დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.05.2005
საქმის ნომერი
ას-44-429-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-44-429-05 25 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 3 სექტემბერს მ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე პ. ბ.-ის მიმართ ვალის დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პ. ბ.-ს ასესხა 13100 აშშ დოლარი, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა 2003წ. 10 მაისს, რაზეც მოპასუხემ ხელწერილი შეადგინა. ხელწერილში მითითებული ვადის გასვლის მიუხედავად, პ.ბ.-მა მოსარჩელეს დაუბრუნა მხოლოდ 700 აშშ დოლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ.მ.-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე 12400 აშშ დოლარის დაკისრება.

2004წ. 2 მარტს პ.ბ.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას არანაირი თანხა არ აუღია, ხოლო ხელწერილი დაწერილია მ.მ.-ისა და ა.სირბილაძის ზეწოლის ქვეშ. პ.ბ.-მ მოითხოვა 2003წ. 11 მარტით დათარიღებული ხელწერილის, როგორც იძულებით დადებული გარიგების, ბათილად ცნობა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და პ.ბ.-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 12400 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო პ.ბ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ.ბ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003წ. 11 მარტს პ. ბ.-მა მ. მ.-ისაგან სესხად აიღო 13100 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2003წ. 10 მარტამდე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება 600 აშშ დოლარზე და არა 13100 აშშ დოლარზე, რადგან აღნიშნულის თაობაზე მტკიცებულება მას არ წარუდგენია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით კი სესხი შეადგენს 13100 აშშ დოლარს. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა.ბ.-ზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გამო, რადგან აპელანტმა ვერ დაადასტურა მასზე ზეწოლის ფაქტები.

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განცხადება, თითქოს სასამართლომ სათანადოდ ვერ გაანალიზა მოწმეთა ჩვენებები, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის არსებობს წერილობითი დოკუმენტი 13100 აშშ დოლარის სესხის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 624-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შორის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც, მაგრამ სადავოობის შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მხარეთა ჩვენებით.

სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადგინდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პ.ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ.-ის წარმომადგენელმა ნ. ბ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი. ნ.ბ.-ი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა მოწმეთა ჩვენებებს და არ გაითვალისწინა მათ მიერ გამოაშკარავებული შეუთანხმებლობა მოწმეთა ჩვენებებში.

საკასაციო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო ხელწერილი ყალბია, რადგან დაწერილია მუქარისა და ზეწოლის ქვეშ. ნ.ბ.-მ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასათანადოდ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ სადავო ხელწერილში შეცვალა თანხა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მათი შეგებებული სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძველს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2003წ. 11 მარტს პ. ბ.-მ მ. მ.-ისაგან ისესხა 13100 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2003წ. 10 მაისამდე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება დაადგინა საქმეში წარმოდგენილი საბუთის (ხელწერილის) საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 624-ე მუხლზე, რომლითაც სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში სესხის ნამდვილობა დადგენილია წერილობითი ფორმის ხელშეკრულებით (ხელწერილით).

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სასამართლომ მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს არ მისცა სათანადო შეფასება, დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზიაა, რადგან სასამართლოს სესხის ნამდვილობა არ დაუდგენია მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.

კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2003წ. 11 მარტს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც სესხის ნამდვილობა დასტურდება, ყალბია, საკასაციო პალატა არ იზიარებს. საბუთის სიყალბის საფუძვლად კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი დაწერილია მუქარისა და ზეწოლის ქვეშ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ გარემოებაზე იმსჯელა და მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები. სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პ. ბ.-მ ვერ დაადასტურა, რომ 2003წ. 11 მარტს ხელწერილი მუქარითა და იძულებით არის შედგენილი. ამასთან, კასატორი ვერ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ამ გარემოებებს და რომლებსაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება. ამდენად, საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე, დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.