გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-768-1029-04 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 3 ოქტომბერს შპს «კავ-მა” სარჩელი აღძრა სს «კ-ის” მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, 1997წ. 16 ოქტომბერს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა კონკურსი სს «კ-ის” აქციათა პაკეტის 51%-ის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე. ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა შპს «ბ-ც”, რომლის მიმართ მოპასუხეს გააჩნდა 827000 ლარის დავალიანება. კონკურსის მსვლელობის დროს შპს «ბ-მა»’ მოითხოვა მოპასუხისაგან აღნიშნული დავალიანების დაფარვა. ვინაიდან ს/ს «კ-ს” არ გააჩნდა სათანადო ფინანსები, ს/ს «კ-ს”, შპს «ბ-სა” და შპს «კავ-ს” შორის მოხდა სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ, შპს «კავ-ის” დამფუძნებელმა გერმანულმა ფირმა «ბ-მა”, საქართველოს საპრეზიდენტო ფონდმა და «ბ-ის” დამფუძნებელი ფირმის წარმომადგენელმა. აღნიშნული სამმხრივი შეთანხმება წერილობით გაფორმდა 1997წ. 16 ოქტომბერს. ამ შეთანხმების საფუძველზე შპს «კავ-მა” შპს «ბ-საგან” გამოისყიდა ვალდებულებები, რაშიც შპს «ბა.” შპს «ბ-ს” გადაუხადა 500000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც სს «კ-ს” ყველა ძველი ვალი უნდა გადაეხადა შპს «კავ-ისათვის”, კერძოდ, ს/ს «კ-ს” შპს «კავ-ისათვის” უნდა დაებუნებინა 500 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი და 0,5 პროცენტი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მოითხოვა 500000 აშშ დოლარისა და 4 445 125 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, როგორც ხანდაზმული, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2000წ. 25 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მიუთითა, რომ «ბრ-მა” «კავ-ის” მიმართ მოთხოვნა დაუთმო ,,კ-ს” და მოითხოვა მოპასუხისათვის 1 681 397 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა საკასაციო წესით «კავ-მა”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საქმეში ჩაერთო მესამე პირი შპს «ბრ-ი”, რომელმაც დავის საგანზე განაცხადა დამოუკიდებელი მოთხოვნა. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა, რომ შპს «კავ-ის” სარჩელი მოპასუხის მიმართ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სს «ბ-მა” 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით შპს «კავ-ს” დაუთმო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 827000 ლარზე, ხოლო იმის გამო, რომ ს/ს «ბ-ის” სასარგებლოდ თანხა გადახდილ იქნა შპს «ბრ-ის” მიერ, საპასუხო შესრულების სახით 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, შპს «ბრ-ს” დაუთმო ის უფლება, რაც მან მიიღო შპს «კ-ის” მიმართ. მესამე პირმა მოითხოვა მოპასუხისათვის 3755500 აშშ დოლარის დაკისრება.
მოპასუხემ მის მიმართ წარდგენილი სარჩელები არ ცნო და მიუთითა, რომ მესამე პირის მოთხოვნა არის ხანდაზმული, ხოლო ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მოთხოვნის უფლება ს/ს «კ-ის” მიმართ, 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით, დაუთმო შპს «ბრ-ს”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «კავ-ის”’სარჩელს სს «კ-ის” მიმართ ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს «ბრ-ის” სარჩელს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «კავ-მა”.