დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-740-1009-05 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა; მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 სექტემბერს მ. ფ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ო-ისა და მესამე პირის ნოტარიუს გ. ზ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისში, ...... მდებარე ¹5 ბინაში ჩაწერილები იყვნენ შ. გ-ა, მისი შვილი ა. გ-ა და შვილიშვილები _ ი. შ-ი და მ. ფ-ა.
1993წ. 30 იანვარს აღნიშნული ბინა პრივატიზირებულ იქნა შ. გ-ას სახელზე. 1997წ. 5 მარტს შ. გ-ამ შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვით, იგი მთელ თავის ქონებას, მათ შორის ზემომითითებულ ბინას, უანდერძებდა შვილიშვილს _ ი. შ-ს. ამავე წელს შ. გ-ა გარდაიცვალა და 1999წ. 6 აგვისტოს ი. შ-ზე გაიცა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა თბილისში, ... მდებარე ¹5 ბინაზე, რომელიც აღირიცხა მის სახელზე.
2000 წელს გარდაიცვალა ა. გ-ა, ამავე წლის ივლისში კი ი. შ-ი.
2001წ. 27 ივნისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის შესაბამისად, ი. შ-ის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე კ. ო-ი, რის შემდეგ იგი აღირიცხა ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კ. ო-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და თბილისში, ...... მდებარე ¹5 ბინის 1/2-ის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას მიღებული აქვს მონაწილეობა ბინის პრივატიზებაში, ამასთან, ეკუთვნის დედის სავალდებულო წილი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
თბილისის გალდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კ. ო-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობას საფუძვლად დაედო ი. შ-ის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რომელიც მ. ფ-ას სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა შეცვალა დავის საგანი, კერძოდ, მან შეამცირა მოთხოვნა ბინის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და მოითხოვა სადავო ბინის 1/2-ის ნაცვლად 1/4-ზე მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მასაც აქვს მიღებული მონაწილეობა ბინის პრივატიზებაში. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა, რომ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით შეტანილ იქნეს სათანადო ცვლილებები როგორც ი. შ-ის სახელზე გაცემული ანდერძისმიერ, ისე _ კ. ო-ზე გაცემულ კანონისმიერ მოწმობებში.
სააპელაციო პალატის 2005წ. 16 მარტის საოქმო განჩინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ დავის საგნის გაზრდა და საქმე განხილულ იქნა ახალი მოთხოვნების გათავლისწინებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის გალდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეტანილ იქნა ცვლილება 1993წ. 30 იავრის თბილისში, ...... მდებარე ¹5 ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაში და ბინის 1/4-ის მყიდველად დაფიქსირდა მ. ფ-ა. ასევე შევიდა ცვლილება 1999წ. 6 აგვისტოს თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს გ. ზ-ის მიერ ი. შ-ის სახელზე გაცემულ ანდერძიმიერ მემკვიდრეობის მოწმობაში იმგვარად, რომ გრაფაში, _ “სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაცემულია ეს მოწმობა,” _ შემდეგი სიტყვების: “წარმოადგენს მითითებული სამოთახიანი საცხოვრებელი ბინა მთელი საცხოვრებელი სახლის 47/439 ნაწილის, მდებარე თბილისში, ...... მდებარე ბინა 5-ის” ნაცვლად დაიწეროს _ “თბილისში, ...... მდებარე ¹5 ბინის 3/4 წილი.”
