გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-404-753-05 11 ნოემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 28 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ფ-მა მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2003წ. 10 აპრილისა და 21 მაისის სესხის ხელშეკრულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 7358 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, მოპასუხისათვის ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3000 აშშ დოლარის 3%-ისა და 2350 აშშ დოლარის 0,3%-ის დაკისრება, ასევე, იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002წ. 31 ოქტომბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოპასუხეს ასესხა 5900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მოპასუხემ ვალი ვადაში დააბრუნა, რის გამოც 2003წ. 13 მარტს გაუქმდა ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. იმავეწ. 10 აპრილს მ. ჩ-მა მოსარჩელისაგან კვლავ აიღო სესხი 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მსესხებელს უნდა დაებრუნებინა სამ თვეში. იმისათვის, რომ სესხი დარჩენილიყო იპოთეკით უზრუნველყოფილი, მხარეთა მიერ მოხდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაბათილება, ანუ ძველი იპოთეკა დარჩა ძალაში. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სარგებლის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 2%, რაც სამ თვეში შეადგენდა 180 აშშ დოლარს. ვინაიდან მოპასუხემ ვალი არ დააბრუნა, ამიტომ მითითებულ თანხას უნდა დარიცხოდა ყოველ გადაცილებულ თვეზე კანონით გათვალისწინებული 3%, რაც სარგებლის სახით იძლეოდა 858,6 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, 2004წ. 10 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მისთვის სულ გადასახდელი ჰქონდა 4038 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მ. ჩ-მა 2003წ. 21 მაისს მისგან კვლავ ისესხა 2350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი 1%-იანი სარგებლით. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, თუ მსესხებელი ხელშეკრულების ვადას გადააცილებდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო 0,3%-ის ოდენობით. ამდენად, 2003წ. 21 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა სულ 3320 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მ. ჩ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2003წ. 10 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 4113 აშშ დოლარის, ხოლო 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 3407,50 აშშ დოლარის გადახდა; დადგენილ იქნა იპოთეკის საგნის, ქ. თბილისში, ...... მდებარე ¹1 შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე სართულების 83/153-ის მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად საჯარო აუქციონზე რეალიზაცია; მ. ჩ-ს დაეკისრა გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 3000 აშშ დოლარის 3%-ისა და 2350 აშშ დოლარის 4,5% გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს უარი ეთქვა თანხის ნაწილის _ 974 აშშ დოლარის მ. ჩ-ისათვის დაკისრებაზე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა შესრულებული 2003წ. 10 აპრილისა და 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სესხად აღებული თანხების _ 3000 აშშ დოლარისა და 2350 აშშ დოლარის _ დაბრუნების შესახებ. ამასთან, რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარის თაობაზე უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით. კერძოდ, მხარეთა მიერ 2003წ. 10 აპრილს დადებული შეთანხმება 2003წ. 13 მარტის შეთანხმების გაუქმების შესახებ უნდა განხილულიყო როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი ერთი მოთხოვნის სხვა მოთხოვნით შეცვლა. 2002წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების შედეგად იმავე მხარეებს შორის 2003წ. 10 აპრილს წარმოიშვა ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობა, დაიდო ახალი სესხის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველყოფასაც ისახავდა მიზნად ორივე მხარე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერის შენარჩუნებისას. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერიდან გამომდინარე, 3000 აშშ დოლარის თაობაზე დადებული ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, სესხის სარგებელი თვეში შეადგენდა 2%-ს, სესხის ხელშეკრულების ვადა _ სამ თვეს. სკ-ის 316-ე მუხლის 1 ნაწილის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 403-ე მუხლის 1 ნაწილის, 623-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, უკან დაებრუნებინა სესხად აღებული თანხა, ხოლო მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა არამარტო სესხის ძირითადი თანხისა და შეთანხმებული პროცენტის უკან დაბრუნება, არამედ ვადაგადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდაც. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%, რაც შესაბამისად შეადგენდა 9%-ს ვადაგადაცილებულ ერთ თვეზე, შეუსაბამოდ მაღალი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ამავე ხელშეკრულების თანახმად სესხით სარგებლობისათვის დადგენილი იყო 1%, ამიტომ სასამართლომ მართებულად მიიჩნია პირგასამტეხლოს ოდენობის განახევრება, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 4,5%-ის დაკისრება. რაც შეეხებოდა 2003წ. 10 აპრილის ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამ თვეზე სესხით სარგებლობის 2% შეადგენდა 180 აშშ დოლარს, სესხის დაბრუნების ვადაზე გადაცილებულ 10 თვეზე და 11 დღეზე იმავე სესხის ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარის _ 3% იყო 933 აშშ დოლარი.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, აპელანტის მიერ 3000 აშშ დოლარსა და 2350 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულებები არ იყო დაკავშირებული მისი კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან, იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ წერილობითი ფორმით. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ა. ფ-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2004წ. დასაწყისში, მაშინ, როცა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მას სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2003წ. ივლისსა და აგვისტოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მ. ჩ-ს ა. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2003წ. 10 აპრილის სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალის _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ერთჯერადად 1020 აშშ დოლარის გადახდა ლარებში და 2005წ. 27 იანვრიდან ამ თანხის სრულ დაფარვამდე გადაუხდელი თანხის 2%-ის გადახდა ყოველთვიურად. მ. ჩ-ს ასევე დაეკისრა, 2003წ. 21 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი ვალის _ 2350 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სარგებელი _ 70,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 2005წ. 22 იანვრამდე საურავის სახით 1797 აშშ დოლარი, სულ _ 4147 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 2005წ. 22 იანვრიდან ყოველთვიურად გადაუხდელი თანხის 4,5%-ის გადახდა თანხის სრულ დაფარვამდე. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის საჯარო წესით რეალიზაცია 4147 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის მიზნით. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2003წ. 10 აპრილს დადებული შეთანხმებით იმავე მხარეებს შორის 2002წ. 31 ოქტომბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, გაუქმდა 2003წ. 13 მარტს დადებული შეთანხმება და თბილისში ...... მდებარე, მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ ¹1 შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე სართულების 38/153-ზე შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად ა. ფ-ის სასარგებლოდ განხორციელებული იპოთეკა დარჩა ძალაში. 2003წ. 10 აპრილს მ. ჩ-მა ა. ფ-ისაგან ისესხა 3000 აშშ დოლარი ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო 2003წ. 21 მაისს _ 2350 აშშ დოლარი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. მითითებული დადებული იყო სამი თვით. შესაბამისად, სკ-ის 623-ე და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2003წ. 10 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ა. ფ-ს სესხის დაბრუნების მოთხოვნა წარმოეშვა 2003წ. 10 ივლისის შემდეგ, ხოლო, 2003წ. 21 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 2003წ. 21 აგვისტოს შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, იყო თუ არა სარგებლიანი 2003წ. 10 აპრილის სესხის ზეპირი ხელშეკრულება. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაბრუნებოდა მხოლოდ ძირითადი თანხა _ 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და სკ-ის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კანონით განსაზღვრული პროცენტი გადაცილებული დროისათვის 2%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენდა 60 აშშ დოლარს, ხოლო 2005წ. 10 იანვრამდე _ ერთჯერადად 1020 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარი, ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 2005წ. 10 იანვრიდან ძირითადი თანხის სრულად დაფარვამდე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხის 2%.
