გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-349(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ე. თ-ი, ლ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 აპრილს ე. თ-იმა და ლ. ნ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 11 ივლისს, ე. თ-იმა მონაწილეობა მიიღო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ საჯარო აუქციონში, რომელში გამარჯვების შედეგად, 14 000 ლარად, შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ...ს შესახვევი №..., მოვალე რ. ჭ-ის საკუთრებაში არსებული 1/4 წილი (ს/კ ...). მოსარჩელემ უძრავი ქონებიდან წილი აჩუქა თავის დას - ლ. ნ-ის, რომელმაც სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება.
გ., თ. და მ. რ-იები, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე, გახდნენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეები, ხოლო ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკუთრების უფლება და უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაკისრებოდათ მოსარჩელეთათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, გამომდინარე იქიდან, რომ იძულებითი აღსრულება განხორციელდა არასწორად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკითხი არ შეისწავლა სრულყოფილად, არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, მოსარჩელეებს - ე. თ-ისა და ლ. ნ-ის მიადგათ მატერიალური ზიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2014 წლის 11 ივლისს უკანონოდ ჩატარებული იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად, უძრავი ქონების შეძენისათვის მათ მიერ გადახდილი ფულადი თანხის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება, აუქციონის ჩატარების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულების მომენტისათვის, ეროვნული ვალუტის ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით. მოსარჩელეთა შეფასებით, ზიანის თანხა შეადგენდა 25 969 ლარს, საიდანაც 20000 ლარი იყო ძირითადი, აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი და სხვა დამატებით ხარჯები, ხოლო 4000 ლარი იყო იურიდიული მომსახურების ხარჯები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები. სათანადო წესით არ დასტურდებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. მოპასუხეთა მოქმედებები შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. თ-იმა და ლ. ნ-იმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ე. თ-ის და ლ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლის თანახმად, 2013 წლის 13 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აღსრულების მიზნით, წარდგენილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №... (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: 09.09.2013 წ. კრედიტორი - ნ. რ-ი, მოვალე - რ. ჭ-ი). აღმასრულებელმა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 9 სექტემბრის №13072727/28483 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: ირიცხებოდა თუ არა რ. ჭ-ის საკუთრებაში უძრავი ქონება (მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ს შესახვევი №..., შენობა-ნაგებობების საერთო ფართი -153.21 კვ.მ საცხოვრებელი ფართი - 124.98 კვ.მ (ს/კ:...) 1/4 წილი); იყო თუ არა აღნიშნული ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებით), როდის და ვის სასარგებლოდ; იყო თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ. აღმასრულებელმა მოითხოვა უძრავი ქონების ამონაწერის ასლი, იპოთეკის ხელშეკრულების ასლები, სხვა სანივთო თუ ვალდებულებითი ხელშეკრულების ასლები, ინფორმაცია დამყადაღებლის და დაყადაღების საფუძვლების შესახებ, ასევე, მათ ხელთ არსებული აღნიშნული უძრავი ქონების ნახაზები და ორთოფოტოები. აღმასრულებლის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რეგისტრირებული იყო თუ არა რ. ჭ-ი სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 იანვრის №15678 წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება შემდეგი წილობრივი მონაცემებით: კ. ხ-ი - 1/4 ნაწილიდან 1/3 ნაწილზე; რ. ჭ-ი - 1/4 ნაწილზე; თ. რ-ი, გ. რ-ი, მ. რ-ი - 1/4 ნაწილზე; ა. მ-ი - 5/12 ნაწილზე (განცხადება №..., თარიღი - 28/05/2012 წ.). რ. ჭ-ის კუთვნილი წილი დატვირთული იყო იპოთეკით, საფუძველი - 1) იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 27/01/2010, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იპოთეკარი: ნ. რ-ი (პ/ნ:...), მესაკუთრე რ. ჭ-ი (პ/ნ:...); საგანი: რ. ჭ-ის კუთვნილი 1/4 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (გან. რეგ. №...; თარიღი - 27.01.2010 წ.); 2) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 27/12/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკარი: გ. ს-ი (პ/ნ ...); მესაკუთრე რ. ჭ-ი (პ/ნ ...), საგანი: რ. ჭ-ის კუთვნილი 1/4 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (განცხადება №... თარიღი - 27.12.2011 წ.). ამასთან, აღმასრულებელს დამატებით ეცნობა, რომ რ. ჭ-ის კუთვნილ წილზე ყადაღა რეგისტრირებული იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 12 ნოემბრის №... მიმართვის საფუძველზე. რ. ჭ-ის ქონების მიმართ გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო.
