გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 01.12.2005
საქმის ნომერი
ას-448-775-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-448-775-05 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ნ-მა, თ. ს-ემ, თ. ხ-მ, ზ. ბ-მ, კ. ყ-მა, ზ. ჩ-ემ, ბ. მ-მა, ნ. დ-ემ, შ. კ-ემ, ლ. კ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების _ ვ. გ-ის, საქართველოს ტელევიზიის ... არხის, სამაუწყებლო კომპანია «რ...-ის», ტელეკომპანია «კ...ის», ტელეკომპანია «ი...ის», გაზეთ «...» მიმართ, რომლითაც მოითხოვეს პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 2004წ. 8 ივნისს სამაუწყებლო კომპანია «რ...-ის» გადაცემა «კ...ის», საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა «მ...ის», ტელეკომპანია «ი...ის» გადაცემა «ქ...ის», ტელეკომპანია «კ...ის» საინფორმაციო გადაცემის, 2004წ. 17 ივნისს ტელეკომპანია «ი...ის» გადაცემა «ქ...ის», ასევე, 2004წ. 9 ივნისს გაზეთ «...» მეშვეობით გავრცელდა მოსარჩელეთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია, კერძოდ, თბილისის პროკურორმა ვ.გ-მა პრესკონფერენციაზე მოსარჩელეებს ბრალი დასდო ყალბი, არაობიექტური ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის გაცემასა და კორუფციაში. ვ.გ-მა განაცხადა შემდეგი: .»მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გაცემულია დასკვნა ცამეტი ექიმისაგან, მხოლოდ ორმა ექსპერტმა განაცხადა და მოგვცა დასკვნა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი, ხოლო დანარჩენი თერთმეტი ექსპერტის მიერ გაცემულია დასკვნა, რომ თითქოს ეს პირი არის შეურაცხადი. მე ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა არის ანგარებითი და ამიტომ ქალაქ თბილისის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ფსიქიატრიული ექსპერტიზის ექსპერტების მიმართ მათ მიერ ყალბი დასკვნის გაცემის საფუძველზე; «ცამეტი ექსპერტიდან მხოლოდ ორმა ექსპერტმა განაცხადა, რომ გამოსაკვლევი პირის მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი, თერთმეტი ექსპერტი კი ასკვნის, რომ თითქოს გ.ს-ი არის შეურაცხადი. რადგან საქმეში არსებობს ორი ფსიქიატრიული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ს-ი შეურაცხადია. ვფიქრობ, რომ ახალი დასკვნა ანგარებითია და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე აღვძარით»; «სხვა ექსპერტების დასკვნებში დაკავებულებს არანაირი ფსიქიკური გადახრები არ დაფიქსირებულა; «პირადად, ტელეფონის საშუალებით ყველა ფსიქიატრს დავუკავშირდი ერთადერთი თხოვნით, რომ ისინი იყვნენ ამ ქვეყნის შვილები და ნუ გააკეთებდნენ იმას, რომ არაობიექტურ დასკვნას ნუ გასცემდნენ»; «ამიტომ ყველა იმ ექსპერტის ფინანსურ მდგომარეობას შევისწავლით, ვინც გაფრთხილების მიუხედავად, არაობიექტური დასკვნა გასცა»; «კორუმპირებული ექსპერტები მძიმე დამნაშავეებს შეურაცხადად აცხადებენ და ყალბ ცნობებს გასცემენ. ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებზე 67 ყალბი დასკვნა გაიცა»; «მე მაქვს ინფორმაცია ქუტირში იქვე ერთ-ერთი ექსპერტი ცხოვრობს, რომელსაც იქ სასახლეები აქვს აშენებული, ასევე სხვა ადგილებშიც და გასარკვევია, რომელ საქმეებზე და საიდან აქვთ ეს დაუსაბუთებელი ქონება»; «საქმე ეხება ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტს»; «დასკვნა არც ერთ კანონიერების ჩარჩოში არ ჯდება». მოპასუხე ვ.გ-ის მიერ გავრცელებული გამონათქვამები არ შეესაბამება სინამდვილეს და მათ უხეშად შელახეს მოსარჩელეთა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. განცხადება, თითქოს განსასჯელი გ.ს-ი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით შეურაცხადად იქნა ცნობილი, სინამდვილეს არ შეესაბამება. შეკითხვა გ.ს-ის შერაცხადობის შესახებ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა. ვ.გ-ის განცხადებით, «სხვა ექსპერტიზის დასკვნებში დაკავებულის არანაირი ფსიქიკური გადახრები არ დაფიქსირებულა». სინამდვილეში, განსასჯელ გ.