ანალოგიური ცვლილება შეტანილ იქნა თბილისის სანოტარო ბიუროს მიერ 2001წ. 27 ივნისს კ. ო-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში, ....... მდებარე ¹5 ბინის პრივატიზება მოხდა 1993 წელს, რა დროსაც ბინაში ჩაწერილები იყვნენ შ. გ-ა, ა. გ-ა, ი. შ-ი და მ. ფ-ა.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით გაუქმდა ¹107 დადგენილების მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი, რომლის თანახმად, დამქირავებლისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემისათვის სავალდებულო იყო მისი ოჯახის წევრების თანხმობა, რის შემდეგ პრივატიზებული ბინა ითვლებოდა ამ ბინაში პრივატიზების მომენტისათვის ჩაწერილი ყველა მობინადრის თანასაკუთრებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ვინაიდან შ. გ-ას სახელზე ბინის პრივატიზების მომენტში ბინაში ჩაწერილი იყო 4 სული, მათ შორის _ მ. ფ-აც, ეს უკანასკნელი არის ბინის 1/4-ის მესაკუთრე, ე.ი. მისი მოთხოვნა თბილისში, ...... მდებარე ¹5 ბინის 1/4-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ კანონიერია და დაკმაყოფილებას ექვემდებარება.
ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შ. გ-ას არ ჰქონდა უფლება, განეკარგა მ. ფ-ას წილი და ასეთ პირობებში, როდესაც დანარჩენ მობინადრეებს არ მოუთხოვიათ ბინის თანამესაკუთრეებად ცნობა, მას შეეძლო დაეტოვებინა ანდერძი ზემოხსენებული ბინის მხოლოდ 3/4-ზე. 1/4-ის განკარგვა ბათილი იყო. სასამართლომ განმარტა, ვინაიდან, სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების განკარგვა მესაკუთრის პრეროგატივაა, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხდება უფლებამოსილი პირის ნებართვით ან შემდგომი მოწონებით, მაგრამ მ.ფ-ას არ მიუცია შ. გ-ასათვის თავისი ქონების განკარგვაზე ნებართვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამკვიდრო მოწმობები, რომლებშიც შ. გ-ას 3/4-თან ერთად ასახულია მ. ფ-ას 1/4-ის გადასვლა მემკვიდრეობით ჯერ ი. შ-ზე, შემდეგ კი კ. ო-ზე, უნდა შეიცვალოს და ამ მოწმობებიდან ამორიცხულ უნდა იქნეს მ. ფ-ას წილი _ 1/4.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-ის წარმომადგენელმა რ. გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში მ. ფ-ამ გაზარდა დავის საგანი და სასამართლომ განიხილა მოცემული საქმე ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც, რ. გ-ას აზრით, უკანონოა.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 128-ე და 129-ე მუხლები, რომელთა შესაბამისად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებით სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს, ხოლო საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. მოცემულ შემთვევაში მ. ფ-ამ დაარღვია როგორც ექვსწლიანი, ისე ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მას არ გაუსაჩივრებია პრივატიზაციის ხელშეკრულება და არ მოუთხოვია სამკვიდრო მოწმობებში ცვლილებების შეტანა სასამართლო თუ სანოტარო წესით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილება, რადგან პრივატიზაცია განხორციელდა 1993 წელს, ხოლო ¹520 დადგენილებაში მისი უკუქცევითი ძალის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაშინ როდესაც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.
სამოტივაციონა წილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოებების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას, დაარღვია სსკ-ის 381-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ 2005წ. 16 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა, სსკ-ის 381-ე მუხლის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. ჯერ ერთი, მოპასუხეს (კასატორს) აღნიშნულ გარემოებაზე არ მიუთითებია არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მეორე, სკ-ის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება იმ მომენტიდან წარმოეშვა, როცა შეიტყო, რომ საერთო საკუთრებაში არსებული მისი წილი სხვის (მოპასუხის) საკუთრებაში აღმოჩნდა. უდავოა, რომ კ. ო-ი სადავო ბინის მესაკუთრე გახდა 2001წ. ივლისში, მ. ფ-ამ კ. ო-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2004წ. 7 სექტემბერს. ამდენად, კასატორის მოსაზრება დავის ხანდაზმულობის თაობაზე, დაუსაბუთებელია.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ როგორც ბინის დამქირავებელს, ისე _ მისი ოჯახის წევრებს. დადგენილია, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის დროს, 1993წ. 30 იანვარს, დამქირავებელთან ერთად ამ ბინაში, როგორც ოჯახის წევრი, ცხოვრობდა მოსარჩელე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. ო-ის წარმომადგენელ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.