2014 წლის 16 ივლისს ე. თ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა იძულებითი აღსრულება ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების თანახმად, ე. თ-იმა 2014 წლის 11 ივლისს გაიმარჯვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე და გახდა მოვალე რ. ჭ-ის თანასაკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში (ს/კ:...) მდებარე უძრავი ქონების - 1/4 წილი, შემძენი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 14000 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ნ. რ-ის სასარგებლოდ. აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, 2014 წლის 18 ივლისიდან, დარეგისტრირდა ე. თ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის ნომერი: ...).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული 2014 წლის 29 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე. თ-ის საკუთრებაში აღრიცხულ, ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში მდებარე უძრავი ქონებაზე (ს/კ: ...) – 1/4 წილი, 2014 წლის 01 აგვისტოდან, დარეგისტრირდა ე. თ-ისა და ლ. ნ-ის თანასაკუთრება.
2014 წლის 08 სექტემბერს გ. რ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის განჩინება, კანონიერ ძალაში შესული ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი - მოსარჩელეთა მიერ 2500 ლარის ლ. ნ-ისთვის გადასაცემად, დეპოზიტზე შეტანის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა სასამართლოს მიერ დამოწმებული იმ აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომლის მიხედვითაც იმსჯელა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას, ასევე დაევალა კანონიერ ძალაში შესული 01.09.2014 წ. განჩინების წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
2014 წლის 19 სექტემბერს ნ. ჯ-ესა და ლ. ნ-ის შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ჯ-ემ, 6 თვის ვადით, ლ. ნ-ის ასესხა 20 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ლ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული, ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილი. 2014 წლის 19 სექტემბერს ნ. ჯ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე, ლ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ ნაწილზე, იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, განხორციელდა იპოთეკის რეგისტრაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გ. რ-ის, თ. რ-ის, მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი, იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო და შემდეგ საკასაციო სასამართლოში, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2016 წლის 13 ივლისს გ. რ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაცია ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრისა და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებები უფლებამონაცვლედ ცნობისა და უფლებამონაცვლედ დაშვების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება გ., თ. და მ. რ-იების სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილი თ. რ-ის, გ. რ-ის და მ. რ-ის საკუთრებაში გადასცა რ. ა-იმა, ხოლო მოსარჩელეები ამჟამად ითხოვენ იმ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობას, რომელიც აღრიცხული იყო კ. შ-ას საკუთრებად და შპს „გ...ს“ აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენდა 46,17 კვ.მ და საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო რ. ჭ-ის საკუთრებად - 1/4 ნაწილი. ამავე გადაწყვეტილებით, გ. რ-ის, თ. რ-ისა და მ. რ-ის, რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2500 ლარის გადახდა. ასევე გ. რ-ი, თ. რ-ი და მ. რ-ი ცნობილი იქნენ ქ. თბილისში, ...ს შესახვევ №...-ში მდებარე, რ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული 46,17 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ (საკადასტრო კოდი ...; 1/4 ნაწილი). იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოხსენებული უძრავი ნივთის მესაკუთრედ რ. ჭ-ის ნაცვლად ლ. ნ-ი იყო რეგისტრირებული, ამავე სასამართლოს 2014 წლის 01 სექტემბრის განჩინებით რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ნ-ი, ხოლო 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით, ლ. ნ-ითან ერთად, ე. თ-იც.
„რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, საცხოვრებლის 1/4 ნაწილზე, დარეგისტრირდა გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლება. ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გაუქმდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკაც, სადაც მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ლ. ნ-ი და ე. თ-ი, ხოლო იპოთეკარს - ნ. ჯ-ე (რეგისტრაციის №...).
