გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.03.2005
საქმის ნომერი
ას-78-414-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-78-414-05 25 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: დავალიანების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში განიხილებოდა სს „შ.-ის” სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 6 ივლისის გადაწყვეტილებაზე და შპს „ა.-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი. საქმის განხილვა დანიშნული იყო 2004წ. 22 სექტემბერს, რაზედაც მხარეებს თავის დროზე ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პალატის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე სს „შ.-ი”, რომელმაც სასამართლოს (მოსამართლის თანაშემწეს) წარუდგინა ამ ბანკის ლიკვიდატორის _ რ. ზ.-ის წერილი, რომლითაც სასამართლოს აცნობა, რომ სს „შ.-ის” წარმომადგენელი – ადვოკატი ჟ. ლ.-ე 2004წ. 21 სექტემბერს მივლინებულია სხვა სასამართლოში სამოქალაქო საქმეების განხილვასთან დაკავშირებით, რის გამოც მოითხოვდა სხდომის გადადებას სხვა დროისათვის. წერილს თან ერთვოდა სასამართლოში ვინმე მ. თ.-ის საქმეხე ჟ. ლ.-ის სახელზე შედგენილი უწყება.

მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს წინაშე სსსკ 387-ე მუხლის თანახმად იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც პალატის მიერ დაკმაყოფილდა

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით საჩივარი შემოიტანა გამოუცხადებელმა მხარემ. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საჩივარი დასაშვებია და მიიღო იგი განსახილველად.

მომჩივანი მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლოსათვისათვის რაკი ცნობილი გახდა მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი, იგი საკმარისი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისათვის. გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებულ სხვა უსწორობებზეც.

მოწინააღმდეგე მხარემ პალატაში შემოიტანა შეპასუხება საჩივარზე, რომლითაც იგი მიუთითებს, რომ არ არსებობს მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც საფუძვლად დაედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ რაკი წარმომადგენელს სხდომაზე გამოცხადების საშუალება არ ჰქონდა, თვით იურიდიული პირის ხელმძღვანელობა უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე ან ამის თაობაზე დროუოლად უნდა ეცნობებინა სასამართლოსაათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ სს „შ.-ის” საჩივრის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: სააპელაციო პალატაში მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2004წ. 22 სექტემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სსკ-მის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამას მხარეები სადავოდ არ ხდიან. მთავარი სხდომის დღეს სასამართლოს (მოსამართლის თანაშემწეს) მესამე პირმა გადასცა სს „შ.-ის” ლიკვიდატორის წერილი, რომლითაც იგი ატყობინებდა სასამართლოს, რომ ბანკის წარმომადგენელი ჟ. ლ.-ე სხვა სასამართლო პროცესზე იყო მოწვეული თბილისის საოლქო სასამართლოში და ვინაიდან ქ. ბათუმში სხდომას ვერ დაესწრებოდა, მოითხოვა სხდომის სხვა დროისათვის გადადება. სხვა რაიმე ინფორმაცია სს „შ.-ს” არ წარმოუდგენია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, პალატის აზრით, არ შეიძლება გამოდგეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად. პალატა ვერ გაიზიარებს მომჩივანის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომლის გამოც მან ვერ შეძლო მთავარ სხდომაზე გამოცხადება, რადგანაც დაუძლეველი ძალა ან სხვა ისეთი მოვლენები, რომლის არსებობაც ხელს უშლის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში (მიწისძრა, ხანძარი), ანუ ეს ისეთი მოვლენებია, რომლებიც აბრკოლებენ ან შეუძლებელს ხზდიან მხარის ნების განხორციელებას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ თავიანთი შინაარსის არაორდინარობით. დაუძლეველი ძალის ან სხვა ისეთი მოვლენების დროს საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როცა მხარე აშკარად გამოხაიტავს თავის ნებას სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ, მაგრამ ამ ნების განხორციელება შეუძლებელია მისგან დამოუკიდებელი, უფრო მეტიც, დაუძლეველი ძალის გამო. მოცემულ შემთხვევაში კი სს „შ.-ი” სხდომის დღეს მოითხოვს საქმის განხილვის გადადებას, რითაც აშკარად არ გამოხატავს სხდომაზე გამოცხადების ნებას. ამასთან, სსკ-ის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პირობად ასახელებს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებს, რასაც პალატა ვერ იზიარებს ზემოთ მითითებული განმარტებით, რადგანაც დაუძლეველ ძალას არ ჰქონდა ადგილი და სხვა საპატიო მიზეზები, რომლის შესახებაც მხარეს არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის საჩივარში არ არის მითითებული. პალატა ჯერ ერთი, საპატიოდ ვერ ჩათვლის იმ გარემოებას, რომ ბანკის ადვოკატი – წარმომადგენელი ჟ. ლ.-ე (რომლის მინდობილობას გასული ჰქონდა ვადა 2003წ. 21 ნოემბერს, ხოლო ახალი კი წარმოადგინა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ) სხვა სასამართლოში მიწვეული იყო სხდომაზე ვინმე მ. თ.-ის ინტერესების დასაცავად (და არა ბანკის ინტერესების დასაცავად). ასეთ შემთხვევაში სს „შ.-ს” შეეძლო დროულად მაინც ეცნობებინა მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოსათვის. ამდენად, პალატა თვლის, რომ მხარის მიერ მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი არც საპატიოა, არც დროულად ნაცნობებია სასამართლოსათვის, რის გამოც არ არსებობს სსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „შ.-ის” ლიკვიდატორის რ. ზ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.