ს-ისათვის ადრე ჩატარებული ფსიქიატრიული დასკვნებით დადასტურებულია ამ პირის ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობა. მოპასუხის აღნიშნული განცხადება საზოგადოებას არწმუნებს მოსარჩელეთა მიერ არაობიექტური დასკვნის გაცემაში. «პირადად, ტელეფონის საშუალებით ყველა ექსპერტს დავუკავშირდი ერთადერთი თხოვნით, რომ ისინი იყვნენ ამ ქვეყნის შვილები და ნუ გააკეთებდნენ იმას, რომ არაობიექტურ დასკვნას ნუ გასცემდნენ», «ამიტომ, ყველა იმ ექსპერტის ფინანსურ მდგომარეობას შევისწავლით, ვინც გაფრთხილების მიუხედავად არაობიექტური დასკვნა გასცა»,- მოპასუხის განცხადება მოსარჩელეებს წარმოაჩენს როგორც არაკეთილსინდისიერ და მიკერძოებულ ადამიანებად და პირდაპირ მიუთითებს მათი საქმიანობის ანგარებით ხასიათზე. «კორუმპირებული ექსპერტები მძიმე დამნაშავეებს შეურაცხადად აცხადებენ და ყალბ დასკვნებს გასცემენ. ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებზე 67 ყალბი დასკვნა გაიცა». მოპასუხე მოსარჩელეებს წარმოაჩენს ისეთ პირებად, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ მატერიალური დაინტერესებითა და მოსყიდვით. განცხადება «...დაუსაბუთებელი ქონება...» მოსარჩელეებს უქმნის არაკეთილსინდისიერი გზით შეძენილი ქონების მესაკუთრეების იმიჯს. ვ.გ-ის განცხადებით, «საქმე ეხება ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტს» მოსარჩელეებს მოპასუხე საზოგადოებას არწმუნებს ექსპერტთა მიერ გაცემული დასკვნის სიყალბეში. ვ.გ-ის განცხადებით _ «დასკვნა ... არცერთ კანონიერების ჩარჩოში არ ჯდება» საზოგადოებას არწმუნებს, თითქოს მოსარჩელეების მიერ გაიცა უკანონო დოკიმენტი, რაც მოსარჩელეების მიმართ უმძიმესი ბრალდებაა. ამასთან ერთად, მოპასუხე ვ.გ-ი დაემუქრა მოსარჩელეებს, თუ არ გასცემდნენ მისთვის სასურველ დასკვნას, ყოველ მათგანს მძიმე პრობლემები შეექმნებოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის, თ. ს-ის, თ. ხ-ს, ზ. ბ-ს, კ. ყ-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ნ. დ-ის, შ. კ-ისა და ლ. კ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ვიდეოკასეტა, გაზეთი) არ დადასტურდა, რომ მოპასუხეებმა გაავრცელეს რაიმე სახის ცნობა მოსარჩელეთა შესახებ. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ გავრცელდა ცნობები ზოგადად ექსპერტი-ფსიქიატრებზე ვერ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, დაეკისროთ მოპასუხეებს რაიმე მოქმედების განხორციელება კონკრეტული პირების სასარგებლოდ.

სასამართლო კოლეგიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ნ-მა, თ. ს-ემ, თ. ხ-მ, ზ. ბ-მ, კ. ყ-მა, ზ. ჩ-ემ, ბ. მ-მა, ნ. დ-ემ, შ. კ-ემ და ლ. კ-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორების აზრით, სასამართლო კოლეგიამ უხეშად დაარღვია სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, როდესაც იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეძლეს მოსარჩელეებმა სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცება; სასამართლო კოლეგიამ, ასევე, დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა სამოტივაციო ნაწილზეც, სადაც იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რამდენად ვერ შეძლეს მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნების დასასაბუთებლად საჭირო გარემოებების დამტკიცება. ამით ფაქტობრივად სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაცვლად ჩვეულებრივი გადაწყვეტილება გამოიტანა. კასატორების აზრით, არასწორია სასამართლო კოლეგიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მოსარჩელეებმა ვერ ზიდეს მტკიცების ტვირთი და ვერ დაამტკიცეს, რომ ვ.გ-ის მიერ გავრცელებული ცნობები მათ შეეხებოდათ. სასამართლომ მტკიცებულებებს შორის მოიხსენია ერთი ვიდეოკასეტა და ერთი გაზეთი, მაგრამ გადაწყვეტილებაში რატომღაც არ იმსჯელა მეორე ვიდეოკასეტაზე, რომელიც თან დაერთო პირველ დაზუსტებულ სარჩელს და რომელშიც ჩაწერილია 2004წ. 17 ივნისს ტელეკომპანია «ი...ის» საინფორმაციო პროგრამა «ქ...ით» გადაცემული რეპორტაჟი; კასატორის მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიამ უგულებელყო მოპასუხე ვ.გ-ის პასუხი სარჩელზე, სადაც იგი სრულებითაც არ უარყოფს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები სწორედ მოსარჩელეებს შეეხებოდა, რითაც დაარღვია სსკ-ის მე-4 ნაწილის პირველი ნაწილი და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოც აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლომ.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ვიდეოკასეტა, გაზეთი) არ დადასტურდა, რომ მოპასუხეებმა გაავრცელეს რაიმე სახის ცნობა მოსარჩელეთა შესახებ. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ გავრცელდა ცნობები ზოგადად ექსპერტ-ფსიქიატრზე ვერ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, დაეკისროთ მოპასუხეებს რაიმე მოქმედების განხორციელება კონკრეტული პირების სასარგებლოდ. ასევე კოლეგიამ მიიჩნია, რომ სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დიფამაციური ცნობების უარყოფა შეიძლება მოითხოვოს პირმა, რომლის შესახებაც გავრცელდა იგი და არა იმ პირმა, რომელმაც ივარაუდა, რომ ეს ცნობები მას შეეხებოდა, და ამ ცნობებში იგი იგულისხმებოდა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კასატორების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ერთ-ერთ გარანტირებულ ფასეულობას, რომლის დაცვის მიზნითაც სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს პიროვნების რეპუტაცია. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რეპუტაციის, როგორც დაცული ფასეულობის, არსი. Aრეპუტაციაში იგულისხმება პიროვნების პატივი და ღირსება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეფასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ, ღირსება _ ამ პიროვნების მიერ საკუთარი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შეფასება, ხოლო საქმიანი რეპუტაციები იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი.

საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების შესწავლისას საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღნიშნული გამონათქვამები მიმართული იყო მოსარჩელეთა მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ ცნობებში მოსარჩელეები შეიძლება არ იყვნენ მოხსენიებული სახელებით, აღნიშნული არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გავრცელებული ცნობები ლახავენ მათ რეპუტაციას. ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს გამონათქვამების ფორმა, შინაარსი, გავრცელების წყარო, გარემოებები, რომლებსაც უკავშირდებოდა გავრცელებული გამონათქვამები და ამ ურთიერთობის სუბიექტები. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ გავრცელებული ცნობები გულისხმობენ თუ არა კონკრეტულ პირებს და ამ ცნობების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ არა მათი ინდივიდუალიზება.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ინფორმაციის, იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შემთხვევებში, კერძოდ, ამ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების თავისუფლებებს. კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არა მარტო ინფორმაციისა და იდეების გავრცელების თავისუფლებების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობები, არამედ, უპირველეს ყოვლისა, პირის რეპუტაცია და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც დაპირისპირებულ ფასეულობებს შორის ბალანსის განსაზღვრის კრიტერიუმები, რაც უგულებელყოფილი იქნა სასამართლოს მიერ, კერძოდ, სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გავრცელებული მოსაზრებებისა და ცნობების შინაარსობრივ-თემატური მხარე, გამოხატვის ობიექტი, ანუ ის, თუ ვის მიმართ არის რეალიზებული გამოხატვის თავისუფლება და ვისი რეპუტაცია წარმოადგენს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს და, აგრეთვე, საკითხს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა გზით, რა საშუალებით (გარკვეული მოსაზრების გამოთქმით, თუ ინფორმაციის გავრცელებით) მოხდა რეპუტაციის, როგორც დაცული ფასეულობის, ხელყოფა.

ამასთან ერთად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად წარმოადგენს მოსარჩელეების რეპუტაცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს.

გამოთქმული მოსაზრებებისა და გავრცელებული ცნობების შინაარსობრივ-თემატური მხარის განხილვისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ რა სფეროში, რა საკითხთან მიმართებაში არის რეალიზებული გამოხატვის თავისუფლება. მოცემული გამომდინარეობს იმ განუსაზღვრელი მნიშვნელობიდან, რომელიც გააჩნია გამოხატვის თავისუფლებას დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებისა და საზოგადოების ნორმალური არსებობისა და განვითარებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პლატა თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლის და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ნ-ის, თ. ს-ის, თ. ხ-ს, ზ. ბ-ს, კ. ყ-ის, ზ. ჩ-ის, ბ. მ-ის, ნ. დ-ის, შ. კ-ის, ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.