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიმართ დამდგარი ზიანი მოპასუხეების ან მათი სახელით მოქმედ მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შედეგს არ წარმოადგენდა. მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ ზემოაღნიშნული ზიანი სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული სააღსრულებო წარმოების შედეგად დადგა, მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ბრალეული განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედების ან უმოქმედობის გამო, რაც გამოიხატა მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს შეუსრულებლობაში ან რაიმე ვალდებულის შესრულებისგან თავის არიდებაში. სასამართლო შეფასებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აუქციონი მომზადდა და ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დაცვით, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ჰქონდა ვალდებულება ჩაეტარებინა სააღსრულებო წარმოება „დავალიანების გადახდევინების შესახებ“ ბრძანების აღსრულების მიზნით. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა რაიმე ეჭვის საფუძველს შეეჩერებინა, შეეწყვიტა ან უარი ეთქვა სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებაზე. აპელანტი მხარე ვერ უთითებდა მოწინააღმდეგე მხარის ბრალეულ ქმედებებზე, რაც კანონთან შეუსაბამო იყო და რაც დაადასტურებდა რაიმე მიზეზობრივ კავშირს მათ ქმედებებსა და დამდგარ ზიანს შორის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. თ-იმა და ლ. ნ-იმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე №2/9395-2011), მოქალაქეები: გ., თ. და მ. რ-იები, რომლებიც ამავე მისამართზე ცხოვრობენ, თანამესაკუთრეთა სტატუსით ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ...ს შესახვევ №...-ში მდებარე, რ. ჭ-ის სახელზე რიცხული 46.17 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებად (ს.კ. ...). აღნიშნული რეგისტრაცია მოგვიანებით განხორციელდა საჯარო რეესტრში, მაგრამ ეს ფაქტი არ გამორიცხავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობას. აშკარაა, რომ მოპასუხეთა მხრიდან აუქციონზე გატანილი ქონება უფლებრივი ნაკლის მატარებელი იყო, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა მოეპოვებინათ მოპასუხეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის ნაკლით (ან ხელშეკრულებით) განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი, ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. მოსარჩელეს თავისი ქმედებით, არც განზრახ და არც გაუფრთხილებელი ბრალი ზიანის დადგომაში არ მიუძღვის. მას ამოძრავებს უძრავი ქონების შეძენის სურვილი და ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა ის მოქმედებები, რასაც ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები მოითხოვდა. უდავოდ დგინდება, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ქონება (ნივთი) უფლებრივი ნაკლის მატარებელი იყო, ამ ქონების აუქციონზე გამოტანის მიზეზები უფრო მეტ წინდახედულობას და დაწვრილებით შემოწმებას მოითხოვდა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, სახელმწიფოს მხრიდან ბრალეული ქმედების შედეგად, ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ქმედებაში გამოხატული, მოპასუხეთა ბრალეული მოქმედებით მას მიადგა ზიანი, რაც მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის საკმარისი პირობაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით. ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა შედგა 2023 წლის 16 ნოემბერს მხარეთა დასწრებით და გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული ე. თ-ის და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში დავის საგანს მოსარჩელეთათვის მოპასუხეთა მხრიდან ბრალეული ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სამოქალაქო საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №2/9395-2011) დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ...ს შესახვევ №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილი თ. რ-ის, გ. რ-ის და მ. რ-ის საკუთრებაში გადასცა რ. ა-იმა, ხოლო მოსარჩელეები დამატებით ითხოვდნენ იმ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობას, რომელიც აღრიცხული იყო კ. შ-ას საკუთრებად, შპს „გ...ს“ აზომვითი ნახაზის მიხედვით ფართი შეადგენდა 46,17 კვ.მ.-ს და საჯარო რეესტრში იმ დროისთვის აღრიცხული იყო რ. ჭ-ის საკუთრებად - 1/4 ნაწილი. მითითებული სასამართლო გადაწყვეტილებით, გ. რ-ის, თ. რ-ისა და მ. რ-ის რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 2500 ლარის გადახდა. ამასთან, გ. რ-ი, თ. რ-ი და მ. რ-ი ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ...ს შესახვევ №...-ში მდებარე, რ. ჭ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული 46,17 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებად (საკადასტრო კოდი ...; 1/4 ნაწილი).
