.-ის” კანცელარიას გადაეცა 2005წ. 28 მაისს, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სწორედ ამ დროიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2005წ. 28 აპრილის განჩინება, რომლითაც შპს “ს.-ას” დაევალა საკასაციო საჩივარში ხარვეზის შევსება, 2005წ. 27 მაისს შპს “ს.-აში” უშუალოდ ჩაიბარა თანამშრომელმა.

სსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა ამოიწურა 2005წ. 6 ივნისს. შპს “ს.-ამ” ხარვეზის შევსების თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიმართა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ _ 2005წ. 7 ივნისს.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 401-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ამ” გაუშვა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველი უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას შპს “ს.-ის” თანამშრომლის ი. ზ.-ის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებაზე არაუფლებამოსილ პირად მიჩნევისა და შპს “ს.-ის” მიერ აღნიშნული განჩინების ჩაბარების დროდ კანცელარიისათვის გადაცემის დროისა.

მოცემულ შემთხვევაში, შპს “ს.-აში” დამკვიდრებული შიდაორგანიზაციული მოწყობა კურიერს ან ფოსტის თანამშრომელს არ აძლევდა შესაძლებლობას, განჩინების საფოსტო გზავნილი ჩაებარებინა უშუალოდ კანცელარიისათვის და როგორც წესი, აღნიშნულ გზავნილს იბარებდა დაცვის (საშვთა ბიუროს) სამსახურის თანამშრომელი, ამიტომ აღნიშნული თანამშრომელი მიჩნეულ უნდა იქნეს კორესპონდენციის მიღებაზე უფლებამოსილ პირად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 396.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 დეკემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად.

2. შპს “ს.-ას” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 854,77 ლარი ანგარიშიდან _ საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300033114, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობები ანგარიშის ¹ 200122900, საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.