რაც შეეხებოდა 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ა. ფ-ის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ძირითადი თანხის _ 2350 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარი გადახდა. ამასთან, მოპასუხეს ასევე უნდა დაკისრებოდა პროცენტი აღნიშნული სესხისათვის, რომელიც მხარეებმა სკ-ის 625-ე მუხლის შესაბამისად გაითვალისწინეს 1%-ის ოდენობით, რაც თვეში შეადგენდა 23,50 აშშ დოლარს, ხოლო სამ თვეზე _ 70,5 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. რაც შეეხებოდა აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რომელიც სკ-ის 418-ე მუხლის შესაბამისად მხარეების მიერ განისაზღვრა 0,3%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მიერ პროცენტის აღნიშნული ოდენობის შემცირება თვეში 4,5%-მდე, სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ¹1 შენობა-ნაგებობების პირველ და მეორე სართულების 83/153 2002წ. 31 ოქტომბრიდან დატვირთული იყო იპოთეკით ა. ფ-ის სასარგებლოდ 5600 აშშ დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად, ხოლო 2003წ. 4 თებერვალს _ იპოთეკის ხელშეკრულებით სს „ს-ის“ სასარგებლოდ. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ 2002წ. 31 ოქტომბრის იპოთეკა ა. ფ-ის სასარგებლოდ ძალაში იყო, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. ფ-ის მოთხოვნა მის სასარგებლოდ მ. ჩ-ზე დაკისრებული თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად ზემოთ მითითებული იპოთეკის გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მესამე პირის _ სს „ს-ის“ ინტერესების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო წერილობით დადებული სესხის უზრუნველყოფა, რომელიც არ აღემატებოდა იმ თანხას, რაც უზრუნველყოფილი იყო ზემოთ მითითებული იპოთეკის ხელშეკრულებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების რეალიზება უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ბინის აუქციონზე გაყიდვის გზით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. კასატორის განმარტებით, მან 2002წ. 31 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, ა. ფ-ისაგან აღებული ვალი ვადაში დააბრუნა, რის გამოც გაუქმდა მათ შორის არსებული წერილობითი შეთანხმება იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე. რაც შეეხებოდა 2003წ. 10 აპრილისა და 21 მაისის ხელშეკრულებებს, მათ საფუძველზე აღებული სესხი არ იყო დაკავშირებული მისი კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან, რადგან იპოთეკის ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ წერილობითი ფორმით. კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან იგი ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კვლავ აგრძელებდა პროცენტის გადახდას ზეპირი შეთანხმების თანახმად. სესხის ვადა იწურებოდა 2003წ. 10 ივლისს და თუკი იგი ამის შემდეგ მართლაც თავს არიდებდა სარგებლის გადახდას, მოსარჩელეს შეეძლო მაშინვე მიემართა სასამართლოსათვის, მაგრამ მან ეს განახორციელა მხოლოდ 2004წ. 28 იანვარს. მანამდე კასატორი კეთილსინდისიერად იხდიდა სარგებელს მათ შორის არსებული ზეპირი შეთანხმების მოცულობით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთით პირგასამტეხლოს თანხა დააკისრა არა სარჩელის აღძვრის მომენტიდან, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დღიდან თანხის სრულ დაფარვამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ა. ფ-ის სარჩელი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2003წ. 10 აპრილისა და 21 მაისის სესხის ხელშეკრულებები არ ყოფილა უზრუნველყოფილი იპოთეკით. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2002წ. 31 ოქტომბრის იპოთეკა ა. ფ-ის სასარგებლოდ დღესაც ძალაშია და წარმოადგენს 2003წ. 21 მაისის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალებას. სკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით, რისთვისაც საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. დადგენილია, რომ რომელიმე სხვა ხელშეკრულებაზე 2002წ. 31 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არსებული იპოთეკის გავრცელების თაობაზე მხარეთა შეთანხმება საჯარო რეესტრში არ ყოფილა რეგისტრირებული, ამიტომ ვერ ჩაითვლება, რომ 2002წ. 31 ოქტომბრის სახელშეკრულებო მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, შეიცვალა 2003წ. 21 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნით და ეს უკანასკნელი მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის ზემოაღნიშნული ნორმა და იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ნაწილში მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, სარჩელი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა მიერ ახალი სახელშეკრულებო მოთხოვნის უზრუნველყოფის თაობაზე შეთანხმება არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში, რის გამოც სხვა სახელშეკრულებო მოთხოვნაზე რეგისტრირებული იპოთეკა მის მიმართ ვერ იქნება ძალამოსილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანარჩენ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სკ-ის 403-ე, 418-ე, 420-ე, 625-ე მუხლებით და სწორად განსაზღვრა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა, მათ შორის, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია მხარეთა მიერ შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს განახევრება, ამიტომ ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის დადგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ა. ფ-ის სარჩელი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.