საქმეზე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 14.06.2013) მიხედვით, ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 ნაწილიდან 1/3 ნაწილზე რეგისტრირებული იყო კ. ხ-ის საკუთრების უფლება, 1/4 ნაწილზე რ. ჭ-ის საკუთრების უფლება, 1/4 ნაწილზე თ. რ-ის, გ. რ-ისა და მ. რ-ის საკუთრების უფლება, ხოლო 5/12 ნაწილზე ა. მ-ის საკუთრების უფლება.
2013 წლის 13 სექტემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროში იძულებითი აღსრულების მიზნით, წარდგენილ იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი №... (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: 09.09.2013წ. კრედიტორი - ნ. რ-ი, მოვალე - რ. ჭ-ი).
აღმასრულებელმა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 9 სექტემბრის №13072727/28483 ბრძანების აღსრულების მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: ირიცხებოდა თუ არა რ. ჭ-ის საკუთრებაში უძრავი ქონება (მდებარე - ქალაქი თბილისი, ...ს შესახვევი №..., შენობა-ნაგებობების საერთო ფართი -153.21 კვ.მ საცხოვრებელი ფართი - 124.98 კვ.მ (ს/კ:...) 1/4 წილი); იყო თუ არა აღნიშნული ქონება დატვირთული იპოთეკით (მათ შორის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით), როდის და ვის სასარგებლოდ, სხვა სანივთო ან სახელშეკრულებო უფლებით (ვალდებულებით), როდის და ვის სასარგებლოდ; იყო თუ არა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღა, როდის და ვის მიერ. აღმასრულებელმა მოითხოვა უძრავი ქონების ამონაწერის ასლი, იპოთეკის ხელშეკრულების ასლები, სხვა სანივთო თუ ვალდებულებითი ხელშეკრულების ასლები, ინფორმაცია დამყადაღებლის და დაყადაღების საფუძვლების შესახებ, ასევე, მათ ხელთ არსებული აღნიშნული უძრავი ქონების ნახაზები და ორთოფოტოები. აღმასრულებლის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რეგისტრირებული იყო თუ არა რ. ჭ-ი სამეწარმეო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 იანვრის №15678 წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება შემდეგი წილობრივი მონაცემებით: კ. ხ-ი - 1/4 ნაწილიდან 1/3 ნაწილზე; რ. ჭ-ი - 1/4 ნაწილზე; თ. რ-ი, გ. რ-ი, მ. რ-ი - 1/4 ნაწილზე; ა. მ-ი - 5/12 ნაწილზე (განცხადება №..., თარიღი - 28/05/2012 წ.). რ. ჭ-ის კუთვნილი წილი დატვირთული იყო იპოთეკით, საფუძველი - 1) იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი - 27/01/2010, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იპოთეკარი: ნ. რ-ი (პ/ნ:...), მესაკუთრე რ. ჭ-ი (პ/ნ:...); საგანი: რ. ჭ-ის კუთვნილი 1/4 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (გან. რეგ. №...; თარიღი - 27.01.2010 წ.); 2) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი 27/12/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. იპოთეკარი: გ. ს-ი (პ/ნ ...); მესაკუთრე რ. ჭ-ი (პ/ნ ...), საგანი: რ. ჭ-ის კუთვნილი 1/4 ნაწილი მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად (განცხადება №... თარიღი - 27.12.2011 წ.). ამასთან, აღმასრულებელს დამატებით ეცნობა, რომ რ. ჭ-ის კუთვნილ წილზე ყადაღა რეგისტრირებული იყო თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 12 ნოემბრის №... მიმართვის საფუძველზე. რ. ჭ-ის ქონების მიმართ გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ იყო.
2014 წლის 16 ივლისს ე. თ-იმა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა იძულებითი აღსრულება ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სახით წარდგენილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების თანახმად, ე. თ-იმა 2014 წლის 11 ივლისს გაიმარჯვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე და გახდა მოვალე რ. ჭ-ის თანასაკუთრებაში რიცხული ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში (ს/კ:...) მდებარე უძრავი ქონების - 1/4 წილი, შემძენი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 14000 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის ნ. რ-ის სასარგებლოდ. აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, 2014 წლის 18 ივლისიდან, დარეგისტრირდა ე. თ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის ნომერი: ...).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმებული 2014 წლის 29 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ე. თ-ის საკუთრებაში აღრიცხულ, ქ. თბილისში, ...ს შესახვევი №...-ში მდებარე უძრავი ქონებაზე (ს/კ: ...) – 1/4 წილი, 2014 წლის 01 აგვისტოდან, დარეგისტრირდა ე. თ-ისა და ლ. ნ-ის თანასაკუთრება.