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით შპს «კავ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «კავ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს «კავ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ 1996წ. 5 ივლისს სს „კ-სა” და შპს „ბ-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც „ბ-ის” ვალდებულებად განისაზღვრა სს „კ-ისათვის” ფინანსური დახმარების გაწევა 350.000 ლარის ოდენობით, 103.000 ლარის საპროცენტო განაკვეთით. „კ-ს”, როგორც ძირითადი ვალი _ 350.000 ლარი და პროცენტი _ 103.000 ლარი, „ბ-ისათვის” უნდა დაებრუნებინა 1996წ. 20 ოქტომბრამდე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 5%-ით. შპს „ბ-მა” 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო ს/ს „კ-ს” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შპს „ბ-ისათვის” ვალი არ დაუბრუნებია, რის გამოც მისმა დავალიანებამ 1997წ. 17 თებერვლისათვის შეადგინა 727.065 ლარი. 1997წ. 18 თებერვალს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება შპს „ბ-სა” და ს/ს „კ-ს” შორის, რომლის შესაბამისადაც, გირაოში ჩაიდო ს/ს „კ-ის” ქონება. ამ ხელშეკრულებით დასაბრუნებელი ვალი ამ პერიოდისათვის 727.065 ლარს შეადგენდა, რომლის დაფარვაც უნდა მომხდარიყო 1997წ. 18 მარტამდე. 1997წ. 16 ოქტომბერს ქონების მართვის სამინისტროში გაიმართა კონკურსი სს „კ-ის” აქციათა პაკეტის 50%-ის მართვის უფლების მოპოვების თაობაზე, სადაც სს „კ-ის” ვალი შპს „ბ-ის” მიმართ დაფიქსირდა 827.000 ლარის ოდენობით. ვინაიდან კონკურსის მსვლელობისას „ბ-მა” მოითხოვა სს „კ-ისაგან” დავალიანების დაფარვა, ს/ს „კ-ს” კი სათანადო სახსრები არ გააჩნდა, კონკურსის დღესვე, 1997წ. 16 ოქტომბერს, გაფორმდა ოქმი სს „კ-ის” სავალო ვალდებულების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე შპს „კავ-ს”, შპს „ბ-სა” და სს „კ-ს” შორის შპს „კავ-ის” მიერ სს „კ-ის” ყველა საფინანსო ვალდებულების, და 1998წ. 5 ივლისის ხელშეკრულებაში შპს „კავ-ის” სამართალმონაცვლეობის შესახებ. 1997წ. 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სს „კ-ის” სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ”. ამ ხელშეკრულებით შპს „კავ-მა” იკისრა ვალდებულება, 1997წ. 15 ნოემბრამდე შპს „ბ-ისათვის” გადაეხადა გადარიცხვის გზით 350.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო 150.000 აშშ დოლარი გადარიცხული უნდა ყოფილიყო 1997წ. 15 ნოემბრიდან ტოლი თანხებით _ თითოეული 37.500 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ სამ თვეში ერთხელ. ხელშეკრულების 2.3 პუნქტით შპს „კავ-ის” საფინანსო ვალდებულება _ 500.000 აშშ დოლარი შპს „ბ-ის” მიმართ გადაიხდებოდა ფირმების „ჰ-ისა” და „ბრ-ის” მიერ. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებით, «ბრ-მა» ნაკისრი ვალდებულება 500.000 აშშ დოლარის გადარიცხვის თაობაზე შეასრულა ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, კერძოდ, მის მიერ 350.000 აშშ დოლარი შპს „ბ-ის” ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 1997წ. 13 ნოემბერს, ხოლო 150.000 აშშ დოლარი _ 1998წ. 3 ივლისს. 1997წ. 14 ნოემბერს დაიდო შეთანხმება „შპს კავ-სა” და ფირმა „ბრ-ს” შორის, რომლითაც „შპს კავ-მა” სანაცვლოდ, შესრულების სახით 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნა, თანმხლები მოთხოვნების ჩათვლით სს „კ-ის” მიმართ, გადასცა ფირმა „ბრ-ს”.