2014 წლის 08 სექტემბერს გ. რ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განმცხადებლის მიერ წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის განჩინება, კანონიერ ძალაში შესული ამავე სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი - მოსარჩელეთა მიერ 2500 ლარის ლ. ნ-ისთვის გადასაცემად, დეპოზიტზე შეტანის შესახებ.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს დაევალა სასამართლოს მიერ დამოწმებული იმ აზომვითი ნახაზის წარდგენა, რომლის მიხედვითაც იმსჯელა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას, ასევე დაევალა კანონიერ ძალაში შესული 01.09.2014 წ. განჩინების წარდგენა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, შეჩერების ვადაში, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
სამოქალაქო საქმეზე №2/9395-2011 (კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება) იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის ((ს/კ: ...) – 1/4 წილი) მესაკუთრედ რ. ჭ-ის ნაცვლად ლ. ნ-ი იყო რეგისტრირებული, სასამართლოს 2014 წლის 01 სექტემბრის განჩინებით, რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. ნ-ი. ხოლო, მოგვიანებით, 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით, რ. ჭ-ის უფლებამონაცვლედ ლ. ნ-ითან ერთად დაშვებულ იქნა ე. თ-ი.
,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, საცხოვრებლის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლება. ამავე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, გაუქმდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკაც, სადაც მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ ლ. ნ-ი და ე. თ-ი, ხოლო იპოთეკარს-ნ. ჯ-ე (რეგისტრაციის №...).
კიდევ ერთ ადმინისტრაციულ საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/3904-14), გ. რ-ის, თ. რ-ის, მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 სექტემბრის №... გადაწყვეტილება იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ.
საქმეზე წარმოდგენილი, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (18.07.2016) უძრავ ნივთზე - თბილისი ...ს შესახვევი №... (ს/კ - ...), რეგისტრირებულია კ. ხ-ის საკუთრების უფლება 1/12 წილზე, ა. მ-ის საკუთრების უფლება 5/12 წილზე და გ., მ. და თ. რ-იების საკუთრების უფლება 2/4 წილზე. რეგისტრაციის საფუძვლებად, მათ შორის, მითითებულია №2/9395-2011 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ამავე საქმეზე მიღებული 01.09.2014 წ. და 27.01.2015 წ. განჩინებები.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და ქვედა ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებების ანალიზით, უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეებს მიადგათ მატერიალური ზიანი. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა, აუქციონზე, კანონით დადგენილი წესით, შეიძინეს უძრავი ნივთი. შემდგომში, დაკარგეს მოპოვებული საკუთრების უფლება, რადგან მათი მხრიდან აუქციონში მონაწილეობის პარალელურად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც, გაუქმდა საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ვერ შემოწმდება სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების, 2014 წლის 1 სექტემბრისა და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებების კანონიერება, რამდენადაც აღნიშნული აქტები მიღებულია სხვა, სამოქალაქო საქმეზე, რისი კვლევაც სცდება საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დავის საგანთან დაკავშირებით იმსჯელებს განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს მოსარჩელეთათვის დამდგარი ზიანის არსებობა, მაგრამ სასამართლოთა შეფასებით, სახეზე არ იყო მოპასუხეთა მხრიდან ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, დავის საგანს სწორედ მოპასუხეთა ქმედებების მართლზომიერებისა და შესაბამისად, მათთვის ზიანის დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. “ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო“(საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის №ბს-52-47(კ-13) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესით, მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოპასუხეთათვის დაკისრების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ამ უკანასკნელის მართლწინააღმდეგობრივი ხასიათის მოქმედების (უმოქმედობა) არსებობა, რაც შესაძლოა გამოიხატებოდეს მის პასუხისმგებლობას მიკუთვნებული უფლებამოსილების არასათანადო შესრულება/შეუსრულებლობაში, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მოპასუხე მხარეებად მიუთითა - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული ორგანოები იყვნენ ვალდებული, უზრუნველეყოთ აუქციონის წესით ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის განკარგვა, რის შედეგადაც, აუქციონში გამარჯვებული გახდებოდა კეთილსინდისიერი შემძენი, შესაბამისად მისი საკუთრება არ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელია შეფასდეს ორივე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება, ცალკეულად უნდა შემოწმდეს მათ მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იძულებითი აუქციონის წესებს არეგულირებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 69-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამავე მუხლის 11 და 12 პუნქტები არეგულირებენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლება რეგისტრირებული, თუმცა აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია გამოიკვლიოს ნივთის უფლებრივი მდგომარეობა და ისე განახორციელოს აღსრულება. კერძოდ, 11 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ინფორმაციის მოძიებას უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე. ხოლო 12 პუნქტის მიხედვით, თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის, უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინოს საკუთრების უფლების დამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს ან/და გააუქმებს ამ ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქონების რეალიზაციის შედეგად მისი უფლება დაირღვა ან/და მას მიადგა ზიანი, უფლებამოსილია მოვალეს წაუყენოს პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამავე კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ, ხოლო მე-5 პუნქტი ადგენს, რომ სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქონების შემძენის ერთადერთ ვალდებულებას წარმოადგენს, კანონმდებლობის და აუქციონის პირობების შესაბამისად, განცხადების წარდგენა და თანხის გადახდა, რის შემდგომაც შემძენი იკავებს მესაკუთრის ადგილს. ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აუქციონის შედეგების გაუქმების ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის გადაუხდელობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. იუსტიციის მინისტრის ამავე ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი, იძულებითი აუქციონის მარეგულირებელი კანონმდებლობა, აუქციონის პროცესს არეგულირებს იმგვარად, რომ სარეალიზაციო ქონება, დაინტერესებული პირებისათვის წინასწარ ცნობილი ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობით გადის აუქციონზე სარეალიზაციოდ. დაინტერესებული პირი ვალდებულია გაეცნოს ქონების შესახებ ინფორმაციას და მიიღოს გადაწყვეტილება აუქციონში მონაწილეობის, ქონების შეძენის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ქონების აღწერაში სწორად იყო მითითებული ქონების ნივთობრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა შემძენი უკმაყოფილოა შეძენილი ნივთის მდგომარეობით, შემძენის მხრიდან აუქციონის ჩამტარებლის მიმართ შედავება ხდება უსაფუძვლო. იმ შემთხვევაში, თუ ქონების შეძენის შემდგომ ირკვევა, რომ ნივთის უფლებრივი და ნივთობრივი მდგომარეობა არსებითად შეუსაბამოა გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან და შემძენმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, იგი კეთილსინდისიერია ამ გარემოების მიმართ, ასეთ დროს დაუშვებელია პასუხისმგებლობის ტვირთის გადმოტანა შემძენზე.
საქმეზე დადგენილია, რომ აღმასრულებელმა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 9 სექტემბრის №13072727/28483 ბრძანების (დავალიანების გადახდევინების შესახებ) აღსრულების მიზნით, 2014 წლის 20 იანვარს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და გამოითხოვა აუქციონზე სარეალიზაციო ქონების თაობაზე ინფორმაცია, მისი მესაკუთრისა და რეგისტრირებული უფლებების შესახებ. ინფორმაციის გამოთხოვა შეესაბამებოდა სააღსრულებო წარმოების, აუქციონის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა დადგენილიყო და აუქციონში მონაწილე დაინტერესებული პირებისათვისაც ცნობილი ყოფილიყო ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მიმართვის პასუხად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 იანვრის №15678 წერილით აღმასრულებელს ეცნობა ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც, უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან მიღებული ცნობების შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოხდა ქონების განკარგვა, ხოლო ე. თ-ის მიერ ამ ქონების შეძენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მოცემული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო, ამავე კანონის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო სასამართლო მითითებული ნორმების საფუძველზე აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, იძულებითი აუქციონის წარმოებაზე პასუხისმგებელი ორგანოა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, თუმცა აუქციონის მიმდინარეობის პროცესში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით უფლებრივი მდგომარეობის კვლევისას იგი ეყრდნობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემებს, რომლის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია. ამდენად, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის მოძიების და შეფასებისას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია იმოქმედოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას იმ ნაწილში, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები შესაბამისობაში იყო სააღსრულებო წარმოების, იძულებითი აუქციონის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან. მართალია კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიუთითებს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრალეულობაზე, თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონის პროცედურები წარმართა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სარეალიზაციო ქონებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად. აუქციონის დასრულების ეტაპზე, შედეგების შემაჯამებელი 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულება გამოცემულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული განკარგულება არ გამხდარა სადავო, იგი კვლავ ძალაშია. საქმეზე არ დგინდება, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან, ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა) და ამ მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. ამდენად, ამ ნაწილში მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ არ არსებობდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები იყო საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისი. თუმცა, საქმეზე ისიც უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელეებმა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგეს საკუთრების უფლება და შესაბამისად, ჩატარებული აუქციონის შედეგები ფაქტობრივად გაუქმებულია. მართალია, ფორმალურად, არ არის გამოცემული ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა ფაქტობრივად, აუქციონის შედეგი ძალადაკარგულია, რადგან აუქციონის შედეგად გამოცემულმა განკარგულებამ დაკარგა მოქმედების ეფექტი, იგი ვეღარ აღსრულდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული, კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს კანონმდებლის ნამდვილი მიზნის, განზრახვის ადეკვატურად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს, კერძოდ, ყოველი ნორმა განმარტებული უნდა იქნეს არა ფრაგმენტულად, არამედ სისტემური და ტელეოლოგიური მეთოდებით, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა. შესაბამისად, სასამართლოს როლი არ შემოიფარგლება კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვით განმარტებაში. აუცილებელია, რომ სასამართლომ განმარტოს კანონი კონკრეტული სამართალურთიერთობის, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სწორედ კანონის მიზნიდან გამომდინარე და არა ფორმალისტურად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონის შედეგი (სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულება) იურიდიულად ძალაშია და არ გაუქმებულა, თუმცა იგი ფაქტობრივად გაუქმებულია, რამდენადაც ქონების შემძენზე, არ გადავიდა საკუთრების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ მან შეასრულა კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ სრულად არის შეფასების მიღმა დატოვებული მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედებები. განჩინებაში ძირითადად აქცენტი გაკეთებულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აუქციონის ჩატარების პროცედურებზე, თუმცა შეფასებული არ არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან განხორციელებული მოქმედებების, კერძოდ, აუქციონში გამარჯვებული ე. თ-ის და მისი თანამესაკუთრე ლ. ნ-ის საკუთრების უფლების გაუქმების მართლზომიერება.
საქმეზე დგინდება, რომ „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე, საცხოვრებლის 1/4 ნაწილზე დარეგისტრირდა გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეებმა ე. თ-იმა და ლ. ნ-იმა დაკარგეს რეგისტრირებული საკუთრების უფლება. მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესულ 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებას, 2014 წლის 1 სექტემბრის და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებებს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ 2012 წლის 30 მარტს, აუქციონის ჩატარებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რ. ჭ-ის საკუთრების ობიექტის მესაკუთრეებად აღიარებულ იქნენ გ., თ. და მ. რ-იები, რაც წარმოადგენდა უძრავ ნივთზე მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. დადგენილია, რომ გ., თ. და მ. რ-იებს აუქციონის ჩატარებამდე არ მოუხდენიათ უფლების რეალიზება, კერძოდ, არ მიუმართავთ რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრისათვის. აღნიშნულის პარალელურად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულების თანახმად, ე. თ-იმა 2014 წლის 11 ივლისს გაიმარჯვა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე და გახდა მოვალე რ. ჭ-ის თანასაკუთრებაში რიცხული (1/4 ნაწილი) უძრავი ქონების შემძენი, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 14 000 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. ამდენად, სააღსრულებო ბიუროს განკარგულება წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამოუკიდებელ საფუძველს, რაც სადავო არ გამხდარა და დღემდე იურიდიული ძალის მქონეა. სწორედ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე დარეგისტრირდა ჯერ ე. თ-ის, ხოლო შემდგომ, ჩუქების საფუძველზე, ე. თ-ისა და ლ. ნ-ის თანასაკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია სამოქალაქო საქმეზე 