სასამართლო კოლეგიამ, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმისა და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ-ის” სამართალმონაცვლე და, შესაბამისად, სს „კ-ის” კრედიტორი 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულების საფინანსო ვალდებულებებზე, ვინაიდან 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით „შპს კავ-მა” აღნიშნული მოთხოვნა გადასცა ფირმა „ბრ-ს”, ამ მოთხოვნის მფლობელი სამოქალაქო სამართლის (1964წ. რედაქციის) კოდექსის 206-ე მუხლის საფუძველზე 1997წ. 14 ნოემბრიდან, გახდა ფირმა „ბრ-ი”. სასამართლო კოლეგიის აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგს: 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმით, კერძოდ, მე-3 და მე-4 პუნქტებით, მხარეები ცალსახად შეთანხმდნენ, რომ 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საფინანსო და სახელშეკრულებო ვალდებულებებზე კრედიტორის „შპს ბ-ის” სრულუფლებიანი სამართალმონაცვლე სს „კ-ის” მიმართ არის შპს „კავ-ი”. ამ ოქმის ძალაში შესვლის წესი განისაზღვრა 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით, რომლის განუყოფელ და შემადგენელ ნაწილსაც ეს ოქმი წარმოადგენს. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს „კავ-ი”, შპს „ბ-ის” სამართალმონაცვლე და სს „კ-ის” კრედიტორი გახდა ფირმა „ბრ-ის” მიერ „ბ-ის” ანგარიშზე კომპენსაციის სახით 500.000 აშშ დოლარის მთლიანი მოცულობით ჩარიცხვის შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ოქმისა და ხელშეკრულების დებულებებში ამგვარი მითითებები მოცემული არ არის. 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ოქმი ოფიციალურად შედის ძალაში ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესრულების მომენტიდან, ხოლო მე-5 პუნქტით, სს „კ-ის” ვალი _ 827.000 ლარი შპს „ბ-ისადმი” ხდება სს „კ-ის” ვალი შპს „კავ-ისადმი” ამ ხელშეკრულების 1.1 და 2 პუნქტების დებულებათა შესრულების შედეგად. ამ პუნქტების დებულებები იმაში მდგომარეობს, რომ შპს „ბ-ი” ხსნის თავის კანდიდატურას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კონკურსიდან სს „კ-ის” აქციათა პაკეტის 51%-ის მართვაში გადაცემის შესახებ და შპს „კავ-ი” იმარჯვებს კონკურსში და ამასთან ერთად, სს „კ-ის” საფინანსო და იურიდიული ა-ორის შემოწმების შედეგები მისთვის მისაღებია.
შპს „ბ-მა” მოხსნა თავისი კანდიდატურა კონკურსიდან და კონკურსში გაიმარჯვა შპს „კავ-მა”. ვინაიდან 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით, ოქმის ძალაში შესვლა დამოკიდებული იყო შპს „კავ-ის” კონკურსში გამარჯვებაზე და მან ამ კონკურსში გაიმარჯვა, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ შპს „კავ-ი” სს „კ-ის” კრედიტორი გახდა კონკურსში გამარჯვების მომენტიდან, ე.ი. 1997წ. 16 ოქტომბრიდან. ასევე 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „კავ-ს” მხოლოდ სს „კ-ის” კრედიტორად გახდომის შემდეგ წარმოეშობოდა შპს „ბ-ისადმი” კომპენსაციის _ 500.000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
შპს „კავ-ის” მიერ ნაკისრი ვალდებულება შპს „ბ-ისათვის” 500.000 აშშ დოლარის ჩარიცხვის თაობაზე შესრულებულ იქნა ფირმა „ბრ-ის” მიერ, ხოლო სანაცვლო შესრულების სახით, შპს „კავ-მა” ფირმა „ბრ-ს” დაუთმო მოთხოვნა სს „კ-ის” მიმართ 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის მოთხოვნას მოპასუხის მიმართ წარმოადგენს რა, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი დავალიანებები, ხოლო მის მიერ ეს მოთხოვნა დათმობილ იქნა ფირმა „ბრ-ისათვის”, სასამართლო კოლეგიამ შპს „კავ-ის” სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება არ არის ნამდვილი, რადგან მას „მეწარმეთა შესახებ» კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, არ ახლავს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორი რ.გ-ისათვის ამგვარი შეთანხმების დადებაზე თანხმობის შესახებ. კოლეგიამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ კანონის” მე-9, 47-ე, 47.3 მუხლებით და ჩათვალა, რომ მოთხოვნის დათმობა არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას სცილდება, რამდენადაც შპს „კავ-ის” წესდებით განსაზღვრულია, რომ მას შეუძლია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, ასევე ის არ არის ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც აუცილებელია პარტნიორთა კრების თანხმობა.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ხანდაზმულად იქნა მიჩნეული მესამე პირის _ ფირმა „ბრ-ის” სარჩელი სს „კ-ის” მიმართ. „ბრ-ის” სარჩელის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე შპს „კავ-იდან” გადაეცა მოთხოვნის უფლება სს „კ-ის” მიმართ, 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე. კოლეგიამ იხელმძღვანელა სკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილით და გაიზიარა მოპასუხე მხარის შესაგებელი მესამე პირის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ფირმა „ბრ-ის” მოთხოვნა სს „კ-ის” მიმართ იყო ხანდაზმული. 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებით ფირმა „ბრ-მა” მიიღო რა მოთხოვნის უფლება 1996წ. 5 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საფინანსო ვალდებულებებზე, ხოლო ამ მოთხოვნების წარმოშობის მომენტად 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით განისაზღვრა 1998წ. 16 ნოემბერი, მას სარჩელის აღძვრის უფლება წარმოეშვა 1998წ. 16 ნოემბრის შემდეგ. პირის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის ან მისი გამოთვლის წესის შეცვლას და დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება პირთა შეცვლის მიუხედავად. მესამე პირის მიერ სარჩელის აღძვრა 2002წ. 28 მაისს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება შპს „ბრ-ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში არ გასაჩივრებულა საკასაციო წესით და იგი კანონიერ ძალაშია შესული. იქიდან გამომდინარე, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე შპს „კავ-იდან” მოთხოვნის უფლება სს „კ-ის” მიმართ გადაეცა ფირმა „ბრ-ს”, ხოლო ფირმა „ბრ-ის” სარჩელი სს „კ-ის” მიმართ კოლეგიის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს „კ-ის” მიმართ უსაფუძვლოა.
კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმების სიყალბის შესახებ. ექსპერტიზის 2004წ. 26 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმებაზე არსებული ხელმოწერა ორიგინალურია და არ არის გადაღებული პირგადასაღები ქაღალდით, არც დაწნევის გზით და მასზე შემდგომი გარსშემოვლით და არც გამჭოლ შუქზე არც ერთი ნიმუშად წარმოდგენილი რ.გ-ის ხელმოწერიდან. ხელმოწერები შეთანხმებაზე და შესადარებელ ნიმუშებზე შესრულებულია ერთსა და იმავე პირის მიერ. ამდენად, შეთანხმების ყალბად გამოცხადება იმ მოტივით, რომ გერმანული ხელნაწერი ტექსტის ბოლო სამ სტრიქონს და ქართული ხელნაწერი ტექსტის ბოლო ორ სტრიქონს შორის ინტერვალებით შემცირებულია და განსხვავდება დანარჩენისაგან, მოკლებულია დასაბუთებას. კოლეგიის აზრით, საფუძველსაა მოკლებული შეთანხმების ყალბად გამოცხადება იმ მოტივითაც, რომ თითქოს იგი დამოწმებულია სხვადასხვა შტამპებით, რამდენადაც სამეწარმეო კანონმდებლობით შტამპი წერილობითი შეთანხმების აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს.
სასამართლო კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება შპს «კავ-მა” გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორის განმარტებით, სს „კ-ის” სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლეობის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებით შპს „კავ-მა” იკისრა ვალდებულება 1997წ. 15 ნოემბრამდე შპს „ბ-ისათვის” უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაეხადა 350 000 აშშ დოლარი, ხოლო 150 000 დოლარი უნდა გადარიცხულიყო სამ თვეში ერთხელ, 37 500 აშშ დოლარის ოდენობით. მითითებული ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა _ ფირმა „ბრ-მა” კასატორის ვალდებულების ანგარიშში შპს „ბ-ს” 1997წ. 13 ნოემბერს ჩაურიცხა 350 000 აშშ დოლარი, ხოლო 1998წ. 3 ივლისს კი ბოლო დარჩენილი თანხა და სწორედ ამ პერიოდიდან წარმოეშვა შპს „კავ-ს” ვალის მოთხოვნის უფლება, რადგანაც თავად დასახელებული, 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულებისა და ოქმის თანახმად, კრედიტორის ცვლილება ძალაში შედიოდა მასში მითითებული პირობების შესრულების შემდეგ. ეს პირობა 1998წ. 3 ივლისს შესრულდა და ამ დღიდან წარმოეშვა კასატორს კრედიტორის უფლებები. აღნიშნული გარემოება, დადგენილია უზენაესი სასამართლოს 2001წ. 3 ოქტომბრის განჩინებაში, რომელშიც მითითებულია, რომ „ბრ-მა” ხელშეკრულებასა და ოქმში მითითებული პირობების შესაბამისად, 1998წ. 3 ივლისისათვის შეასრულა ნაკისრი ვალდებულება _ შპს „ბ-ს” გადაუხადა 500000 აშშ დოლარი, რომლის შემდეგ, ხელშეკრულების თანახმად, ამ ურთიერთობაში სს „კ-ის” კრედიტორი გახდა შპს „კავ-ი” და ვალის მოთხოვნის უფლება მხოლოდ მას წარმოეშვა. ანალოგიური დებულება დაფიქსირდა უზენაესი სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის განჩინებაში, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2003წ. 19 დეკემბრის განჩინებაში კი პირდაპირ არის მითითებული, რომ კანონიერ ძალაშია შესული საოლქო სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილში და ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა მოცემული დავისათვის. ამის საწინააღმდეგოდ კი საოლქო სასამართლოს კოლეგია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შპს «კავ-ს” მოთხოვნის უფლება 1997წ. 14 ნოემბრისათვის უკვე გააჩნდა, რასაც საქმეში არსებული მტკიცებულებების უგულებელყოფის შედეგად აკეთებს, რაც კასატორის აზრით, საკასაციო პრეტენზიას წარმოადგენს.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ს/ს „კ-ის” არგუმენტი, რომ შპს «კავ-ს” მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა. ის ეყრდნობა საქმეში არსებულ 1997წ. 14 ნოემბრის დათარიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თითქოს მოთხოვნის უფლება გააჩნდა ფირმა „ბრ-ს”. შეთანხმების ტექსტის ქართული ვარიანტის მიხედვით, მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ მსჯელობა წარმოდგენილია მომავალ დროში, კერძოდ, «სი-ბი-ემი» გადასცემს სს «ბრ-ს» შესაბამისი ოდენობის მოთხოვნას»; «აქ გათვალისწინებული უფლების «ბაბ-ს» სასარგებლოდ დათმების შემთხვევისას». კასატორის მითითებით, 1997წ. 14 ნოემბრისათვის, მის საზოგადოებას ასეთი მოთხოვნის უფელბა ჯერ არ გააჩნდა. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ იგნორირებულია მისი განმარტება, რომ სასამართლო კოლეგიას, სკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, ეს შეთანხმება ლოგიკურად და გონივრულად უნდა გაეანალიზებინა.
კასატორის მოსაზრებით, 1997წ. 14 ნოემბრის შეთანხმება ყალბია. ექსპერტის 2004წ. 26 აპრილის დასკვნით, სადავო შეთანხმებაზე თარიღი „11\11\97" გადასწორებულია და ამჟამად არსებობს შემდეგი სახით „14\11\97". ამავე დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი საბუთის ტექსტის დასაწყისიდან სტრიქონებს შორის ინტერვალი თითქმის ერთნაირია; ბოლო ორ სტრიქონს აქვს არასწორი ადგილმდებარეობა (ბოლო სტრიქონი ეხება ფურცლის კიდეს, თუმცა ტექსტი გრძელდება მეორე ფურცელზე), ბოლოს წინა სტრიქონი გადაწერილია ბლანკის მონაცემებზე და სტრიქონებს შორის ინტერვალი განსხვავდება ზემოთ არსებული სტრიქონებს შორის ინტერვალისაგან. საბუთზე ქართული ტექსტის ბოლო ორი წინადადება სავარაუდოა მიწერილია შემდგომში. ამავე ექსპერტიზის დასკვნით, „გამოსაკვლევი საბუთი” სავარაუდოა შესრულებულია 1998წ. შემდეგ”. ექსპერტის მითითებულ მოსაზრებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საქმეში არსებულ საბუთებზე, რომლებიც დათარიღებულია 1997-2002 წლებში აღინიშნება ერთნაირი მონაცემები, დამახასიათებელი კომპანია „ბრ-ისათვის”. კასატორმა აღნიშნა, რომ ფირმა „ბრ-მა” ფირმა „ბ-ს” ფული გადაუხადა შპს „კავ-ის” ვალდებულებების ანგარიშში, გადარიცხვის საბუთში მითითებულია 1997წ. 16 ოქტომბრის და არა 1997წ. 14 ნოემბრის. ასეთი შეთანხმება რომ არსებულიყო, გადარიცხვის დოკუმენტში მიეთითებოდა სწორედ 14 ნოემბრის და არა 16 ოქტომბრის შეთანხმება, მით უფრო, რომ როგორც საქმის მასალები მოწმობენ, 1997წ. 13 ნოემბერს განხორციელდა ერთი გადარიცხვა 350000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მომდევნო გადარიცხვა ხორციელდებოდა 1998წ. 3 ივლისს და ამ დოკუმენტშიც გადარიცხვის საფუძვლად სწორედ 1997წ. 16 ოქტომბრის შეთანხმებაა მითითებული. ამდენად, მოვალეს, სს „კ-ს”, ძირითად ვალთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო იმ პერიოდიდან, რა პერიოდიდანაც შპს „კავ-ი” მოთხოვნის უფლების მქონე პირია, კრედიტორია, ანუ 1998წ. 3 ივლისიდან. ხელშეკრულებაში მითითებულია პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კასატორმა მოითხოვა, სს „კ-ს”, დაკისრებოდა ვალი, 827000 ლარი და შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა და განსაზღვრა 0,3 პროცენტის ოდენობით, 1998წ. 3 ივლისიდან 2004წ. 31 მაისის ჩათვლით, რაც შეადგენს 5 485 491 ლარს და, აგრეთვე, პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, თუ საქმეზე საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის კოლეგიას ან პალატას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 1997წ. 16 ოქტომბერს გაფორმდა ოქმი სს „კ-ის” სავალო ვალდებულების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე შპს „კავ-ს”, შპს „ბ-სა” და სს „კ-ს” შორის შპს „კავ-ის” მიერ სს „კ-ის” ყველა საფინანსო ვალდებულების და 1998წ. 5 ივლისის ხელშეკრულებაში შპს „კავ-ის” სამართალმონაცვლეობის შესახებ. 1997წ. 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სს „კ-ის” სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ”. ამ ხელშეკრულებით შპს „კავ-მა” იკისრა ვალდებულება, 1997წ. 15 ნოემბრამდე შპს „ბ-ისათვის” გადაეხადა გადარიცხვის გზით 350.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ქართულ ლარებში, ხოლო 150.000 აშშ დოლარი გადარიცხული უნდა ყოფილიყო 1997წ. 15 ნოემბრიდან ტოლი თანხებით, თითოეული 37.500 აშშ დოლარის ოდენობით ყოველ სამ თვეში ერთხელ. 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, ოქმი ოფიციალურად შედის ძალაში ამ ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესრულების მომენტიდან, ხოლო მე-5 პუნქტით, სს „კ-ის” ვალები შპს „ბ-ისადმი” თანხით 827.000 ლარი ხდება სს „კ-ის” ვალად შპს „კავ-ისადმი” ამ ხელშეკრულების 1.1 და 2 პუნქტების დებულებათა შესრულების შედეგად. სასამართლომ ჩათვალა, რომ 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით, ოქმის ძალაში შესვლა დამოკიდებული იყო შპს „კავ-ის” კონკურსში გამარჯვებაზე, მან ამ კონკურსში გაიმარჯვა და შპს „კავ-ი” სს „კ-ის” კრედიტორი გახდა კონკურსში გამარჯვების მომენტიდან, ე.ი. 1997წ. 16 ოქტომბრიდან. ასევე 1997წ. 16 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტიდან გამომდინარე, შპს „კავ-ს” მხოლოდ სს „კ-ის” კრედიტორად გახდომის შემდეგ წარმოეშობოდა შპს „ბ-ისადმი” კომპენსაციის 500.000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება შპს „კავ-ის” კრედიტორის უფლებების წარმოშობის მომენტის თაობაზე არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. 1997წ. 16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული სს „კ-ის” სავალო ვალდებულებების სამართალმონაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე 1997წ. 16 ოქტომბრის ოქმის ძალაში შესვლის წესის შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა რა სამართალმონაცვლეობის მომენტი, მხარეები შეთანხმდნენ ამ მომენტის დადგომის რამდენიმე არსებით პირობაზე (პუნქტების 1.1 და 2 დებულებათა შესრულება). სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იმსჯელა მხოლოდ ერთ-ერთ პირობაზე _ შპს „კავ-ის” კონკურსში გამარჯვებაზე, ხოლო სხვა პირობებისათვის არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მიუცია, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის თაობაზე.
საოლქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მხარეებს შორის არსებულ დავას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «კავ-ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.