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება წარმოადგენდა გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლების დამდგენ საფუძველს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ადმინისტრაციული წარმოების (სააღსრულებო წარმოება) შედეგად მიღებულმა განკარგულებამ დაადგინა უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე, წარმოშვა რეგისტრაციის ახალი საფუძველი, შესაბამისად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 15 ივლისის №A13059476-025/001 განკარგულებამ სამართლებრივად შემოფარგლა სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მოქმედება და მისი სამართლებრივი ეფექტი. სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა მისი მიღებისას არსებულ მდგომარეობას, გ., თ. და მ. რ-იების მოთხოვნის საფუძვლიანობას - იმდროინდელი მესაკუთრის - რ. ჭ-ის მიმართ, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ მოახდენდა გავლენას შემდგომში, 2014 წლის 15 ივლისის განკარგულების საფუძველზე, ე. თ-ის წარმოშობილ საკუთრების უფლებაზე. სააღსრულებო განკარგულების საფუძველზე კასატორების საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და შესაბამისად, სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებამ, რომლის საფუძველზეც უფლების რეალიზება არ მოუხდენიათ გ., თ. და მ. რ-იებს, დაკარგა სარეგისტრაციო მნიშვნელობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებები, რომელთა შესაბამისად, რ. ჭ-ის (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაში წარმოადგენდა მოპასუხეს და დავა წააგო გ., თ. და მ. რ-იებთან) უფლებამონაცვლეებად დადგინდნენ ე. თ-ი და ლ. ნ-ი, მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც უკვე არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო ე. თ-ის საკუთრების წარმოშობასა და რეგისტრაციას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული განჩინებები მიღებულ იქნა 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, მათი სამართლებრივი ეფექტი შემოფარგლული იყო ამავე გადაწყვეტილებით. მოცემული განჩინებები არ წარმოადგენდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებული ახალი სამართალურთიერთობის მოწესრიგებას, რადგან ისინი გამოტანილი იყო 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებაზე, ხოლო თავად ეს გადაწყვეტილება, სააღსრულებო განკარგულების არსებობიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების დადგენისა და რეგისტრაციის მიზნებისთვის გახდა იურიდიული ეფექტის არმქონე, არააღსრულებადი. 2014 წლის 01 სექტემბრისა და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებები არ ეხებოდა და ვერ გააუქმებდა, 2012 წლის 30 მარტის შემდგომ წარმოქმნილ, საკუთრების უფლების წარმოშობის ახალ საფუძველს - სააღსრულებო განკარგულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება, ამავე კოლეგიის 2014 წლის 01 სექტემბრისა და 2015 წლის 27 იანვრის განჩინებები არ ქმნიდა ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკუთრების უფლების გაუქმების და გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს, იმ პირობებში, როდესაც ძალაში იყო მათი უფლებების დამდგენი სამართლებრივი აქტები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული გარემოება შეფასებული არ აქვს სააპელაციო პალატას. სააპელაციო პალატის შეფასების მიღმაა დატოვებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედებები და მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინება არსებითად დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საქმეში არსებულ, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ კასატორებს (მოსარჩელეებს), მართალია ცალკე არ გაუსაჩივრებიათ გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული გარემოება, მოცემულ საქმეზე, ვერ გახდება ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი. კასატორები სადავოდ ვერ გახდიდნენ გ., თ. და მ. რ-იების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლებს - კანონიერ ძალაში არსებულ სასამართლო აქტებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორთა მოთხოვნა საფუძვლიანია იმ გარემოების გათვალისწინებიდან გამომდინარე, რომ ძალაში მყოფი უფლების დამდგენი სამართლებრივი საფუძვლების კონკურენციის პირობებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უსაფუძვლოდ მოახდინა მათი რეგისტრირებული უფლების გაუქმება. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედებები უნდა შეფასდეს ერთიანობაში, რაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ივლისის №... გადაწყვეტილების გასაჩივრების გარეშეც, ქმნის შესაძლებლობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები) გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარემოებები არის შეფასების გარეშე დატოვებული. სააპელაციო პალატის განჩინება არ პასუხობს საჩივრის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და სამართლებრივად შეაფასოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ რეალური ზიანის დაკისრების საკითხი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. თ-ისა და ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა